მღდელმოწამე ბაბილა, დიდი ანტიოქიელი პატრიარქი და მის თანა სამნი ყრმანი მოწამენი: ურბანი, პრილიდიანე და ეპოლონი (+250/51 წლები) - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
მღდელმოწამე ბაბილა, დიდი ანტიოქიელი პატრიარქი და მის თანა სამნი ყრმანი მოწამენი: ურბანი, პრილიდიანე და ეპოლონი (+250/51 წლები) - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
ღირსი ბაბილა ანტიოქიის ეპისკოპოსის, ზავენის (230 - 238 წლები) სულიერი მემკვიდრე გახლდათ და სირიის მიტროპოლიას სიბრძნით განაგებდა თორმეტი წლის (238 - 250 წლები) მანძილზე.

სისასტიკით განთქმულმა იმდროინდელმა იმპერატორმა (წმინდა სვიმეონ მეტაფრასტის მოწმობით, რომელსაც ნიკოდიმოსის "სვინაქსარიც" იზიარებს, რომს ნუმერიანე მართავდა, რაც ნაკლებ სარწმუნოა, რადგან ნუმერიანე მოგვიანებით, - დაახლოებით, 284 წელს გაიმპერატორდა. ევსევი კესარიელი და წმინდა იოანე ოქროპირი (სიტყვა წმინდა ბაბილას შესახებ) კი იმპერიის იმჟამინდელ მმართველად ფილიპე არაბს ასახელებს (244 - 249 წლები), რაც სინამდვილეს შეესაბამება) მრავალი ბოროტება ჩაიდინა და კერპებს თავისი მძევალი, სპარსეთის მეფისწულიც კი შესწირა, შემდეგ თავისი რისხვა ქრისტიანთ დაატეხა და ტაძრები შებილწა.

ანტიოქიაში, აღდგომის წინადღეს, ფილიპემ ტაძარში მოინდომა შებრძანება, ღვთისმსახუება დაწყებული იყო, მაგრამ ნეტარმა საღვთო რისხვით აღვსილმა, სამღვდელმთავროდ შემოსილმა ბაბილამ არ შეუშვა.

გაოცებულმა იმპერატორმა, რომელიც იქ შეკრებილი ხალხის გაღიზიანებას მოერიდა, მღვდელმთავარს დამორჩილდა, მაგრამ მომდევნო დღეს ეპისკოპოსი შეიპყრო და სასამართლოს წარუდგინა.

მისი სული ვერც ლიქნით მოსდრიკა მტარვალმა, ვერც - მუქარით.

მაშინ მტარვალმა ბაბილას კისერსა და ფეხებზე მძიმე ჯაჭვი დაადო და ქალაქში გააყვანინა, რომ ხალხის წინაშე დაემცირებინა, ბაბილამ კი ეს უთხრა იმპერატორს:

- ჯაჭვი, შენ რომ სამარცხვინო გგონია, ჩემთვის იმ გვირგვინსა და სამოსზე ძვირფასია, შენ რომ გმოსავს!

წმინდანის მოწაფეთა შორის იყვნენ სამი ბიჭუნა, - ხორციელნი ძმანი, - ურბანი (12 წლის), პრილიდიანე (9 წლის) და ეპოლონი (7 წლის) , რომელთაც ისე შეჰყვარებოდათ მოძღვარი, ციხის კარამდე მიჰყვნენ.

ბავშვები შეიპყრეს და ისინიც იმპერატორს წარუდგინეს, რომელმაც ყოველგვარად სცადა, ყრმათათვის ქრისტეზე უარი ეთქმევინებინა, თუმცა, ამაოდ.

მაშინ სასამართლოს მათი დედა წარუდგინეს, რომელმაც ასეთივე სიმტკიცე გამოიჩინა. იმპერატორმა ბრძანა, ქალისთვის სახეში ეცემათ, ბავშვებს კი იმდენი როზგი განუწესა, რამდენი წლისანიც იყვნენ, შემდეგ კვლავ უხმო ბაბილას და იცრუა, - შენმა მოწაფეებმა ქრისტეზე უარი თქვეს და კერპებს მსხერპლი შესწირესო, მაგრამ ბაბილამ, რომელსაც სულიერ შვილთა სიმტკიცეში ეჭვი არ ეპარებოდა, ტირანი სიცრუეში ამხილა.

მისმა სიტყვამ მოთმინების ფიალა აღუვსო ფილიპეს და ბრძანა, ბაბილასა დამ ის მოწაფეთათვის თავნი წარეკვეთათ.

წმინდა ბაბილა ანტიოქიაში დაკრძალეს და ამ ქალაქის მფარველად ითვლებოდა.

ასი წლის შემდგომ მისი წმინდა ნაწილნი ანტიოქიიდან მის გარეუბანში, - დაფნიში გადააბრძანეს და აპოლონის სახელგანთქმული ტაძრის სიახლოვეს მის პატივად ტაძარი აღმართეს.

როდესაც იულიანე განდგომილმა (361 - 363 წლები) წარმართობისთვის ძველი პატივის დაბრუნება და აპოლონის ტაძრის აღდგენა განიზრახა, აღიარა, რომ მრავალრიცხოვანი მსხვეროლის შეწირვის შემდგომ ორაკული დუმდა, ყოველივე წმინდა ბაბილსა დააბრალა და მისი წმინდა ნაწილების იქიდან გადატანა ბრძანა.

ქრისტიანებმა სიწმინდე ფსალმუნთგალობით გადააბრძანეს წმინდა ბაბილას სხეული ძველ სამარეში, მომდევნო ღამეს კი ღვთის რისხვა ქარიშხლად დაატყდა იქაურობას, აპოლონის კერპი მტვრად აქცია, ტაძარი კი საფუძვლამდე დააქცია.

გაცოფებულმა იულიანემ ანტიოქიის ტაძრის დახურვა და ქრისტიანთა დევნა ბრძანა, თუმცა, ნეტარი ბაბილას წმინდა ნაწილთ შიშით ვერ შეეხო.

კონდაკი:

ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა სიმტკიცესა, გადიდებთ შენ ბაბილა დიდებულო, დღეს განათლებულნი, სოფელსა შინა აღვასრულებთ დიდებასა და ქებასა შენსა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, დაგვიფარენ ქრისტეს მიმართ ვედრებითა სენითა, ჰოი მრავალმოღუაწე.

ბეჭდვა
1კ1