წმინდა მოწამენი: ფლოროსი და ლავროსი (II) - 18 (31) აგვისტო
წმინდა მოწამენი: ფლოროსი და ლავროსი (II) - 18 (31) აგვისტო
წმინდა ფლოროსი და ლავროსი არა მარტო ხორციელი ძმები იყვნენ, მათ სულიერად მძლავრი კავშირი ჰქონდათ, რამეთუ სწამდათ ქრისტე და სათნო ეყოფოდნენ მას კეთილი საქმეებით. ისინი ქვისმთლელები იყვნენ. მათ ეს ხელობა ქრისტიანების, პროკლესა და მაქსიმესგან შეითვისეს, მათგანვე ისწავლეს ღვთივსათნო ცხოვრებაც.

ქრისტესთვის ჯერ პროკლე და მაქსიმე ეწამნენ და რაღაც დროის შემდეგ მოსწავლეებმა დაიდგეს მოწამის გვირგვინი. აი რა ვიცით მათი მარტვილობის შესახებ:

მეზობელი ოლქის მმართველმა ილირიის მმართველს, ლიკეონს სთხოვა, წარმართული ღმერთის დიდებული ტაძრის ასაშენებლად მასთან დახელოვნებული ქვისმთლელები გაეგზავნა, ასეთი კი ილირიაში ფლოროსი და ლავროსი იყო. ფლოროსი და ლავროსი ჩავიდნენ იმ მხარეში და შეუდგნენ ტაძრის მშენებლობას, აღებულ თანხას კი გლახაკებს ურიგებდნენ და ასწავლიდნენ მათ ქრისტეს რწმენას. თვითონ კი დროს მარხვაში, ლოცვასა და ღვაწლში ატარებდნენ: ღამით ლოცულობდნენ, დღისით ქვას თლიდნენ, ცოტას ჭამდნენ და თავიანთი საკვებით მშივრებსა და გაჭირვებულებს ანაყრებდნენ. თავიანთი საქციელით არა მარტო უბრალო ხალხი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე, ასევე გააქრისტიანეს ერთი ქურუმი და მისი ვაჟი. ეს კი ასე მოხდა:

ერთ დღეს, როცა ძმები ქვას თლიდნენ, მათთან მივიდა იქაური ქურუმის ვაჟი და ცნობისმოყვარეობით უცქერდა. უეცრად ქვის ნატეხი ასხლტა, ყმაწვილს თვალში მოხვდა და ბუდიდან წამოუგდო. ყმაწვილმა ტკივილისაგან იყვირა. ეს რომ მამამისმა იხილა, სიმწრისაგან ტანსაცმელი შემოიგლიჯა და წმინდა ქვისმთლელებს საცემრად მივარდა, მაგრამ იქ მყოფმა მუშებმა შეაჩერეს და ქვისმთლელების უდანაშაულობაში დაარწმუნეს, უთხრეს, შენი შვილი ფრთხილად არ მოიქცა, ახლოს მივიდა ქვის თლის დროს და რაც დაემართა, მისი ბრალიაო. წმინდა ფლოროსმა და ლავროსმა სცადეს ქურუმის დამშვიდება - შენ შვილს ისე განვკურნავთ, უკეთესად დაინახავსო. ამის მერე ყმაწვილი ღამე შინ წაიყვანეს, უქადაგეს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და უთხრეს:

- თუ მთელი გულით ირწმუნებ იმ ღმერთს, რომელზეც გიქადაგეთ, მაშინ თვალი განგეკურნებაო.

- თუ ძველებური თვალისჩინი დამიბრუნდება, მაშინ ვირწმუნებ თქვენს ღმერთს და თაყვანსა ვსცემ, - მიუგო ყმაწვილმა.

წმინდა ფლოროსი და ლავროსი ცრემლმორეულნი ევედრებოდნენ ღმერთს, რომ ყმაწვილისთვის ხორციელის გარდა, სულიერი თვალნიც აეხილა. გულმხურვალე ლოცვის შემდეგ ორივემ ყმაწვილს ჯვარი გამოსახა და ყმაწვილს თვალი მაშინვე გაუმთელდა, ადრინდელზე უკეთ ხედავდა. შემდგომში ეს სასწაული არა მარტო ამ ყმაწვილმა, ასევე მამამისმაც იწამა. ეს ქურუმი, სახელად მემერტინი, მას მერე დემონების მსახურიდან, თავის შვილთან ერთად, ქრისტეს ერთგულ მონად გადაიქცა.

ამის შემდეგ წმინდა ფლოროსმა და ლავროსმა ღვთის ანგელოზის დახმარებით ტაძარი მალე ააშენეს, მაგრამ ის ეშმაკების საცხოვრებლად კი არ დატოვეს, არამედ ღვთის სადიდებლად იესო ქრისტეს სახელზე აკურთხეს. მასში აღმოსავლეთით პატიოსანი ჯვარი დადგეს, მერე კი სამასამდე გლახაკი ქრისტიანი შეკრიბეს ღამისთევის ლოცვაზე და ერთად ადიდეს ღმერთი. ლოცვის დროს ზეციდან იქ მყოფთ გამოუთქმელი ნათელი მოეფინა და ტაძარი საკვირველად გაბრწყინდა. ლოცვის შემდეგ ტაძარში შეკრებილნი გაემართნენ გვერდით შენობაში, სადაც ახალი ტაძრისთვის გამზადებული კერპები იდგა. ქრისტიანებმა შემოიხსნეს ქამრები, მოაბეს ამ კერპებს, მიწაზე ათრიეს, დააქუცმაცეს. როცა ეს ამბავი შეიტყო, ოლქის მმართველმა სიკვდილი მიუსაჯა ქურუმყოფილ მამერტინს ძითა და სხვა სამასი ქრისტიანითურთ. ფლოროსი და ლავროსი თავად ლიკეონთან გაგზავნა, მან კი ამომშრალ ჭაში ჩაყარა მარტვილები და შიგ ცოცხლად ჩამარხა. მრავალი წლის შემდეგ მოწამეთა ცხედრები უხრწნელად აღმოიყვანეს. ისინი პატივით გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში.

ტროპარი

ყოვლადშუენიერითა და ღმრთივგანბრძნობილთა მოწამეთა ბრწყინვალედ ვაქებთ ღირსად, მორწმუნენო, ფლოროსს ყოვლადსანატრელსა და ლავროსს ყოვლადპატიოსანსა, რომელთა გულსმოდგინედ სამებაი მტკიცედ უქადაგეს ყოველთა, ვინაიცა იღუაწეს ვიდრე სისხლთადმდე და გვირგვინითა ყოვლადბრწყინვალითა შეიმკვნეს, და ევედრებიან ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

ვითარცა ღმრთისმსახურებისა მოწამეთა და ღუაწლისა მძლეთა ღმრთივგანბრძნობილთა, ყოველი სოფელი ყოვლადდიდებულად პატივს სცემს ფლოროსს და ლავროსს დღეს, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა მათითა, და ვიხსენთ ჭირთა, და განსაცდელთაგან, და რისხვათა, და მწუხარებათაგან დღესა სასჯელისასა.

ბეჭდვა
1კ1