ღირსმოწამე დიმიტრი სამარინელი (+1808) - 17 (30) აგვისტო
ღირსმოწამე დიმიტრი სამარინელი (+1808) - 17 (30) აგვისტო
წმინდა დიმიტრი XVIII საუკუნის ბოლოს დაიბადა ეპირის ქალაქ სამარინში. ის წმინდა პარასკევას სახელობის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. საღმრთო შურით აღძრული არა მარტო საკუთარი სულის გადასარჩენად იღვწოდა, თურქებისგან დამონებულ თანამოძმეთა სულებისთვისაც ზრუნვდა. მორიგი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ ხალხი რეპრესიებისგან საშინლად იტანჯებოდა. წმინდა დიმიტრი კი მოივლიდა თესალიის სოფლებს და ხალხს განსაცდელების დათმენას უქადაგებდა. თურქებმა ის შეიპყრეს და იანინის მრისხანე მმართველს, ალი ფაშას მიჰგვარეს. დიმიტრიმ განუცხადა, რომ მისი მიზანი ხალხში რწმენის გამტკიცება და მათი ხელისუფლებისადმი მორჩილების ჩანერგვა იყო. მაგრამ ტირანმა არ დაუჯერა და შეთქმულების მონაწილეთა გათქმას აიძულებდა. თავიდან წმინდანს წამახვილებული ბამბუკის ჯოხები გაუყარეს, რასაც წმინდა დიმიტრი მხნედ დაითმენდა. მაშინ ფაშას ბრძანებით, მოწამეს თავზე ჯაჭვი შემოაკრეს, ნელ-ნელა უჭირდნენ და თანამონაწილეთა სახელების თქმას აიძულებდნენ. ბოლოს, ჯაჭვი გაწყდა და წმინდანს ვერაფერი ავნო. წაიყვანეს და ბნელ ჯურღმულში ჩააგდეს. ის ღამე წმინდანმა ლოცვით გაათია. მეორე დღეს წმინდანი მხრჩოლავი კოცონის თავზე ფეხებით ჩამოკიდეს. მაგრამ ჯალათებს შეეშინდათ, მალე არ მოგვიკვდესო და ჩამოხსნეს, მიწაზე დააწვინეს, მკერდზე დაფა დაადეს და ფეხებით შედგნენ, რომ მისთვის ძვლები დაემტვრიათ. მაგრამ ლოცვითა და რწმენით გაძლიერებულ მოწამეს ვერაფერი ავნეს. გაცოფდნენ ჯალათები. ამ ამბავს უცქერდა ერთი კასტორიელი თურქი, რომელიც განაცვიფრა წმინდანის ზებუნებრივმა სიმტკიცემ და ნათელმა, რომლითაც მას სახე უბრწყინავდა. თურქმა ისლამი უარყო და მონათვლა ითხოვა. ალი ფაშას ამის შესახებ აცნობეს და მისი ბრძანებით ახალმოქცეულს მაშინვე წამებით ამოხადეს სული.

ტირანის ბრძანებით, წმინდანი ყელამდე მიწაში ჩაფლეს - მარტო თავი უჩანდა. ასე დატოვეს, ვიდრე არ მოკვდებოდა. დიმიტრიმ ათი დღე გაატარა ლოცვაში და ვნებადათმენილი წარდგა უფლის წინაშე. ეს მოხდა 1808 წლის 18 აგვისტოს, თუმცა საბერძნეთის ეკლესია წმინდანის ხსენებას 17 აგვისტოს აღნიშნავს. წმინდანის თაყვანისცემა მალევე გავრცელდა, რადგან უამრავი სასწაული მოუხდა მათ, ვინც კი წმინდა დიმიტრის რწმენით შეევედრა.

ბეჭდვა
1კ1