წმინდა მღვდელმოწამე პიმენი, ვერნენის ეპისკოპოსი - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
წმინდა მღვდელმოწამე პიმენი, ვერნენის ეპისკოპოსი - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
წმინდა პიმენი (ბელოლიკოვი) 1879 წელს, ნოვგოროდის გუბერნიაში, სოფლის მღვდლის ოჯახში დაიბადა.

კიევის სასულიერო აკადემია წარჩინებით დაამთავრა, 1904 წელს მღვდლად იკურთხა და მისიონერად სპარსეტში, ურმიის მხარეში იმ ერთობის წინამძღვრად წარიგზავნა, ნესტორიანელობიდან მართლმადიდებლებად რომ მოიქცნენ.

ღირსმა მამამ მოკლე დროში შეისწავლა ძველი და თანამედროვე ასირიული ენა და თურქულის ის დიალექტიც, იმ ადგილებში რომ მეტყველებდნენ.

ღირსი ნიკოლოზ იაპონელის (ხსენება 3 თებერვალს) რჩევით, პიმენმა სკოლა შექმნა, სამისიონერო გაზეთი გამოსცა და ასირიელ წმინდანთა ცხოვრებანი შეისწავლა.

მისი მოღვაწეობა სპარსეთის 1906-19011 წლების სისხლიანმა დაპირისპირებებმა დააბრკოლა, რის შედეგადაც რუსეთს დაუბრუნდა და ვლადიკავკაზში, არდონის სემინარია ჩააბარეს.

მოკლე ხანში კვლავ სპარსეთს დაუბრუნდა და მისია განაგრძო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის გამო კვლავ შეწყვიტა.

1914 წელს ნეტარი მამა პერმის სემინარიის რექტორად გაამწესეს, სადაც რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, ხალხის ზნეობრივი დეგრადაციის აღკვეთას და სულიერ ფასეულობებთან დაბრუნებას რომ ისახავდა მიზნად.

1916 წელს პიმენს ურმიის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი, 1917-ში კი დღევანდელი ალმა-ათის, იმ დროს კი - ვერნის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1918 წლის სამოქალაქო ომის ჯამს წმინდა პიმენმა უშიშრად ამხილა წითელი ხელისუფლება და ღიად დაუპირისპირდა ბოლშევიზმს და ხალხის იმგვარი პატივისცემა მოიპოვა, ხელისუფლებას სხვა აღარაფერი ადრჩენოდა, თუ არა - გაუსამართლებლად დახვრეტა, რაც 1918 წლის 16 სექტემბერს აღასრულა კიდეც.

მისი სიკვდილით დასჯის ადგილას საბჭოთა პერიოდშივე უამრავი მორწმუნე იყრიდა თავს, თუმცა, მისი წმინდა ნაწილთა ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

* * *

ხსენება მღვდელმოწამეთა: სერგი ფენომენოვისა, ვასილ კოლმიკოვისა, ფილიპე შაცკოსი, ვლადიმერ დმიტრიევსკისა, პრესვიტერთა, ღირსმოწამისა მელეტისა (გოლოკოსოვისა), მღვდელმონაზვნისა (+1918 წელი), მღვდელმოწამეთა: ვასილ კრასივსკიხისა და პართენ კრასივსკიხისა, პრესვიტერთა (+1919 წელი), მღვდელმოწამეთა: ანდრია დალნიკოვისა და თეოფანე სოკოლოვისა, პრესვიტერთა (+1920 წელი), მღვდელმოწამეთა: ვლადიმირ სადოვსკისა და მიხეილ სუშკოვისა, პრესვიტერთა (+1923 წელი), მღვდელმოწამისა ექვთიმე კრუგლოვისა, პრესვიტერისა და მასთან ოთხთა მოწამეთა (+1924 წელი), მღვდელმოწამისა რომან მარჩენკოსი, პრესვიტერისა (+1929 წელი), მღვდელმოწამეთა: ალექსი ზინოვიევისა და ილია ბაჟანოვისა, პრესვიტერთა (+1937 წელი) და მღვდელმოწამისა პეტრე სოროკინისა, დიაკონისა (+1953 წელი)

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ხარიტონისა, განავლით სავსე ორმოში შთაგდებულისა

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა არხონტიონისა, შიმშილით მომწყდარისა

* * *

ხსენება შვიდი ნიშაპურელი მოწამისა

ბეჭდვა
1კ1