წმინდა მოწამე ევლალია ქალწული (+დაახლ. 303); წმინდა მოწამე ფელიქსი (+დაახლ. 303) - 22 აგვისტო (4 სექტემბერი)
წმინდა მოწამე ევლალია ქალწული (+დაახლ. 303); წმინდა მოწამე ფელიქსი (+დაახლ. 303) - 22 აგვისტო (4 სექტემბერი)
წმინდა ევლალია ქალწულიც და მოწამე ფელიქსიც დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს დროინდელ ქრისტიანთა დევნას შეეწირნენ ესპანეთში. მათ ხსენებას ეკლესია ძველი სტილით 22 აგვისტოს (4 სექტემბერს) აღასრულებს. ქალწული ევლალია დაიბადა ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის (დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად. ამიტომ ზოგიერთ საკითხავში ის ევლალია ბარსელონელად მოიხსენიება. გოგონას მშობლები მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ და ევლალიაც ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. სათნოს და თავმდაბალს სიყრმიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ქალწულობა დაემარხა. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან ერთად ლოცვით, წმინდა წერილის კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული.

იმპერატორების - დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ქალაქ ბარკიონში მმართველი დაკიანე ჩავიდა მართლმორწმუნეების ამოსაჟლეტად. მმართველის ბრძანებით ქალაქისა და მახლობელი სოფლების მოსახლეობა ძალით გამოიყვანეს სახლებიდან და ბარკიონის მთავარ მოედანზე აღმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდნენ. ეს რომ გაიგო ევლალიამ, თქვა: - დიდი მადლობა, უფალო იესო ქრისტე! დიდება შენს სახელს! მივიღე ის, რასაც ველოდი. მჯერა, რომ შენი დახმარებით დღეს ახდება ჩემი გულის წადილი". გოგონას მშობლებმა და სხვა ქალწულებმა გაიგონეს მისი სიტყვები, თუმცა ვერ მიხვდნენ მის აზრს, ჰკითხეს რა მიიღო, რა უხაროდა ასე და რა სურდა გულით. ევლალიამ არ ისურვა ვინმესთვის გაემხილა თავისი ჩანაფიქრი. ქალწულმა იცოდა, რომ მისი მზრუნველი მშობლები არ მოუწონებდნენ ჩანაფიქრს და ხელს შეუშლიდნენ. ევლალია ღამით ფარულად გავიდა შინიდან და დილით უკვე ქალაქში იყო. გოგონამ გაჭირვებით გააღწია შეკრებილ ბრბოში და ამხილა მსაჯული, რომელიც ხალხს ჭეშმარიტი ღმერთის გმობას და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა.

- უსამართლო მსაჯულო, მაღალ ტახტზე რომ დამჯდარხარ, აქ იმისთვის მოხვედი, რომ უდანაშაულო, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანები დაღუპო?! ღვთის მსახურების სანაცვლოდ აიძულებ სატანას ემსახურონ, - მიმართა ევლალიამ დაკიანეს.

მსაჯულს გაუკვირდა ახალგაზრდა ქალის ასეთი სითამამე.

- ვინ ხარ, რომ ბედავ, წარდგე ჩვენ წინაშე, წარმოთქვა სამარცხვინო სიტყვა და დაუპირისპირდე იმპერატორის ბრძანებას?! - ჰკითხა მან ქრისტიან ქალწულს.

- მე ევლალია ვარ, უფალი იესო ქრისტეს მხევალი და მსახური, - მიუგო გოგონამ, - დიახ, არ მრცხვენია, მოვიდე და გამხილოთ, რომ უპირისპირდებით ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს. აიძულებთ ხალხს, ემსახურონ კერპებს, რაც დემონების მსახურებაა და სხვა არაფერი. ყველა ვინც მათ სცემთ თაყვანს, საუკუნო ცეცხლში დაიწვებით.

ევლალიას სიტყვებით განრისხებულმა დაკიანემ ბრძანა, არგნებით დაუნდობლად ეგვემათ წმინდანი, მაგრამ იგი ახოვნად ითმენდა სატანჯველს, მსაჯულს კი უთხრა, უფალმა ტკივილის შეგრძნებისგან გამათავისუფლაო. მარტვილი ხეზე დაკიდეს, გაატყავეს და ცეცხლით დაუწყეს წამება. დაკიანემ ნიშნის მოგებით ჰკითხა ნეტარს:

- სად არის შენი ღმერთი, რომელსაც ჰხადი?

ევლალიამ უპასუხა:

- უფალი ჩემ გვერდითაა, მაგრამ შენ შენი სიბილწის გამო მისი დანახვა არ შეგიძლია.

წმინდა მოწამის ლოცვისას: "აჰა, ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა" (ფს. 53.4), ცეცხლის ალი ჯალათებისკენ მიიქცა და ისინი მიწაზე დაენარცხნენ. ნეტარი ევლალია მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეღო მისი სული და ამ ლოცვაში აღესრულა კიდეც.

შეკრებილმა ხალხმა ცხადად დაინახა, თუ როგორ მოსწყდა თეთრი მტრედი მის ბაგეებს და ზეცაში აიჭრა. როცა დაკიანე დარწმუნდა, რომ ევლალია აღესრულა, დატოვა მოედანი. ქალწული ძალიან მაღლა იყო დაკიდებული ხეზე, ამიტომ მისი წმინდა ცხედრის ჩამოხსნა ვერავინ შეძლო. დაკიანემ ბრძანა, ევლალიას სხეული იქამდე ყოფილიყო ხეზე დაკიდებული, სანამ ჩიტები არ შეჭამდნენ.

მარტვილის მშობლები, რომლებმაც შვილი უკვე მიცვალებული იპოვეს, ტიროდნენ, მაგრამ ხარობდნენ კიდეც იმის გამო, რომ მათი ასული წმინდანთა დასს შეერთო.

ევლალიას წამებიდან მესამე დღეს ქრისტიანმა ახოვანმა მამაკაცებმა გადაწყვიტეს ქალწულის ცხედარი ხიდან ფარულად ჩამოეხსნათ. ასეც მოხდა. მათ ევლალიას სხეული სურნელოვანი ზეთებით გაწმინდეს და მშობლებს მიუტანეს. ერთმა ქრისტიანმა, სახელად ფელიქსმა, რომელიც ქალწულის სხეულის ხიდან ჩამოხსნაში მონაწილეობდა, მას სიხარულის ცრემლებით მიმართა:

- ქალბატონო ევლალია, შენ ჩვენზე ადრე შეიქენი მოწამებრივი გვირგვინის ღირსი!

სამი დღის წინ გარდაცვლილმა ევლალიამ მისკენ გამოიხედა და გაიღიმა. ფელიქსი მალე თვითონაც წამებით აღესრულა ქრისტესთვის.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1