წმინდა მოწამე სოზონ კილიკიელი (+304 წელი) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
წმინდა მოწამე სოზონ კილიკიელი (+304 წელი) - 7 (ახალი სტილით - 20) სექტემბერი
წმინდა სოზონი წარმოშობით მცირე აზიიდან - ლაკონიიდან გახლდათ და ავადსახსენებელი დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა.

ნათლისღებამდე ტარასი ერქვა და მწყემსი გახლდათ, რამაც შემდგომ ადამიანთა სულების მწყსვაშიც განსწავლა: - თავისი ოქრონეტარი სიტყვით მრავალი წარმართი მოაქცია.

ერთხელ, წმინდა გამოცხადებით ეუწყა, რომ დადგა ჟამი, როდესაც რწმენა საკუთარი სისხლით უნდა დაემოწმებინა, კილიკიას, ქალაქ პომპეოპოლს ჩავიდა და წარმართულ საკერპოში შევიდა, სადაც არტემიდას ოქროს ქანდაკს სცემდნენ თაყვანს.

სოზონმა კერპს ხელი მოამტვრია, დაანაწევრა და უპოვართ დაურიგა.

როდესაც წარმართებმა ეს ამბავი შეიტყვეს, გაცეცხლდნენ, თუმცა, არანაკლებ გაოცდნენ, როდესაც ნეტარმა თავად აღიარა ყოველივე.

სოზონი იქვე შეიპყრეს და კილიკიის მმართველ მაქსიმიანეს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა ისე გვემა, ლამის სული ამოხადა, თუმცა, ნეტარის ქრისტესადმი სიყვარულს ვერა დააკლო რა.

მაშინ ისღა დარჩენოდა, "თავხედისათვის" ლურსმნებამოჩრილი რკინის სანდლები ჩაეცმიათ და ისე ერბენინებინათ.

სოზონი კი სიხარულით შეჰყურებდა საკუთარი სისხლით მორწყულ მიწას.

მარტვილი იმდენ ხანს გვემეს, სანამ ხორცი საზარლად არ დაეფლითა და ალაგ-ალაგ ძვლები და შინაგანი ორგანოები არ გამოუჩნდა, სოზონმა კი სიხარულით შეჰვედრა სული უფალს.

როდესაც მისი სხეულის დასაწვავად ჯალათებმა კოცონი დააგზნეს, უეცრად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ცეცხლი ჩაქრო. შიშით თავზარდაცემული წარმართები იქაურობას უკანმოუხედავად განერიდნენ, ქრისტიანებმა კი მოწამის სხეული კრძალვით აღიღეს და პატივით მიაბარეს მიწას.

კონდაკი: ჭეშმარიტსა და ღმერთშემოსილსა მოწამესა, და მოღუაწესა კეთილმსახურებისასა გამოცდილსა, შემოკრებულნი დღეს ხმამაღლად შევასხმიდეთ სოზონტის, მესაიდუმლოესა მადლისასა, და საკვრველებითა მდიდრად მომნიჭებელსა, რამეთუ ევედრების ქრისტესა ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვა
1კ1