წმინდა მოწამე პოლიდორე ახალეფესელი - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
წმინდა მოწამე პოლიდორე ახალეფესელი - 03 (ახალი სტილით - 16) სექტემბერი
წმინდა პოლიდორე კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მომლოცველ ლუკას და ლურდანის ოჯახში იშვა.

რომ წამოიზარდა, სამშობლო მიატოვა და ეგვიპტეში ვაჭრობას მიჰყო ხელი.

ერთხელ, დღესასწაულზე ღვინო მოერია, რითაც მისმა თურქმა მეგობრებმა ისარგებლეს, ქრისტეზე უარი ათქმევინეს და ისლამი მიაღებინეს.

გონს რომ მოვიდა, საკუთარმა დაცემამ შეძრა, იქაურობა მიატოვა და ბეირუთს იქაურ ეპისკოპოსთან აღსარების სათქმელად ისწრაფა.

წინამძღვარმა აკურთხა, დიდი მარხვისას ლიბანის მთებში მდებარე ერთ მონასტერში განმარტოებულიყო, ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ კი გადაწყვიტა, ცოდვა სისხლით გამოესყიდა, კვლავ ეგვიპტეს დაუბრუნდა, თუმცა, გზად ქარბუქის გამო კუნძულ ქიოსზე შეჩერდა.

იქიდან სმირნას ჩააღწია და რჩევისათვის მრავალ ღვთივგანბრძნობილ მამას მიაკითხა, რომელთაგან ბევრმა მოწამებრივი ღვაწლისათვის არ აკურთხა.

პოლიდორე კვლავ ქიოსს დაუბრუნდა ღირს მაკარი კორინთელს (ხსენება 17 აპრილს) მიაკითხა, რომელმაც განაზრახის გამოცდა მკაცრი მოღვაწეობითა და სინანულით ურჩია.

მონასტერში ორმოცდღიანი მოშურნე ღვაწლის შემდგომ, პოლიდორი დედა ეკლესიას დაუბრუნდა.

მიიღო რა ნანატრი კურთხევა, წმინდანი სასწრაფოდ გამოემართა ახალი ეფესოსკენ, თურქ მსაჯულს წარუდგა და აუწყა, - რამდენიმე წლის წინ ისლამი მივიღე, ახლა კი კვლავ ქრისტეს დავუბრუნდი და მზად ვარ, მის გამო ყოველგვარი სალმობა დავითმინოო!

რამდენადაც მსაჯული რელიგიისადმი გულგრილი გამოდგა და თან არასასურველი სირთულეების თავიდან აცილება სურდა, პოლიდორეს შესთავაზა, ყოველივე თავად გადაეწყვიტა, მაგრამ მოწამე ისე მხურვალედ ამოწმებდა თავის რწმენას, სხვა გზარ აღარ დარჩა და საპყრობილეს უკრა თავი.

თურქებმა იქ მთელი ღამე ტანჯეს, იღლიებში გახურებული აგურები ამოუჩარეს და ასე აიძულეს დგომა, გამთენიისას კი კვლავ სასამართლოს წარუდგინეს, დაკითხვის შემდგომ კი, რომლის განმავლობაშიც დარწმუნდნენ, პოლიდორე ისლამს აღარ შეიწყნარებსო, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და სასჯელის აღსრულების ადგილამდე მიიყვანეს. ხოლო როდესაც თავზე ყულფი ჩამოაცვეს, აღმოხდა:

- მე ქრისტიანი ვარ, ქრისტიანი, ქრისტიანი!

წმინდა პოლიდორე 1794 წელს ევნო ქრისტესთვის.

ბეჭდვა
1კ1