წმინდა მოწამენი: სევეროსი, მემნონი ასისთავი და მასთან ერთად 38 თრაკიელი მოწამე (+303-305) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
წმინდა მოწამენი: სევეროსი, მემნონი ასისთავი და მასთან ერთად 38 თრაკიელი მოწამე (+303-305) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
ეს წმინდა მოწამენი ქრისტესთვის დიდი დევნისას (303- 305) აღესრულნენ.

წმინდა სევეროსი ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. მამამისი პეტრონიუსი თრაკიელი იყო, დედა მიგდონია კი პამფილიის ქალაქ სიდიდან. ისინი ქრისტეს რწმენაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ქსენოფონემ. წარმართების დევნას რომ გაქცეოდა, ოჯახმა დატოვა პამფილია და თრაკიის ქალაქ ფილიპოლში, პეტრონიოსის სამშობლოში ჩავიდა. მათ ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე პროკონსულმა აპელიანემ ბრძანა, 38 ქრისტიანი სიკვდილით დაესაჯათ, ამიტომაც პეტრონიოსმა და მიგდონიამ კვლავ გაქცევა გადაწყვიტეს. ხოლო მათმა ვაჟმა სევერუსმა, რომელიც ღვთისგან ფიზიკური ძალით და უბადლო სიმამაცით გამოირჩეოდა, დარჩენა გადაწყვიტა, რათა სახარება ექადაგა და მოწამის გვირგვინი მიეღო. შუაღამისას მას ქრისტე გამოეცხადა და უბრძანა, დილით ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭისკენ წასულიყო, სადაც მისი სურვილი აღსრულდებოდა. როცა იქ მივიდა, სევეროსი ასისთავ მემნონს შეხვდა, რომელიც თავისი საუბრით ქრისტეს რწმენაზე მოაქცია. აპელიანეს შეატყობინეს, სევეროსი ქრისტეს ქადაგებსო და მან ის სამსჯავროზე მოაყვანინა. სევეროსმა თავისი რწმენა მტკიცედ განაცხადა, მაგისტრატმა ის ასისთავ მემნონს გადასცა, რადგან არ იცოდა მისი გაქრისტიანება. სევეროსი და მემნონი მარტო რომ დარჩნენ, ერთმანეთი გაამხნევეს, რომ ყველანაირი ტანჯვისთვის გაეძლოთ. მეორე დილას ორივე წარდგა მსაჯულის წინაშე და აღიარა სარწმუნოება. პროკონსულმა ბრძანა, მემნონი წკნელით სასტიკად ეცემათ, ხოლო სევეროსისთვის ყბა მოენგრიათ. შემდეგ ორივეს მძიმე ბორკილები დაადეს და აიძულეს, მმართველს ფეხით გაჰყოლოდნენ ანდრიანოპოლოსში, ხოლო იქიდან ვიზიაში. იქ ისინი კვლავ დაჰკითხეს, მოწამეებმა განაცხადეს, რომ მათ რწმენას ვერაფერი შეარყევდა. მაშინ ტირანმა ბრძანა, მემნონი ორ სვეტს შორის ხელ-ფეხით გაეჭიმათ. მეომრებმა მას სხეულზე თავიდან ფეხამდე სამ ქამრად ტყავი ააძრეს. წმინდანს უხაროდა, რომ შეძლო ამ ტკივილის დათმენა, მან წამოიძახა: "იცოდე, რომ ტყავის ამ სამი ნაჭრის მსხვერპლად შეწირვით მე წმინდა სამება მივიღე". 3 ივლისს ჯალათებმა მას ჯერ ხელ-ფეხი მოჰკვეთეს და მერე გავარვარებულ ღუმელში შეაგდეს. წმინდანმა სული განუტევა და ზეციდან ხმა მოისმა, რომელიც აკურთხებდა მის წმინდანთა დასთან შეერთებას. წმინდა სევეროსიც საშინლად აწამეს: მისი სხეული რკინის კავებით დაფლითეს, ამ დროს ისიც გაამხნევა ზეციურმა ხმამ. ჯალათებიც გააოცა ამ ხმამ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმინდანს თითებზე წამოაცვეს გავარვარებული სათითეები. მერე ოთხმა მეომარმა იგი ჯვრის სახით გაჭიმა და სხეულის მოწვა დაუწყეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. მაშინ ჯარისკაცებმა მისი წამება შეწყვიტეს, აღიარეს, რომ სევეროსს რაღაც ღვთაებრივი ძალა იცავდა. შემდეგ კი ქამრად გავარვარებული რკინა შემოაკრეს წელზე. 23 აგვისტოს ქალაქ ვიზიის დასავლეთით, ერთ ამაღლებულ ადგილას წმინდა სევეროსს თავი მოჰკვეთეს. ჯალათებმა რწმენისთვის სიკვდილით დასაჯეს დატყვევებული 38 ქრისტიანი. აი მათი სახელები: ორიონი, ანატილინი, მოლი, ევდემონი, სილვანი, საბინი, ევსტატე, სტრატონი, ვოსვა, ბიზანტიის მკვიდრნი; ტიმოთე, პალმატი, მესტი, ნიკონი, დიფილე, დომეტი, მაქსიმე, ნეოფიტე, ვიქტორი, რინი, სატურნინი, ეპაფროდიტე, კარკა, გაი, ზოტიკე, კრონიონი, ანფოსი, ორი, ზოილე, ტირანი, აღაფი, პანსფენი, აქილა, პანფირი, ქრისანთე, აფინოდორი, პანტელეონი, თეოსევი და გენეფლი ფილოპოლიელები. მათ ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, წმინდა მემნონივით ცეცხლში შეჰყარეს და დაწვეს.
....................

წმინდა მოწამენი: ილიოდორე და დოსე (+380) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)

წმინდა მოწამენი: ილიოდორე და დოსე (ანუ დოსა) ქრისტესთვის ეწამნენ სპარსეთში შაბურ II-ის მეფობისას, 380 წელს.

ბეჭდვა
1კ1