წმინდა მოწამე დიომიდე მკურნალი (+298) - 16 (29) აგვისტო
წმინდა მოწამე დიომიდე მკურნალი (+298) - 16 (29) აგვისტო
წმინდა დიომიდე III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. ის კილიკიის ქალაქ ტარსოსში დაიბადა, ქრისტიანის ოჯახში. საექიმო ხელოვნება ისწავლა და თავის თანამოქალაქეებს, ხორციელი სნეულებისგან კურნავდა, ქრისტეს სახელის ქადაგებით და ამით მათ სულებსაც ანიჭებდა კურნებას. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს წმინდანი ბითინიის ქალაქ ნიკეაში დასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს იყო ქალაქი ნიკომიდია, სადაც ტირანი ცხოვრობდა, წმინდანი კვლავ ამოწმებდა თავის ქრისტიანულ რწმენას. ვიდრე ქრისტიანთა დევნა დაიწყებოდა, წმინდანი დაუმეგობრდა ციხის ზედამხვედელს. შედიოდა ციხეში მოწამეთა და აღმსარებელთა სანახავად, წყლულებს თბილი წყლით ჩამობანდა, შეუხვევდა და რაც მთავარია კეთილი სიტყვით, გაამხნევებდა მათ, რათა ბოლომდე დაეთმინათ წამება. მეფეს მის შესახებ შეატყობინეს, და ბორკილდადებული ნიკომიდიაში წაიყვანეს. წმინდა დიომიდე გახარებული მიჰყვებოდა მეომრებს, რადგან ღირსი შეიქნა ქრისტესთვის წამებისა. როცა ქალაქში შედიოდნენ, წმინდანმა მეომრებს სთხოვა, განმარტოების ნება მიეცათ. ნება მისცეს. წმინდანი განზე გავიდა, მუხლი მოიდრიკა და ლოცვა დაიწყო და მაშინვე სული ჩააბარა უფალს. ასე უბრძოლველად წმინდა დიომიდე მოწამის გვირგვინის ღირსი შეიქნა. დარაჯებმა ქრისტიანი მკვდარი იპოვეს, გადაირივნენ, მერე თქვეს, მეფეს ამის თავი მივუტანოთ, მისი გაქცევა რომ არ დაგვაბრალოსო. მაგრამ როგორც კი წმინდა დიომიდეს თავი მოჰკვეთეს, დაბრმავდნენ და გაჭირვებით მიაღწიეს მეფემდე, მეფე თავის დანახვაზე განრისხდა და ბრძანა, სხეულიც მოიტანეთო. მეომრებმა სხვების დახმარებით წმინდანის სხეული მოიტანეს და როგორც კი სხეულს მოკვეთილი თავი მიადეს, მხედველობის უნარი დაუბრუნდათ. იმ წამსვე ის წარმართები უფლის რწმენით განათლდნენ, ხალხს სასწაულის შესახებ მოუთხრეს და მრავალი წარმართი მოაქციეს. სამი დღის შემდეგ ვინმე პეტრონიამ, დიდებულმა დედაკაცმა, რომელიც ოდესღაც განკურნა წმინდა დიომიდემ, წმინდანის სხეული ძვირფას ქსოვილში შეახვია და პატივით დაკრძალა. მიწაში წმინდანის სხეულის ჩაშვების მერე დადუმდა ყორანი, რომელიც წმინდანის სიკვდილის შემდეგ იცავდა მის სხეულს და სხვა ფრინველებს ყვირილით აფრთხობდა.

ბეჭდვა
1კ1