წმინდა მოწამე სირა ქალწული - სპარსელი (+558) - 24 აგვისტო (6 სექტემბერი)
წმინდა მოწამე სირა ქალწული - სპარსელი (+558) - 24 აგვისტო (6 სექტემბერი)
წმინდა მოწამე სირა გახლდათ საკერპო ქურუმად გაზრდილი სპარსელი ქალწული, რომელმაც შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად ნათელიღო, თამამად განაცხადა თავისი არჩევანი და ევნო ქრისტესთვის.

წმინდა ქალწული VI საუკუნეში ცხოვრობდა სპარსეთში. იგი იყო ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმ ელიმაიდის ასული. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ ქრისტიან ქალთან საუბრისას ნეტარმა ირწმუნა მაცხოვრის სწავლების ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო: სწავლობდა ლოცვებსა და ფსალმუნებს, მარხულობდა და თანდათან ეცნობოდა საღვთო წერილსა და ქრისტიანულ მოძღვრებას.

გავიდა ხანი და სირა ავად გახდა. იგი ქრისტიანულ ტაძართან მივიდა და ხუცესს სთხოვა, ცოტაოდენი მტვერი მიეცა მისთვის ეკლესიიდან - იმედოვნებდა, რომ ის განკურნავდა. მღვდელი წმინდა ქალწულს იცნობდა, როგორც კერპთმსახურს და უარით გაისტუმრა. საკუთარ უღირსობაში ღრმად დარწმუნებული სირა ოდნავადაც არ განრისხებულა, პირიქით, უფრო სასოებით აღივსო, რწმენით შეეხო ხუცესის შესამოსელს, როგორც ოდესღაც სისხლმდინარე დედაკაცი - მაცხოვრის სამოსლის "ფესვს" (მთ. 9, 20-22) და მაშინ¬ვე განიკურნა. ნეტარის ახლობლები ხედავდნენ მის დამო-კიდებულებას ქრისტიანობასთან და ყოველნაირად ცდილობდნენ, დაებრკოლებინათ იგი. მათ სირას დედინაცვალს სთხოვეს, ხელი აეღებინებინა მისთვის ამ განზრახვაზე. დედინაცვალმა მოატყუა წმინდანი, მეც ფარული ქრისტიანი ვარო და უთხრა, ჭეშმარიტი სარწმუნოება გულით ეტარები¬ნა, გარეგნულად კი ცეცხლთაყვანისცემა განეგრძო, რადგან, შეიძლება მას ვერ გაეძლო წამებისთვის და უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. ქალწულმა ყოყმანი დაიწყო - ნათელეღო და განცხადებულად ეღიარებინა ქრისტე, თუ ისევე დარჩენილიყო - საქმით ქურუმი და გულით ქრისტიანი. ამ სულიერ ბრძოლაში თვითონ უფალი გამოეცხადა წმინდანს. სასწაულებრივი ხილვით გაოგნებულმა სირამ გააკეთა საბოლოო არჩევანი - ეპისკოპოსთან მივიდა და ნათლისღება სთხოვა. მღვდელმთავარმა ქალწულის სურვილის შესრულება გადადო: შიშობდა, მოგვებისთვის ქრისტიანთა დევნის საბაბი არ მიეცა, თან ფიქრობდა, მამის რისხვით შეშინებულმა ასულმა, შესაძლოა, უარყოსო კიდეც ქრისტე. მან სირას ურჩია, ჯერ აშკარად ეღიარებინა თავისი სარწმუნოება ნათესავების წინაშე.

ერთხელ, დილის მსხვერპლშეწირვის დროს, წმინდა სირამ ჩააქრო სპარსთაგან ღმერთად სახელდებული ცეცხლი, სამსხვერპლო დაანგრია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო. განრისხებულმა მამამ საშინლად სცემა წმინდანს და საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მამამისი ფერებითა და საჩუქრებით ეცადა ასულის გადაბირებას, მაგრამ ურყევი იყო წმინდანის გადაწყვეტილება. მაშინ მამამ წმინდა მოწამე მთავარ ქურუმსა და მმართველს გა-დასცა. მარტვილს დიდხანს აწამებდნენ დილეგში, მაგრამ, უფლისგან განმტკიცებულს, მაცხოვრის სასოება ოდნავადაც არ განელებია. ერთხელ სირამ მოისყიდა საკნის მცველები, ეპისკოპოსთან მივიდა და მოინათლა. წამებით მოუძლურებული წმინდანი სასიკვდილოდ დაავადდა. იგი შესთხოვდა უფალს, სნეულებით არ მოეკლა და მოწამებრივი გვირგვინის ღირსი გაეხადა. ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განკურნა. საღ-სალამათი ქალწული რომ იხილეს, საკნის მცველმა და ციხისთავმა გადაწყვიტეს, ძალა ეხმარათ მასზე, მაგრამ ზეგარდმო სასჯელმაც არ დააყოვნა:

ერთი ლოგინად ჩავარდა, მეორეს კი სული აღმოხდა. წმინდა სირას დახრჩობა გადაუწყვიტეს.

სასიკვდილო სასჯელი განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით აღასრულეს - დროდადრო თოკს უშვებდნენ და მარტვილს ეკითხებოდნენ, გადაწყვეტილება ხომ არ შეგიცვლია და ცოცხლებში დარჩენა ხომ არ გსურსო. სულთმობრძავი ქრისტეს ტარიგი უარით პასუხობდა და ითხოვდა, დაეჩქარებინათ განაჩენის სისრულეში მოყვანა. სირას სხეული ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ სიწმინდეს პირი არ დააკარეს. უფლის სათნომყოფლის წმინდა ცხედარი ქრისტიანებმა მიწას მიაბარეს (+558).

ბეჭდვა
1კ1