წმინდა მღვდელმოწამე მაქსიმე (სანდოვიჩი) - 6 (ახალი სტილით - 19) სექტემბერი
წმინდა მღვდელმოწამე მაქსიმე (სანდოვიჩი) - 6 (ახალი სტილით - 19) სექტემბერი
წმინდა მაქსიმე 1882 წელს დაიბადა კარპატებში, სოფელ ჟდინაში (იმ დროს ეს ადგილი ავსტრია-უნგრეთს ეკუთვნოდა).

ნეტარს ბავშვობიდანვე გამოარჩევდა საკვირველი ზნეკეთილობა, - მოსწავლეობისას უთენია დგებოდა, რომ თავის ოთახში ლოცვების წაკითხვა და გალობა მოესწრო, მონაზვნობა სწყუროდა და როგორც კი სკოლა გაასრულა, ერთ-ერთ ადგილობრივ უნიატურ მონასტერს სამორჩილოდ მიაშურა.

თუმცა, იქაურმა სულისკვეთებამ მალევე განიზიდა და სამი თვის შემდგომ პოჩაევოს ლავრას შეერთო.

ჯერ ისევ მორჩილი გახლდათ, სავანეს კიევის მიტროპოლიტი, ანტონი (ხრაპოვიცკი, 1863-1836 წლები) რომ ესტუმრა, იღუმენს სთხოვა, ერთ-ერთი მორჩილი სემინარიაში სასწავლებლად აგეყოლებინა, რომელსაც შემდგომ ბერად აღკვეცდა და კარპატებში იმ უკრაინელ უნიატთა განსამტკიცებლად წარგზავნიდა, რომლებიც დედაეკლესიას დაუბრუნდნენ.

იღუმენმა არჩევანი მაქსიმეზე შეაჩერა.

ჟიტომირის სემინარიის დასრულების შემდეგ მაქსიმე ბელორუს გოგონაზე დაქორწინდა და 1911 წელს მღვდლად ეკურთხა.

მიტროპოლიტმა ანტონმა კიევს დარჩენა შესთავაზა, თუმცა, მაქსიმემ იუარა, კვლავ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა, მშობლიური სოფლის სიახლოვეს მდებარე გრაბეში იწყო მსახურება და XVIII საუკუნეში კარპატების უნიასთან მიერთების შემდგომ პირველად წირა მართლმადიდებლურად.

ერთ დღეს ახლობლებთან მიმავალი შეიპყრეს, შვიდდღიანი პატიმრობა და დიდი ჯარიმა მიუსაჯეს, თუმცა, ამის მიუხედავად, მამა მაქსიმეს მსახურებას აგრძელებდა, რამაც უარესად გააღიზიანა უნიატები.

1912 წლის მარტში ნეტარი კვლად დააპატიმრეს და ლვოვის ციხეში უკრეს თავი. სასამართლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაქსიმეს ბრალად მართლმადიდებლობის ქადაგება, ძველსლავურ საეკლესიო ენაზე წირვა და ავსტრია-უნგრეთის მოწინააღმდეგესთან - რუსეთთან თანამშრომლობა წაუყენეს.

მაქსიმე კი მსაჯულთა ყოველ ბრალდებაზე პასუხობდა, - ჩემი პოლიტიკა - ოდენ წმინდა სახარებააო!

მრავალრიცხოვან ცრუმოწმეთა, დამცირების, იზოლაციისა და ტანჯვის მიუხედავად, ნეტარი 1914 წლის ივნისში გაამართლეს და თანამოაზრეებითურთ გაათავისუფლეს.

ჯანშერყეული მაქსიმე კვლავ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, მაგრამ აგვისტოში, - პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდგომ ავსტრია-უნგრეთის ხელისუფლებამ ისევ დაატყვევა, თუმცა, ამჯერად ფეხმძიმე მეუღლით, მამით და რამდენიმე მართლმადიდებელი თანასოფლელითურთ.

ისინი ქალაქ გორლიცის ციხეში გამოკეტეს. 1914 წლის 6 სექტემბერს მოსამართლემ მაქსიმეს გამოუძიებლად მიუსაჯა სიკვდილი, ნეტარი საკნიდან გამოიყვანეს და სხვა მართლმადიდებელ ტუსაღთა თვალწინ დახვრიტეს, მაგრამ სანამ მიწაზე დაეცემოდა, ძალა მოიკრიბა და იყვირა:

- გაუმარჯოს მართლმადიდებლობას!

ამან ისე გაამწარა ერთ-ერთი ჯალათი, სულთმობრძავს ეცა და ხანჯლით განგმირა.

ნეტარი მამის წმინდა ნაწილთა მშობლიურ სოფელში გადაბრძანება და იქაური ტაძრის სიახლოვეს დაკრძალვა მხოლოდ 1922 წელს მოხერხდა.

ბეჭდვა
1კ1