40 ქალწულმოწამე და მოწესენი, მმარხველნი, და მღვდელმოწამე ამონი (ამუნი) დიაკონი, მოძღვარი მათი (+321-323) - 01 სექტემბერი (14 სექტემბერი)
40 ქალწულმოწამე და მოწესენი, მმარხველნი,  და მღვდელმოწამე ამონი (ამუნი) დიაკონი, მოძღვარი მათი (+321-323) - 01 სექტემბერი (14 სექტემბერი)
ეს წმინდა ქალწულნი: პროკოპია, პავლა, იუნილა, ამპლიანე, პერსი, პოლინიკა, მავრა, გრიგორია, კირია, ბასა, კალენიკა, ბარბარე, კირიაკია, აღათონიკე, იუსტა, ირინა, მატრონა, ტიმოთე, ტატიანა, ანა და სხვანი, თრაკიის ქალაქ ადრიანოპოლში IV საუკუნეში ცხოვრობდნენ და დიაკონ ამონის სულიერი შვილნი იყვნენ.

პირველად რწმენა ადრიანოპოლის მმართველ ბაბდოსის წინაშე დაამოწმეს, რომელმაც მყისვე შეიპყრო ნეტარნი, გათავისუფლების შემდგომ კი ქალაქის ერთ-ერთი წარჩინებულის სახლში შეიკრიბნენ.

ამონმა სათითაოდ მოუწოდა ქალწულთ და განამტკიცა:

- ამ ბრძოლაში მტერს ნუ აძლევინებთ, რომ ქრისტემაც ასე სახელობრივ მოგიწოდოთ მარადისობაში!

ბაბდოსის წინაშე ხელმეორედ რომ წარდგნენ, კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა მტკიცედ იუარეს და ბომონნი ლოცვით დაამსხვრიეს.

მაშინ კი გაშლეგდა მმართველი და საშინელ ტანჯვას მისცა, თუმცა, ქალწულთ ღვთისადმი ვედრება არ შეუწყვეტიათ და ტკივილს ისე დაითმენდნენ, გეგონებოდათ, უსხეულონი ყოფილიყვნენ.

მათ მარტვილობას ერთი წარმართი ქურუმიც ესწრებოდა, რომელიც ღვთის რისხვამ ჰაეტში ასწია, იქ რამდენიმე საათი გააჩერა, შემდეგ მიწას დაენარცხა და სული განუტევა. ამის მხილველმა ჯალათებმა ამონი მუხის ხეზე დაჰკიდეს, გვერდებზე ტყავი გააძრეს, თავზე კი გავარვარებული რკინის მუზარადი დაამხეს, თუმცა, ნეტარს მცირეოდენი ვნებაც ვერ მიაყენეს.

მაშინ სულიერ შვილებთან - პროკოფიასთან, პავლასთან, იუნილასთან, ამპლიანესთან, პერსისთან, პოლინიკასთან, მავრასთან, გრიგორიასთან, კირიასთან, ბასასთან, კალენილასთან, ბარბარესთან, კირიაკიასთან, აღათონიკესთან, იუსტასთან, ირინასთან, მატრონასთან, ტიმოთეასთან, ტატიანასთან და ანასთან ერთად ჯერ ვერეას (ამჟამინდელი სტარა ზაგორა, ბულგარეთი), შემდეგ კი - ჰერაკლიას გადაიყვანეს, სადაც იმპერატორ ლიცინიუსს (დაახლოებით 321-323 წლები) უნდა წარდგომოდნენ.

გზად თავად მაცხოვარმა განამხნევა მარტვილნი და მოწამებრივი ღვაწლისთვის განამტკიცა. ჰერაკლიაში წმინდა გლიკერიას (ხსენება 13 მაისს) წამების ადგილას მიიყვანეს. ღამეული ლოცვისას წმინდა დედა ქალწულთ გამოეცხადა და აუწყა:

- დიდი ხანია, გელით, აჰა, მოვედ და დაემკვიდრეთ ანგელოზთა და წმინდანთა შორის!

მეორე დღეს ამონი და ქალწულნი დასაგლეჯად გარეულ ნადირთ მიუგდეს, რომელნიც მათმა ლოცვამ ისე მოამდოვრა, მარტვილთ ახლოს არ გაჰკარებიან.

სანამ მორიგი სატანჯველისთვის ჯალათნი კოცონს დააგზნებდნენ, ქალწულებმა ლიცინიუსს მომავალი დამარცხება და კონსტანტინეს წინამძღოლობით ქრისტიანთა გამარჯვება უწინასწარმეტყველეს, შემდეგ წმინდა ჯვრის ნიში გამოისახეს და ცეცხლს ლოცვით შეერთვნენ.

დანარჩენ შვიდს, ნეტარ ამონთან ერთად მტარვალმა თავნი წარკვეთა, სხვა ათს გულსა და ყელში უგმირეს მახვილი, ექვსი ხმლით განიგმირა, ექვსს კი ყელში გამდნარი ფოლადი ჩაასხეს.

ბეჭდვა
1კ1