წმინდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი (ფოკა), პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვანი (+730) - 09 (22 ) აგვისტო
წმინდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი (ფოკა), პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვანი (+730) - 09 (22 ) აგვისტო
იმპერატორ ლეონ III ისავრიელს 726 თუ 730 წელს სანტორინის ვულკანის ამოფრქვევა ცუდად ენიშნა და ეს შემთხვევაც წმინდა ხატთა მიმართ სიძულვილად გამოიყენა: ვითომდა ზეგარდამო რისხვის თავიდან ასაცილებლად წმინდა გამოსახულებათა თაყვანისცემის ამკრძალავი პირველი ედიქტი გამოსცა.

შემდეგ კი მალევე აფრინა მეომრები, რომ მაცხოვრის უზარმაზარი, სასწაულმოქმედი ხატი ჩამოეხსნათ და იქვე დაგზნებული კოცონისთვის მიეცათ.

ცეცხლი რომ აინთო, ერთ-ერთმა მეომარმა ხატის ჩამოსახსნელად კედელს კიბე მიადგა, მაგრამ იქ მყოფმა ქრისტიანებმა არ დაანებეს, მეომარი კიბიდან ჩამოაგდეს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა, თან იმპერატორის ანათემისთვის გადაცემას ყვირილით ითხოვდნენ.

ეს რომ ლეონმა შეიტყო, საშინლად განრისხებულმა ამ შფოთის ყოველი მონაწილის დასჯა ბრძანა, მაგრამ რამდენადაც დამნაშავეთა პოვნა გართულდა, ამ ამბის მონაწილე 9 მონაზონი შეიპყრეს, საშინლად გვემეს და ციხეს უკრეს თავი და ყოველდღე 500 როზგი განუჩინეს.

ნეტარნი შვიდ თვეს ითმენდნენ ამ ტანჯვას, მათმა სიმტკიცემ კი ისე გააცოფა ლეონი, სახეზე დამდნარი რკინის დასხმა მიუსაჯა, შემდეგ კი თავის წარკვეთა.

სასჯელი იმ ადგილას აღსრულდა, რომელსაც კინესიად იხსენიებდნენ. იქვე ევნო მარიამ პატრიცია.

მარტვილთ ცხედრები მტარვალმა ზღვას მისცა (დაახლოებით 869 წელს მათი წმინდა ნაწილნი სასწაულებრივად აღმოიყვანეს და წმინდა მოკიოსის სახელობის ტაძრის სიახლოვეს გადაასვენეს).

ამ ამბებამდე მცირე ხნით ადრე წმინდა პატრიარქი გერმანე (ხსენება 12 მაისს) განდევნეს, რის შემდგომაც მთელი სისასტიკით აღდგნენ სიწმინდეთა შესაბილწად და მათ დამცველთა გასანადგურებლად.

ბეჭდვა
1კ1