მღვდელმოწამე ალექსანდრე ხოტოვიცკი, პრესვიტერი (+1937) - 07 (20) აგვისტო
მღვდელმოწამე ალექსანდრე ხოტოვიცკი, პრესვიტერი (+1937) - 07 (20) აგვისტო
წმინდა ალექსანდრე 1872 წელს დაიბადა, სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდგომ ჩრდილოეთ ამერიკაში წარგზავნეს, სადაც ალასკის ეპისკოპოსმა მღვდლად დაასხა ხელი.

წმინდა მამის ძალისხმევით ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში მრავალი სამრევლო შეიქმნა და ბევრი იშრომა, რომ საეკლესიო ცხოვრება მოეწესრიგებინა.

თვრამეტწლიანი სამისიონერო ღვაწლის შემდგომ ნეტარმა სამი წელი ჰელსინკს იმსახურა (1914-1917 წლები), შემდგომ კი მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის იკონომოსად დაინიშნა.

წმინდა ტიხონის (ხსენება 25 მარტს) უახლოესი თანაშემწე, აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის საეკლესიო კრების მუშაობაში.

წითელი რევოლუციისას (1920-1921 წლები) ალექსანდრე მრავალგზის დააპატიმრეს, 1922 წლის მარტში კი ეკლესიის ქონების კონფისკაციაში ხელის შეშლის, სამწყემსმთავრო მოღვაწეობისა და მშიერთათვის საკვების შეგროვების ორგანიზებისათვის ციხეს უკრეს თავი, სასამართლოზე თავი მშვიდად და ღირსეულად ეჭირა, საბჭოთა მთავრობამ კი 10 წლის პატიმრობა მიუსაჯა.

თუმცა, 1923 წელს ნეტარი მოულოდნელად გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან სამოძღვრო მსახურება მოსკოვს განაგრძო.

1924 წლის სექტემბერში, პატრიარქ ტიხონისადმი თანადგომისა და რელიგიური მოღვაწეობის ბრალდებით ალექსანდრე კვლავ დააპატიმრეს და სამი წლით გადაასახლეს ტურუხანში, სადაც მრავალი ტანჯვა დაითმინა.

დაბრუნებისთანავე მიტროპოლიტ სერგის უახლოესი თანაშემწე გახდა, პროტოპრესვიტერის ხარისხი ებოძა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1937 წლის მასობრივი რეპრესიებისას, ნეტარი კვლავ შეიპყრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს, სადაც, მილიონობით აღმსარებლის მსგავსად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1