წმინდა მღვდელმოწამე ნარკისი, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (+213-222) - 07 (20) აგვისტო
წმინდა მღვდელმოწამე ნარკისი, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (+213-222) - 07 (20) აგვისტო
წმინდა ქალაქის ეპისკოპოსად ნარკისი დაახლოებით 195 წელს, საკმაოდ ხანდაზმული აღირჩიეს. მოციქულთა შემდგომ იგი იერუსალიმის ოცდამეათე პატრიარქი გახლდათ, ადრიანეს მიერ ქალაქის დაქცევისა და იუდეველთა განდევნის შემდგომ კი - მეთვრამეტე.

წმინდა მამა აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო საქმეებში, აღსაყდრებიდან მცირე ხანში თეოფილე კესარიელთან ერთად თავმჯდომარეობდა საეკლესიო კრებას, რომელსაც აღდგომის ზუსტი თარიღი უნდა დაედგინა.

დადგინდა, რომ ეს დღე იუდეური პასექის შემდგომ კვირას უნდა ეზეიმათ, რაც იმის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რომ ძველი აღთქმა წარსულში დარჩა.

ღირსი მამის ლოცვით მრავალი სასწაული აღსრულდა, რიმელთაგან მატიანემ მცირეოდენი შემოგვინახა:

ერთხელ, ბრწყინვალე აღდგომისას, ზეთი შემოელიათ. წმინდა მამამ ჭურჭელი წყლით გაავსებინა, ილოცა, კანდელებში ჩაასხა და წყალი ზეთად აქცია.

ღირსი მამის სიწმინდე მრავალთ აღანთებდა შურით, ნარკისის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს, ცილი დასწამეს და ცრუ ბრალმდებელნიც უხვად მოუძებნეს, თუმცა, მათ სიტყვას არც ერთი გონიერი ადამიანი არ ენდო, წმინდა მამა, ასე რომ სწყუროდა განმარტოება, ფარულად დატოვა იქაურობა და უდაბნოს შეერთო, სადაც მრავალი წელი იცხოვრა.

მის ნაცვლად კი ჯერ დია აღასაყდრეს, შემდეგ კი - გერმანე და გორდია, რომლის გარდაცვალების შემდგომ ცილისმწამებლებზე ღვთის რისხვა გარდამოვიდა.

წმინდა ნარკისის იერუსალიმს დაბრუნებას უდიდესი ზეი¬მით და სიხარულით შეხვდა სამწყსო და ეკლესიას კიდევ მრავალი წელი ამსახურა თავი, სანამ ას თექვსმეტი წელი არ შეუსრულდა.

მთავარეპისკოსს სიყვარულით თანაშეეწეოდა წმინდა ალექსანდრე (ხსენება 12 დეკემბერს), რომელიც იერუსალიმის მოსალოცად ჩამოვიდა, საღვთო გამოცხადების შემდგომ კი მორწმუნეებმა დაარწმუნეს, კაპადოკიის საეპისკოპოსო კათედრაზე უარი ეთქვა და იქ დარჩენილიყო (212 წელი).

ღირსი მამა 213 (ან 222) წელს აღესრულა.

ბერძნული კალენდრის უწყებით, იგი მღვდელმოწამედ იხსენიება, რომელიც მახვილით განგმირეს, მაგრამ მისი წამების გარემოებათა შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1