წმინდა მოწამენი: ვასა და მისი ძეები - თეოგნე, აღაპი და პისტი (+305-311) - 21 აგვისტო (3 სექტემბერი)
წმინდა მოწამენი: ვასა და მისი ძეები - თეოგნე, აღაპი და პისტი (+305-311) - 21 აგვისტო (3 სექტემბერი)
წმინდა მოწამე ვასას მართლმადიდებელი ეკლესია შვილებთან - თეოგენესთან აღაპისა და პისტისთან ერთად ძველი სტილით 21 აგვისტოს (ახ. 3 სექტემბერი) იხსენიებს. ისინი IV საუკუნის დასაწყისში შეუერთდნენ წმინდანთა დასს. ვასა ქრისტიანული კეთილმსახურებით იყო აღზრდილი, თუმცა მეუღლე წარმართი ქურუმი ჰყავდა. ვასა მეუღლესა და შვილებთან ერთად მაკედონიის ედესაში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე წარმართი იყო, ვასა ახერხებდა ძეთათვის ქრისტეს სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაენერგა გულში.

იმპერატორ გალერიუსის (305-311) დროს ქურუმმა ნეტარი ვასა შვილებთან ერთად მმართველთან დაასმინა. ედესის მმართველმა ვასას და მის ვაჟებს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მტკიცე უარი მიიღო. მაშინ ურჯულო მმართველმა გადაწყვიტა, დედის თვალწინ ეწამებინა შვილები და ასე გაეტეხა ვასას რწმენა. პირველად უფროსი ვაჟი თეოგენე დაკიდეს ხეზე და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს. თეოგენემ ვაჟკაცურად გაუძლო საშინელ ტკივილებს და უფალი არ უარყო. ჯალათებმა წამების მეთოდები გაამკაცრეს, ყრმა აღაპი თავიდან მკერდამდე გაატყავეს. ბოლოს ნაბოლარას - პისტს მისდგნენ. დედა სამივე ვაჟს ამხნევებდა და მოუწოდებდა სატანჯველის დათმენისაკენ. სასტიკად ნაწამებ ვაჟებს თავები მოჰკვეთეს (ერთი გადმოცემით, ძმები მაკედონიის ქალაქ ედესაში აწამეს, სხვა ცნობით - თესალიის ლარისში).

ძეთა სიკვდილმა ვერ შეარყია ვასას რწმენა, მან არც ამის შემდეგ შესწირა მსხვერპლი კერპებს. მმართველის ბრძანებით, იგი საპყრობილეში ჩააგდეს. აშიმშილებდნენ, თუმცა ზეციური ანგელოზი იყო მასთან და ღვთიური საკვებით ანაყრებდა. საპყრობილემ და შიმშილობამ რომ ვერ გატეხა, მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. ჯალა-თები ცდილობდნენ, ჯერ ცეცხლში დაეწვათ, შემდეგ წყალში დაეხრჩოთ ქრისტეს ტარიგი, მხეცებსაც მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული დედა უვნებელი რჩებოდა.

როდესაც წარმართები ვასას საპყრობილეში აბრუნებდნენ, მან ზევსის ქანდაკი ნამსხვრევებად აქცია. მაშინ წმინდანი ზღვაში მოისროლეს, მაგრამ მოულოდნელად ნავი მოცურდა და სამმა ნათელმოსილმა ჭაბუკმა ქრისტეს მხევალი ზედ აიყვანა (ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი ფიქრობდა, რომ ეს ჭაბუკები ამსოფლიდან ვასაზე ადრე გასული მისი ძეები იყვნენ). რვა დღის შემდეგ ნეტარი დედა ნავიდან კუნძულ ალონზე ჩავიდა, კვიზიკის მახლობლად - პონტისპირეთში ან მარმარილოს ზღვაში. ადგილობრივმა მმართველმა მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა და, როდესაც პასუხად მტკიცე უარი მიიღო, არგნებით გვემა უფლის რჩეული, შემდეგ კი მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ცნობილია, რომ დაახლოებით 450 წელს ქალკედონში უკვე არსებობდა წმინდა მოწამე ვასას სახელობის ტაძარი.

ბეჭდვა
1კ1