წმინდა მოწამე მამანტი, მამა მისი თეოდორე და დედა მისი რუფინა (+275 წელი) - 2 (ახალი სტილით - 15) სექტემბერი
წმინდა მოწამე მამანტი, მამა მისი თეოდორე და დედა მისი რუფინა (+275 წელი) - 2 (ახალი სტილით - 15) სექტემბერი
ეს წმინდა მამა წარმოშობით პაფლაგონიიდან, ქალაქ განგრადან იყო. მისი მშობლები, თეოდოტე და რუფინა ქრისტეს დაუფარავად ესავდნენ, რის გამოც წარმართებმა შეიპყრეს და კესარიის ციხეში გამოკეტეს.

სწორედ იქ, ციხის ბნელ და ნესტიან საკანში მოევლინა ქვეყნიერებას 260 წელს წმინდა მამანტი.

თეოდოტე და რუფინა გადასახლებაში აღესრულნენ, ყრმა მამანტი კი ერთმა წარჩინებულმა და განათლებულმა ქალბატონმა, ამიამ (სხვა წყაროს მოწმობით - მატრონამ) იშვილა.

თორმეტი წლისა იმპერატორის მეომრებმა იმ მიზეზით შეიპყრეს, რომ ზევსის პატივად გამართულ ზეიმზე კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა და სკოლის ამხანაგთ ქრისტეს უქადაგებდა.

თავიდან კესარიის მმართველ დემოკრიტეს მიჰგვარეს, რომელმაც, შეიტყო რა მამანტის კეთილშობილური წარმომავლობის შესახებ, იმპერატოს აურელიანესგაუგზავნა, რომელიც იმ დროს კილიკიის ქალაქ ეგში იმყოფებოდა.

ტირანმა თავიდან ლიქნით სცადა ყმაწვილის დაყოლიება, სერაპისისთვის მსხვერპლი შეეწირა, თუმცა, მამანტის ალმასისებრ მტკიცე სულს, ცეცხლზე უმხურვალესად რომ წვავდა საღვთო შური, ვერა დააკლო, მაშინ ყმაწვილის სიმტკიცით ცოფქმნილმა ჯერ როზგებით ტანჯა "ურჩი", შემდეგ - კეტებით.

- მხოლოდ თქვი, რომ ღმერთებს მსხვერპლი უკვე შესწირე და თავისუფლებას გიბოძებ, - სთავაზობდა აურელიანე, მამანტი კი პასუხობდა:

- არც გულით, არც ბაგით და არც სიტყვით არ განვუდგები ქრისტეს, არამედ გმადლობ, რომ ამ წამებით ჩემი უფალი კიდევ უფრო შემატკბე და მასთან შემაერთე!

ჯარისკაცებმა ცეცხლმოდებული მაშხლებით ამოუწვეს სხეული, ქვები დაუშინეს, ძვალნი შეუმუსრეს და მეტალის ბარგგამობმული ზღვას მისცეს, საიდანაც ღვთის ანგელოსმა უვნებლად დაიხსნა და კესარიის მთის წვერზე სასწაულებრივად გადაიყვანა.

მამანტი იქ ველურ მხეცთა შორის ცხოვრობდა და განუწყვეტლივ ეზრახვოდა უფალს.

გამოხდა ხანი და კაპადოკიის ახალმა გამგებელმა, შეიტყო რა ახალგაზრდა მოღვაწის შესახებ, მის შესაპყრობად ცხენოსნები გაგზავნა.

ამის შესახებ მამანტის ღვთივ ეუწყა, მომხვდურნი მიიღო, პურით და ყველით გაუმასპინძლდა და მტარვალთ საკუთარი ფეხით გაჰყვა.

ნეტარი კვლავ საზარლად ტანჯეს: - ჯერ გახურებულ ღუმელში უკრეს თავი, მაგრამ მამანტი, მსგავსად სამი ბაბილონელი ყრმისა, კვლავ ადიდებდა უფალს დამ ის სხეულს, ღვთის საკვირველი შემწეობით, ცეცხლის სიმხურვალე არ მიჰკარებია.

მაშინ ველურ მხეცთ მისცეს, რომელთაც მამანტის ფერხნი გაულოკეს. მტარვალს მოთმინების ძაფი გაუწყდა და ბრძანა, ყმაწვილისთვის მუცელში რკინის ჩხირები გაეყარათ, მამანტიმ კი, ხელთ ეპყრა რა საკუთარი შიგნეულობა, მაინც მოახერხა ქალაქის დატოვება, ერთ გამოქვაბულამდე მიაღწია, მიწაზე დაწვა და ზეცით ხმა ესმა, რომელიც მარადიული განსასვენებლისაკენ მოუწოდებდა.

კონდაკი:

კუერთხითა, წმიდაო, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხოვრება-შემოსილითა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხითა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომლენი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, მამანტი.

ბეჭდვა
1კ1