მოწამენი: პავლეს და მისი იულიანა, და მათთან ერთად: კოდრატე, აკაკი, სტრატონიკე (+დაახლ. 273) - 17 (30) აგვისტო
მოწამენი: პავლეს და მისი იულიანა, და მათთან ერთად: კოდრატე, აკაკი, სტრატონიკე (+დაახლ. 273) - 17 (30) აგვისტო
წმინდა მოწამე პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი დაახლოებით 273 წელს, იმპერატორ ავრელიანეს (270- 275) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდში. წმინდა პავლე და იულიანა, ხორციელად და-ძმანი, წარჩინებულთა შვილები იყვნენ. პავლემ საღმრთო წერილი კარგად შეისწავლა სიყმაწვილეშივე და ხმამაღლა ქადაგებდა ქრისტეს. ერთხელ ქალაქში მეფე ჩამოვიდა. წმინდა პავლე დას გაამხნევებდა, უშიშრად შეგებებოდა მოახლოებულ განსაცდელს. წმინდა პავლეც იქ იყო როცა ხალხი მეფეს შეეგება და ჯვარს ისახავდა. ეს შეამჩნიეს, შეიპყრეს და მეფეს შეატყობინეს პავლეს საქმიანობის შესახებ. მეორე დღეს გამოიყვანეს საპყრობილიდან. მან სასამართლოზე ხმამაღლა აღიარა ქრისტე, ამისთვის ჩამოკიდეს და სხეული დაუსერეს რკინის კავებით.

ეს რომ იულიანამ დაინახა, ჯალათი მეფე ხმამაღლა ამხილა, - უმიზეზოდ აწამებ ჩემს ძმასო, რისთვისაც შეიპყრეს და ძმის მსგასად სხეული დაუსერეს, შემდეგ ორივე მდუღარე ფისით სავსე ქვაბში ჩაყარეს, გავარვარებულ რკინის ცხაურებზე დააწვინეს. მაგრამ ქრისტეს მოწამეთა სიმტკიცე ვერ გატეხეს.

სამმა მეომარმა - კოდრატემ, აკაკიმ და სტრატონიკემ, რომლებიც და-ძმას აწამებდნენ, მათი სულის სიმტკიცით გაოცებულებმა იწამეს ქრისტე. რის გამოც მაშინათვე თავი მოჰკვეთეს სამივეს. ჯალათმა მეფემ იულიანას ცდუნება გადაწყვიტა, - ცოლად მოგიყვან, თუ ქრისტეს უარყოფო, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ, იმპერატორის ბრძანებით, სამეძავო სახლში შეაგდეს, მაგრამ ღმერთმა დაიცვა ის. ვინც მასთან მიახლოება სცადა, ყველა დაბრმავდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმინდა მოწამეები ისევ კოცონზე დაეწვათ, მაგრამ ამ საშინელების მხილველმა ხალხმა დრტვინვა დაიწყო და ავრელიანემ ბრძანა, და-ძმისთვის სასწრაფოდ თავები წარეკვეთათ. "და შემდგომად ამის ყოვლისა კეთილად მძლეთა მათ მოწამეთა წარკუეთნეს წმიდანი იგი თავნი მათნი და ბრწყინვალე გვირგვინი ქრისტეს წამებაი დაიდგეს".

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1