წმინდა მოწამე ლავრენტი ანტიოქიელი და მის თანა ვნებულნი (+258) - 10 (23) აგვისტო
წმინდა მოწამე ლავრენტი ანტიოქიელი და მის თანა ვნებულნი (+258) - 10 (23) აგვისტო
დაახლოებით 303 წელს, დიოკლეტიანემ მესოპოტამიაში პრეფექტად აგრიპა წარგზავნა და ქრისტიანთა განადგურება უბრძანა,
ათასობით მორწმუნე ევნო ქრისტესთვის, აგრიპამ კი იმპერატორს შემწედ მეორე მაგისტრის გამოგზავნა სთხოვა, დიოკლეტიანემ განიხარა და გარშემომყოფთ ჰკითხა, თუ ვის სურდა მესოპოტამიაში წასვლა.

მის კითხვას ერთი დიდებული გამოეხმაურა, სახელად - ლავრენტი, ფარული ქრისტიანი, რომელმაც თან მრავალი მეომარი და ქრისტეს მოწაფე წარიყვანა.

აგრიპა პატივით შეხვდა და შესთავაზა, - ღმერთებს მსხვერპლი ერთად შევწიროთო, რაზეც ლავრენტიმ უარით უპასუხა და ღიად განადიდა ქრისტე.

აგრიპამ მაშინვე აუწყა ყოველი იმპერატორს, ამასობაში კი ლავრენტიმ მესოპოტამიაში გამოიზამთრა, თან ქრისტიანთ განამტკიცებდა.

სამი თვის შემდგომ აღმოსავლეთში მაგისტრად დომნე წარმოგზავნეს ათასი მეომრითურთ, რომელთაც ლავრენტის შეპყრობა და ქრისტიანთა დევნის განახლება დაავალეს.

ისინი აგრიპას არმიას შეუერთდნენ და ლავრენტის დანა¬ყოფს ხამისის მთიან რეგიონში მისწვდნენ.

ხუთასი ქრისტიანი მეომარი მთის წვერზე ავიდა, ლოცვა ჰყვეს და ხმამაღლა უკან გამოდევნებულ წარმართებს ჩამოსძახეს:

- ქრისტე - ღმერთია, ჩვენ კი - მისი მოწაფენი და კერპთ პატივს არასოდეს მივაგებთ!

ისინი სიცოცხლეს გამოასალმეს, სხვა ქრისტიანებმა კი შორიდან იხილეს, თუ როგორ გარდამოვიდა ზეცით ბრწყინვალე გვირგვინები, რომელნიც მათ სხეულებს დაადგა.

ამ სანახაობით ნუგეშცემულები და წმინდა ლავრენტის მიერ გამხნევებულები უშომუს მთის წვერზე ავიდნენ, სადაც წარმართთა ხელით იქნენ მოკლულნი.

მეომართა მესამე ჯგუფი კვლავ ეგლავეს ხეობაში, ამონის მთის ძირში დარჩა. მათზე თავდასხმის წინ აგრიპამ ძილში ცეცხლოვანი ქერუბიმი იხილა, ცეცხლოვანი მახვილით განგმირვას რომ აპირებდა, გვერდით კი წმინდა ლავრენტი ედგა, რომელიც ამის საშუალებას არ აძლევდა.

აგრიპამ ძილში აღიარა ქრისტე, რის გამოც სასტიკად ტანჯეს.

გამოღვიძებულმა ცხადად იხილა მოწამეთა თავზე მოლივლივე, მანათობელი გვირგვინები და შესძახა:

- ქრისტე, სასოო ქრისტიანთა, მიმიღე და შემინდე, რაც შენ წინაშე შევცოდე!

გამთენიისას დომნემ უხმო საბრძოლველად, აგრიპა კი ბრძოლისას ქრისტიანთ მიემხრო და ნათელ იღო.

დომნეს ყოველი მცდელობა, კვლავ გაეწარმართებინა, ამაო აღმოჩნდა და აგრიპა, სხვა მეომრებითურთ, მოწამე¬ბრივი აღსასრულისთვის განემზადა.

ყოველი მათგანი, გარდა ლავრენტისა, განგმირეს, ბორკილდადებული ნეტარი კი რომს გაამგზავრეს.

აგრიპას ყოფილი თანამებრძოლნი ეკლოვან ბუჩქებზე აიძულებდნენ სიარულს, შემდეგ კი საზარლად ტანჯეს, ხოლო როდესაც უზარმაზარ ლოდს სასწაულებრივად გადაურჩა და კოცონიდანაც უვნებლად გამოაღწია, მისმა ხუთასმა მეომარმა ირწმუნა ქრისტე, რის შემდეგაც, სხვა ათასობით ქრისტიანის მსგავსად, იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს.

აგრიპა კი გაუხედნავ ცხენსა და ველურ ტახს გამოაბეს, მაგრამ ცხოველები მყისვე მოთვინიერდნენ, რამაც იქ მყოფი ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია, იმპერატორს კი ისღა დარჩენოდა, ნეტარისთვის თავი წარეკვეთა, თუმცა, ჯალათმა ამის აღსრულებაზე უარი თქვა.

ანტიოქიას მიბრუნებული დომნეს და მის მეომრებს კი ღვთის რისხვა ეწია და მეხმა განგმირა.

რომს ჩაბრძანებულმა წმინდა ლავრენტიმ კი კვლავ უშიშრად დაამოწმა თავისი რწმენა და მოწამებრივად აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1