წმინდა მოწამე პატროკლე (III) - 17 (30) აგვისტო
წმინდა მოწამე პატროკლე (III) - 17 (30) აგვისტო

წმინდა მოწამე პატროკლე, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) მეფობის დროს ცხოვრობდა.

იგი წარმოშობით ქალაქ ტრიკასინიდან (დღევანდელი ტრუა, - საფრანგეთში) იყო. მოსაგრე და უბიწო ცხოვრების გამო, უფალმა სასწაულქმედების ნიჭით დააჯილდოვა. როცა ქალაქ ტრიკასანში იმპერატორი ჩავიდა, მას პატროკლეზე მოახსენეს. ავრელიანემ თავისთან მოაყვანინა წმინდანი და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი დიდი პატივი და ჯილდოები აღუთქვა. ღვთის დიდების მოსურნე წმიდანმა იმპერატორს მიმართა:

- მე ქრისტიანი ვარ და კერპებს მსხვერპლს არ შევწირავ, და შენ გლახაკსაც, არაფერი გაბადია, მე რამე შემომთავაზო.

- როგორ მიწოდებ ქვეყნის გამგებელ იმპერატორს გლახაკს? - განრისხდა იმპერატორი.

წმინდანმა უპასუხა:

- შენ დიდ ამქვეყნიური საგანძურის ფლობ, მაგრამ არ გაქვს ზეციური სიმდიდრე, რადგან არა გწამს ქრისტე და საუკუნო ცხოვრებაში სამოთხის ნეტარებას ვერ დაიმკვიდრებ. აი, ამიტომ ხარ გლახაკი.

განრისხებულმა იმპერატორმა წმინდა პატროკლეს თავის მოკვეთა მიუსაჯა. იმპერატორის ჯარისკაცებმა წმინდანი მდინარე სეკვანის (დღევანდელი სენა) პირას გაიყვანეს. მათ უეცრად თვალთ დაუბნელდათ. პატროკლე ამასობაში წყალზე გადავიდა და მდინარის მეორე ნაპირზე ლოცვა დაიწყო. წმინდანის გაუჩინარებით გაოცებულმა ზოგმა მეომარმა ღმერთი ადიდა, სხვებმა კი სასწაული ქრისტიანის ჯადოქრობას მიაწერეს. ერთმა წარმართმა ქალმა აუწყა ჯარისკაცებს, - პატროკლე მეორე ნაპირზე გადავიდაო. მათაც გადალახეს მდინარე და წმინდა პატროკლე შეიპყრეს. წმინდანმა უფალს შეჰღაღადა:

- ღმერთო ხელთა შენთა მივანდობ ჩემს სულს, რამეთუ შენ იცი რომ ვკვდები შენი წმინდა სახელის გულისთვის. მეომრებმა წმინდან პატროკლეს მახვილით თავი მოჰკვეთეს (დაახლ. 275). ამ დროს იქვე, სიახლოვეს, ორი მოხუცი გლახაკი იმყოფებოდა, რომელთაც წმინდა პატროკლე მოწყალებას აძლევდა ხოლმე. ჟარისკაცების წასვლის შემდეგ მათ წმინდანის სხეული მოიპარეს და გადამალეს. საღამოს კი იმავე ქალაქის პროტოპრესვიტერ ევსების შეატყობინეს. დაღამდა თუ არა, ევსებიმ და დიაკონმა ლიბერიუსმა წმინდანის სხეული ახალთახალ ტილოში შეახვიეს და იმავე ღამეს, ჩუმად, რამდენიმე ანთებული სანთლით, პატივით, შესაბამისი ფსალმუნების გალობით წმინდანი მიწას მიაბარეს.

 

ბეჭდვა
1კ1