წმინდა მღვდელმოწამე მარკელე, აპამეელი ეპისკოპოსი (+389) - 14 (27) აგვისტო
წმინდა მღვდელმოწამე მარკელე, აპამეელი ეპისკოპოსი (+389) - 14 (27) აგვისტო
წმინდა მარკელე კვიპროსელი დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო და მოხელედ მსახურობდა. დაახლოებით 375 წელს მან დატოვა ცოლ-შვილი, ბერად აღიკვეცა და სირიის უდაბნოში დაიწყო მოსაგრეობა. გარკვეული ხნის შემდეგ, ღვთის ნებით, აპამეის მცხოვრებლებმა ვითომ რაღაც საჭირო საქმის გამო ქალაქში ჩაიყვანეს ნეტარი და თავიანთ ეპისკოპოსად დაადგინეს ნეტარი იოანეს გარდაცვალების შემდეგ.

წმინდა მარკელე სამწყსოს სულიერი განათლებისთვის ზრუნავდა და ცდილობდა არ დაეშვა წარმართობის აღორძინება. იმ დროს იმპერატორმა თეოდოსი II-მ გამოსცა ედიქტი, რომლის ძალითაც მთელ იმპერიაში წარმართული საკერპოები უნდა დაენგრიათ. საღმრთო შურით აღძრულმა ეპისკოპოსმა მრავალი წარმართული ტაძარი დაანგრია, და მათ ადგილას ჭეშმარიტი ღმერთის ტაძრები ააგო.

როცა აღმოსავლეთის პრეფექტი მრავალრიცხოვან არმიასთან ერთად ზევსის ტაძრის დასანგრევად მივიდა, მიუხედავად მრავალი ცდისა, იქ ჩასახლებული ეშმაკის განდევნა ვერ შეძლეს ვერც ცეცხლით, ვერც სხვა საშუალებით. მაშინ წმინდა მარკელემ ჯარისკაცები გაუშვა და ლოცვა დაიწყო. მალე ვინმე მუშა მოვიდა, რომელიც ორმაგი საფასურის სანაცვლოდ ჰპირდებოდა, რომ ტაძარს ადვილად დაანგრევდა. მართლაც თორმეტი სვეტიდან სამი, რომელსაც შენობის პორტიკი ეყრდნობოდა, გამოანგრია და ხეები შემოუწყო, თუმცა ცეცხლი მაინც ვერა და ვერ დაანთო. მაშინ წმინდა მარკელემ წყალი აკურთხა, მოასხა ხეებს, შემდეგ კი ცეცხლი მიუნთო, ალი აბურბურდა და მალე ზევსის ტაძარი წამოაქცია.

წმინდა მარკელემ კი თავისი ეპარქიის ევანგელიზაცია განაგრძო, მიუხედავად წარმართების წინააღმედეგობისა, რომელთაც გალილეადან და ლიბანიდან დასახმარებლად ჩამოიყვანეს წარმართები. ერთხელ, ავლონში მღვდელმთავრის ბრძანებით, მხედრები წარმართულ ტაძარს ანგრევდნენ. წმინდა მარკელე, რომელიც ნიკრისის ქარით იტანჯებოდა, შორიახლოს იდგა და თვალყურს ადევნებდა. ამ დროს იგი შეიპყრეს წარმართებმა და ღუმელში შეაგდეს, სადაც წმინდანი აღესრულა. ეს მოხდა 389 წელს. მკვლელები შეიპყრეს. წმინდა მარკელეს შვილებს შურისძიება ეწადათ, თუმცა ადგილობრივმა კრებამ მათ ეს აუკრძალა.

ბეჭდვა
1კ1