მოწამე ლუკა კვიპრელი (+310) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
მოწამე ლუკა კვიპრელი (+310) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
წმინდა ლუკა ლიბიაში, ქალაქ კირინეში დაიბადა, მდიდარსა და წარჩინებულთა ოჯახში. კარგი განათლება მიიღო და სენატორი გახდა. ლუკა შეესწრო საპყრობილეში წმინდა მღვდელმოწამე თეოდორე კირინელის განკურნების სასწაულს, მას შემდეგ, რაც ის საშინლად აწამეს. მან იწამა ქრისტე და მაშინვე გაემართა თავის მეგობართან მმართველ დიგნიანესთან. მოუთხრო ნანახი და შეევედრა და დაარწმუნა, რომ კერპებისთვის თაყვანი აღარ ეცა. მეგობრის სიტყვები გულში მოხვდა დიგნიანეს, შეინანა, რომ სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს და ქრისტე აღიარა თავის მაცხოვრად. მეორე დღეს ლუკა და დიგნიანე მივიდნენ წმინდა თეოდორესთან და მონათვლა სთხოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ გემით კვიპროსში ჩავიდნენ, სადაც ასევე სდევნიდნენ ქრისტიანებს. ლუკა, ისე რომ დიგნიანემ არ იცოდა, წარდგა ჯალათების წინაშე, მხნედ აღიარა თავი ქრისტიანად და წარმართთა საკურთხეველი მიწაზე დაამხო. წმინდანი ცულით მოკლეს, თავიც მოჰკვეთეს. მოგვიანებით დიგნიანემ სხვა ქრისტიანებთან ერთად წმინდა ლუკას სხეული მეომრებისგან გამოისყიდა და პატივით დაკრძალა. ეს მოხდა 310 წელს.

ბეჭდვა
1კ1