ღირსი გერასიმე კეფალინიელი (+1579) - 16 (29) აგვისტო
ღირსი გერასიმე კეფალინიელი (+1579) - 16 (29) აგვისტო
ღირსი გერასიმე პელოპონესში, სოფელ ტრიკალაში დაიბადა. მამამისი დემეტრე ნოატარასთა ძველსა და მდიდარ გვარს ეკუთვნოდა. ყმაწვილმა გერასიმემ მშობლების სახლი დატოვა და სულიერი წინამძღვრის ძიებაში მოიარა მთელი საბერძნეთი, იყო კონსტანტინოპოლში, ათონზე, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ცოტა ხნით რომელიღაც მონასტერში ცხოვრობდა. შემდეგ კი ათონელი მამების კურთხევით მოილოცა იერუსალიმი, სინას მთა, ეგვიპტე, სირია, შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდა და ერთხანობა კანდელების ამნთები იყო, მაცხოვრის საფლავის ტაძარში. იერუსალიმის პატრიარქმა გერასიმე პელოპონოსელს ჯერ დიაკვნად, და მერე მღვდლად ხელი დაასხა. დიდმარხვისას მდინარე იორდანეს პირას წმინდა გერასიმეს მღვიმეში მოსაგრეობდა და შემდეგ განმარტოებული ცხოვრების მოსურნე კრეტის გავლით კუნძულ ზეკინთეში დაბრუნდა, მთის წვერზე მღვიმეში დასახლდა. იქ განმარტოებულმა ხუთი წელი გაატარა და მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. შემდეგ კი წმინდა გიორგის მონასტერში გადასახლდა. ადგილობრივი გადმოცემით, იქ ის იყო წმინდა ლაზარე მართლის ტაძარში მღვდელი და წმინდა დიონისე ზეკინთელის სულიერი მამა.

1559 წელს იგი კუნძულ კეფალინიაზე გაემგზავრა და სოფელ სპილიის სიახლოვეს ერთ მღვიმეში დასახლდა, მასთან უამრავმა ადამიანმა დაიწყო სიარული რჩევებისა და კურთხევისთვის. დღეს ამ მღვიმეში ეკვდერია მოწყობილი და მასში შემორჩენილია წმინდანის ქვაში გამოკვეთილი საფლავი. რადგანაც სტუმრების რიცხვი იზრდებოდა, წმინდა გერასიმე 11 თვის შემდეგ ერთ მიყრუებულ ადგილას, ომალაში გადასახლდა, ნახევრად დანგრეული ტაძარი აღადგინა, რომელსაც ახალი იერუსალიმი უწოდა. აქვე ჩამოყალიბდა დედათა მონასტერი, სადაც ოცდახუთი მონაზონი მოღვაწეობდა. წმინდა გერასიმე 30 წელი ხელმძღვანელობდა მონასტერს, ცხოვრებას კი შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მას სასწაულქმედების მადლი მიეცა. მისი ლოცვით წვიმა მოდიოდა და სხვადასხვა სნეულებისგან განკურნებდა ადამიანებს. მან წინასწარ შეიტყო გარდაცვალების მოახლოება, მოიხმო სულიერი შვილები, უკანასკნელად დაარიგა და 1579 წლის 15 აგვისტოს, 71 წლისამ ღვთივ განისვენა. რადგანაც მარიამობას გარდაიცვალა, მისი ხსენება 16 აგვისტოს დადგინდა. 1581 წლის 20 ოქტომბერს, როცა წმინდანის საფლავი გახსნეს, მისი სხეული უხრწნელი დახვდათ. ახლა წმინდანი ვერცხლის ლუსკუმაშია ჩასვენებული და უამრავ სასწაულს აღასრულებს, განსაკუთრებით ეშმაკეულები იკურნებიან. 1622 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მერე ღირსი გერასიმე ოფიციალურად შეირაცხა წმინდანად. იგი ითვლება კეფალინიის მფარველად და ხშირად გერასიმე ახალს, პელოპონესელს უწოდებენ.

ბეჭდვა
1კ1