წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად ვნებულნი (+302 წელი) - 03 (16) სექტემბერი .
წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად ვნებულნი (+302 წელი) - 03 (16) სექტემბერი .
წმინდა ანთიმოზი ნიკომიდიის ეკლესიას III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრობდა.

დიოკლეტიანეს ბრძანებით, ნიკომიდიის ტაძარი გადაწვეს, რასაც ოცი ათასი ქრისტიანი ემსხვერპლა (მათ ხსენებას ეკლესია 28 დეკემბერს აღნიშნავს).

წმინდა მამა სამწყსოსთან ერთად დაითმენდა ამ განსაცდელს და სულიერ შვილებს განამტკიცებდა.

იმპერიაში ქრისტიანებს უმოწყალოდ დევნიდნენ, - დიოკლეტიანეს მათთვის სხეულის დანაწევრება, ცეცხლში დაწვა, ზღვაში დახრჩობა ეცოტავა - ადრე გარდაცვლილ ქრისტიანთა ცხედრები საფლავებშიც არ მოასვენა და ისევე მოექცა, როგორც ცოცხლებს.

ამ დროს ნიკომიდიელთა ეპისკოპოსი, წმინდა ანთიმოზი, ყველასგან დაუფარავად თავისი ეპისტოლეებით ამხნევებდა დატუსაღებულ ქრისტიანებს. მღვდელმთავარს სიკვდილის არ ეშინოდა, მხოლოდ დროზე ადრე არ უნდოდა აღსრულებულიყო, რათა განემტკიცებინა თავისი სამწყსო, რომელსაც კერპთაყვანისცემას აიძულებდნენ.

წმინდა ანთიმოზის ადგილსამყოფელს მიაგნეს. გახარებულმა ჯალათმა მის შესაპყრობად ჯარისკაცები გაგზავნა.

ნეტარი გამოეგება,

- სად ცხოვრობს ანთიმოზი, ქრისტიანთა მასწავლებელი? - ჰკითხეს ჯარისკაცებმა.

- მე შეგაპყრობინებთ ეპისკოპოსს, ოღონდ მცირე ხნით მესტუმრეთ და დაისვენეთ, - მიუგო და გაიფიქრა: - ღმერთმა ინება ჩემი თავშესაფრის გამომჟღავნება. ვხედავ, მას სურს, არა მარტო ჩემი სამწყსო გავუშვა ადგილსა ნათლისასა, არამედ გარვუძღვე კიდეც... ჩემი დროც დამდგარა... დიდება შენდა, ღმერთო!

ზომიერი ტრაპეზის შემდეგ წმინდანი წამოდგა და ჯარისკაცებს მიმართა:

- ახლა აღასრულეთ, რაც დაგავალეს. მე ვარ ანთიმოზი, ის, ვისაც ეძებთ!

გაოცდნენ ჯარისკაცები, ცალკე ჭაღარა მოძღვრის სათნო სახემ მოულბოთ გული, ცალკე კი - მისმა მასპინძლობამ. მოითათბირეს და მღვდელმთავარს უთხრეს: - დაიმალეთ, ჩვენ კი წარმგზავნელთ დავუმოწმებთ, რომ ვერ ვიპოვეთო!

- არა, ¬- გაწყრა ანთიმოზი, - დიდი ცოდვაა ნებისმიერი კაცის მოტყუება, მით უმეტეს, - საკუთარი ხელმწიფისა. თქვენი საქმის აღსრულებისას დამნაშავე არ ხართ, დამნაშავე მეფეა, რომელიც უსჯულოებას სჩადისო!

საწამებლად მიმავალი ღირსი მამა ჯარისკაცებს ღვთის სიტყვას ასწავლიდა, ერთ - ერთ მდინარეს რომ მიუახლოვდნენ, მონათლა კიდეც.

წმინდანი იმ დროს ნიკომიდიაში მცხოვრებ იმპერატორს წარუდგინეს, წინ საწამებელი იარაღები დაულაგეს, თუმცა, ამით მისი სული, ვითარცა ოქრო გამოხურვებული, ოდენ განამტკიცეს და ვერც საზარელი წამებით მოსდრიკეს: - ჯერ გაროზგეს, შემდეგ - გავარვარებული რკინის ფეხსაცმლის ჩაცმა აიძულეს და ისე ატარეს, ბორბალზე გააკრეს და ხელ - ფეხი დაუმსხვრიეს, სხეული კი ცეცხლმოდებული მაშხლებით ამოუწვეს.

აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე წმინდა მამამ წარმართული იმპერიის აღსასრული და ქრისტიანობის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, რამაც ისე გააცოფა დიოკლეტიანე, სამოსი შემოიხია და ანთიმოზისთვის თავის წარკვეთა ბრძანა.

ნეტარის აღსრულების შემდგომ მის თავზე (იგი დღემდე ათონზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში განისვენებს) თმამ ზრდა განაგრძო, მისი სამარიდან გამუდმებით აღმოდის კეთილსურნელება.

03 (16) სექტემბერს წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზთან ერთად იხსენიება მასთან ერთად ვნებულნი: თეოფილე დიაკონი, დოროთე, მარდონიოსი, მიგდონიოსი, პეტრე, ინდისი, გორგონიოსი, ზენონი, დომნა ქალწული, ექვთიმე და სხვანი.

წმინდა ანთიმოზი ნიკომიდიის მფარველად ითვლებოდა.


კონდაკი: მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინებულმან, წამებისა გზისა სრუმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალექმნილმან სამწყსოა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდულმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.

ბეჭდვა
1კ1