წმინდა მინა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+552) - 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
წმინდა მინა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+552) - 25 აგვისტო (7 სექტემბერი)
VI საუკუნეში, კერძოდ 536-552 წლებში კონსტანტინოპოლის ეკლესიას მართავდა წმინდა პატრიარქი მინა, რომლის ხსენებასაც ეკლესია ახალი სტილით 7 სექტემბერს ზეიმობს. მინამ კონსტანტინოპოლის უმაღლესი მღვდელმთავრის ხარისხი ერეტიკოს ანთიმოზის (535-536) ჩამოგდების შემდეგ მიიღო. მინას ხელი დაასხა რომის პაპმა აღაპიტემ (535-536).

მღვდელმთავრად კურთხევამდე წმინდა მინა მღვდლად მსახურობდა კონსტანტინოპოლში და ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებლის დავრდომილთა თავშესაფრის ზედამხედველი იყო. წმინდა პატრიარქის მოღვაწეობა იუსტინიანე I-ის (527-565) ზეობას დაემთხვა. ცნობილია, რომ იუსტინიანე გულმოდგინედ იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად. მისი ბრძანებით ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც სამოცდაათ ათასზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის ოთხმოცდაათი ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმ-პერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღვწოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე - ბრძანა, მათთვის ესწავლებინათ რიტორიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება.

მღვდელმთავარ მინას პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში მოხდა სასწაული, რომელიც მთელ ქალაქში გახდა ცნობილი. ერთი ებრაელის ბავშვი ტაძარში შევიდა და ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. როცა ამის შესახებ მან სახლში მამას მოუთხრო, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა, ყრმა შეიპყრო და გავარვარებულ ღუმელში შეაგდო, მეუღლისთვის კი არაფერი უთქვამს. სასოწარკვეთილი დედა სამი დღე ტირილით დაეძებდა შვილს და ხმამაღლა უხმობდა, სანამ ბოლოს იგი გახურებული ქურიდან არ შეეხმიანა. დედამ იქიდან გაჭირვებით გამოიყვანა ბავშვი, რომელიც სრულიად უვნებელი აღმოჩნდა. ბიჭი ჰყვებოდა, ბრწყინვალე ქალბატონი მოდიოდა ჩემთან, ცეცხლის სიმხურვალეს განაქარვებდა და წყალსა და საზრდელს მიზიდავდაო. ამის შესახებ მღვდელმთავარმა მინამ და წმინდა იუსტინიანე პირველმა შეიტყვეს. დედა-შვილი მოინათლა, გულგაქვავებულმა მამამ კი იმ დიდი სასწაულის მიუხედავად, რომლის მოწმეც შეიქნა, არ ისურვა ცოდვის მონანიება. მაშინ იმპერატორმა სამსჯავროს გადასცა იგი, როგორც მკვლელი და სიკვდილით დასაჯა. პატრიარქი მინა თექვსმეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. წმინდა სოფიას ცნობილი ტაძარი სწორედ მისი პატრიარქობის დროს იკურთხა. წმინდა მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.

ბეჭდვა
1კ1