წმინდა მოწამე თეოქარე ნეაპოლელი, მცირეაზიელი (+1740) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
წმინდა მოწამე თეოქარე ნეაპოლელი, მცირეაზიელი (+1740) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
1740 წელს სულთანმა აჰმედმა ბრძანა ერთ ბანაკად შეეკრიბათ ყველა ქრისტიანი მამრობითი სქესის ბავშვი. სულთანს ომი ჰქონდა გაჩაღებული და ეტყობა, ეშინოდა, იმპერიის ქრისტიანები მათ არ შეერთებოდნენ, და ეს ბავშვები მძევლად აიყვანა. სხვებთან ერთად შეიპყრეს ობოლი თეოქარე, რომელიც უფალს დღედაღამ ამ სატანჯველთაგან ქრისტიანთა გათავისუფლებას შესთხოვდა. ერთხელ კაპადოკიის ნეაპოლის ყადი მოვიდა მათ ბანაკში, მოეწონა ყმაწვილი თეოქარე და თავისი საჯინიბოს მსახურად წაიყვანა.

ერთხელ საღამოს ყადის ცოლმა დაინახა, რომ მათი მსახური მუხლმოდრეკილი და ხელებაპყრობილი ხანგრძლივად ლოცულობდა, მან ქმარი დაარწმუნა, თავიანთი ქალიშვილი ამ ღვთისმოშიში ყმაწვილისთვის მიეთხოვებინათ. ყადიმ თეოქარეს სიძეობა შესთავაზა, ოღონდ ერთი პირობით, მუსლიმანი უნდა გამხდარიყო. რაზეც ყმაწვილმა უპასუხა: "მე ქრისტიანად დავიბადე და მოვინათლე და ჩემი მამა-პაპის რწმენას არ ვუღალატებო". ყადიმ ეს შეურაცხყოფად მიიღო და შიმშილით სიკვდილი მიუსაჯა. თეოქარე ეკლესიაში წავიდა, აღსარება თქვა, ეზიარა და ბატონთან დაბრუნდა. მან კვლავ უარი უთხრა სიძეობასა და ქრისტიანობის ღალატზე, დილეგში ჩააგდეს და რამდენიმე დღე ლუკმა არ მისცეს. წმინდანი მხოლოდ ლოცვით საზრდოობდა, ხანდახან თუ წყალს მიაწვდიდნენ.

1740 წლის 20 აგვისტოს, მას მერე, რაც კვლავ უარყო ბატონის შეთავაზება, დღის პირველ საათზე გაიყვანეს შარაგზაზე. ჯალათის უკანასკნელ კითხვაზე ის დადუმდა და ლოცვა დაიწყო. იფიქრეს, დაგვცინისო და ჯერ ჩაქოლეს, მერე კი ალვის ხეზე ჩამოჰკიდეს. როცა წმინდა თეოქარეს გვამი ორმოში მოისროლეს, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და თურქები შეშინებულნი მიმოიფანტნენ.

მოწამის წმინდა ნაწილები ამოთხარეს ერთ-ერთი ხილვის შემდეგ, 1923 წელს, მცირეაზიელი ბერძნების საბერძნეთში გადასახლებისას. წმინდა ნაწილები თესალონიკში, წმინდა ეკატერინეს ეკლესიაში გადაასვენეს. ხოლო ადგილი, სადაც დგას ის ალვის ხე, რომელზეც წმინდანი ჩამოახრჩვეს, მოლოცვის ობიექტად იქცა.

ბეჭდვა
1კ1