წმიდა მოწამე მირონ ხუცესი (+250) - 17 (30) აგვისტო
წმიდა მოწამე მირონ ხუცესი (+250) - 17 (30) აგვისტო
წმიდა მოწამე მირონი აქაიელი (საბერძნეთი) ხუცესი იყო იმპერატორ დეციუსის (249-251) მეფობისას, ხოლო აქაიას მხარის მმართველი ანტვიპატრი გახლდათ. წმინდანი წარმოშობით ცნობილი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო. უაღრესად თავმდაბალს ღვთისა და ადამიანის დიდი სიყვარული ჰქონდა და უფლისათვის სათნოდ ცხოვრობდა.

ერთხელ, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ანტვიპატრი ქრისტიანთა ტაძარში შევიდა მლოცველი ქრისტიანების შესაპყრობად, რათა მერე ეწამებინა ისინი. ეს რომ იხილა, წმინდა მირონი საღმრთო შურით აივსო და მმართველი ამხილა. რის გამოც შეიპყრეს, ძელზე ჩამოკიდეს რკინის ჩანგლებით დასერეს, ცეცხლით მოწვეს, შემდეგ კი გავარვარებულ ღუმელში შეაგდეს; ამ დროს ღუმლიდან ცეცხლი გამოვარდა და იქვე მდგომი მმართველის ასორმოცდაათამდე მსახური მოწვა. წმინდანი ღვთის მადლით იდგა შუა ცეცხლში უვნებელი და ღმერთს აკურთხებდა. ამ დროს უფლის ანგელოზები იხილეს ზოგიერთებმა, რომლებიც ღუმელში წმინდანის გარშემო იდგნენ და ღუმელს აგრილებდნენ.

როცა ცეცხლი ჩაქრა და წმინდანი გამოვიდა, მმართველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, - ღმერთებს თაყვანი ეციო. წმინდანმა უარი განუცხადა. მაშინ მტარვალმა ბრძანა მოწამესთვის მისი სხეულიდან, მხრიდან ფეხამდე ქამრის სახედ აეჭრათ ტყავები. წმიდა მირონმა ერთი ქამარი აიღო და სახეში ესროლა მტარვალს. მაშინ მტარვალმა რკინის იარაღებით მირონის სხეული კვლავ დაასერინა და ძუ ლომს დასაჯიჯგნად მიუგდო, მაგრამ მან წმინდანს პირი არ დააკარა, ფეხების წინ გაუწვა და თოკები გადაღრღნა, მერე კი ადმიანის ხმით აუწყა ანტვიპატრს უეცარი სიკვდილი.

ანტვიპატრმა დაინახა, რომ ქრისტეს მოწამეს ვერაფერი დააკლო, და ყველასთვის დასაცინი გახდა, გაცოფდა და თავი მოიკლა. წმინდა მირონი ქალაქ კიზიკოსში წაიყვანეს და თავი მახვილით მოჰკვეთეს (+250).

კონდაკი:

სიყრმითგან შეიუყუარე ქრისტე, ყოვლადდიებულო, და დაიმარხენ საღმრთონი მცნებანი მისნი, და მისსა მიმართ მიილტოდი, ყოვლად უმანკო მირონ ყოვლადპატიოსანო, ანგელოზთა თანა ევედრე წადიერად და ითხოვე ყოველთა პატივისმცემელთა შენთათვის მოტევებაი ცოდვათა.

ბეჭდვა
1კ1