მოწამე ოსვინ დეირელი (+651) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
მოწამე ოსვინ დეირელი (+651) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
იგი გახლდათ შვილი დეირის (მდებარეობდა ინგლისის ჩრდილოეთით, დღევანდელი იორკშირის ადგილას) მეფის ოსრიკისა, რომელიც უელსის წარმართმა მეფემ კადვალონმა მოკლა 634 წელს. მამის სიკვდილის შემდეგ ის ერთხანობა უესექსეში ცხოვრობდა. მისმა ბიძაშვილმა დეირის და ბერნიცის სამეფოები ერთ, ნორტუმბრის სამეფოდ გააერთიანა. მაგრამ 642 წელს ისიც მოკლეს და ქვეყანა ისევ ორად გაიყო. 644 წელს დეირის ხალხმა მეფედ წმინდა ოსვინი არჩია. ბერნიცის სამეფოს კი მისი ბიძაშვილი ჩაუდგა სათავეში. წმინდა ოსვინი მხარს უჭერდა კელტი ეპისკოპოსის აიდანის მისიას ნორტუმბრიაში და ერთხანობა თარჯიმნადაც ეხმარებოდა მას. ოსვინი კარგად მართავდა სამეფოს და ხალხის დიდი სიყვარული მოიპოვა. ერთხელ ეპისკოპოსი აიდანი მეფე ოსვინთან სუფრასთან იჯდა, რომ უეცრად ატირდა. გვერდით მჯდომმა მღვდელმა მიზეზი ჰკითხა. ეპისკოპოსმა მას უთხრა: მქონდა ხილვა, რომ ოსვინი დიდხანს ვერ იცოცხლებს, რადგან მისი ხალხი ასეთი თავმდაბალი მეფის ღირსი არ არისო. მართლაც მისმა ბიძაშვილმა ოსვიამ მოინდომა დეორის დამორჩილება. წმინდა ოსვინმა სისხლის ღვრას თავი აარიდა და სოფელ გილინგში წავიდა, მაგრამ უახლოესმა ადამიანმა უღალატა, გასცა მისი ადგილსამყოფელი და ოსვიას ჯარისკაცებმა ის მოკლეს. ეს მოხდა 651 წლის 20 აგვისტოს. მას მერე მეფე ოსვინს პატივს მიაგებენ, როგორც მოწამეს და ვნებათდამთმენს. მისი ცხედარი VII საუკუნეში დაარსებულ ტაინმუტის მონასტერში დაასვენეს, სადაც ურიცხვი სასწაული მოახდინა. დანიელების შემოსევების გამო მონასტერი გავერანდა და წმინდა ოსვინის საფლავიც დაივიწყეს. 1065 წელს მოწამე მეფე განდეგილ მონაზონს, ედმუნდს გამოეცხადა და მისი საფლავის მოძებნა უბრძანა. მალე წმინდა ნაწილები მოიპოვეს და მან სასწაულქმედება განაახლა. 1085 წელს აქ დაარსდა ახალი კათოლიკური მონასტერი, რომელმაც რეფორმაციამდე იარსება.
....................

ხატის წყარო.
ბეჭდვა
1კ1