წმინდა მოწამე ოსვალდი, ნორტუმბრიის მეფე (+642) - 05 (18) აგვისტო
წმინდა მოწამე ოსვალდი, ნორტუმბრიის მეფე (+642) - 05 (18) აგვისტო
წმინდა ოსვალდი VII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და ბერნიკიის (ნორტუმბრია - ინგლისის შვიდი სამეფოდან ერთ-ერთი გახლდათ, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა, - ბერნიკისა და დეირისაგან) ხელმწიფის, ელფრიდის ვაჟი გახლდათ, რომელიც აღმოსავლეთ ინგლისის მეფესთან ომში დაიღუპა, თავად ოსვალდი კი შოტლანდიას შეეფარა და იონას მონასტერში მოინათლა.

634 წელს უელსის ხელმწიფემ, მერსიის სასტიკ ხელმწიფესთან, პენდთან შეკრა კავშირი, ნორტუმბრიას დაეუფლნენ და მისი მეფე, წმინდა ედვინი.

საიმდროოდ წმინდა ოსვალდს ოცდაათი წელი შეუსრულდა, თავისი მცირერიცხოვანი არმია შეკრიბა და ღვთის შემწეობით გაათავისუფლა თავისი მიწა.

იხილა რა ბრძოლის ველზე მტრის სიმრავლე, იქვე ხის ჯვარი დაადგმევინა და წმინდა კოლუმბანის (ხსენება 9 ივნისს) გამოცხადებით ნუგეშცემულმა მეორე დღეს მტერს სძლია.

ამ გამარჯვებამ საშუალება მისცა, სხვა მიწებიც შემოემტკიცებინა და მიხვდა, რომ ყოველივე ღვთის ძალით აღსრულდა, რომ თანამემამულეთ უფალი შეემეცნათ.

მაშინ ჩრდილოელ საქსებს შორის ქადაგების განსაახლებლად იონას მონასტრის ირლანდიელ მამებს უხმო.

პირველი მისიონერის გარდაცვალების შემდგომ მის ნაცვლად მონასტრის ძმობამ წმინდა ეპისკოპოსი აედანი (ხსენება 31 აგვისტოს) წარმოგზავნა.

მას არაერთი კელტი მონაზონი მოჰყვა თან, რეზიდენცია კი კუნძულ ლინდისფარნზე მოეწყო, მოგვიანებით წმინდა კუნძულად რომ იწოდა.

რამდენადაც აედანი ანგლოსაქსურ ენებს არ ფლობდა, წმინდა ოსვალდი თარჯიმნობას უწევდა. ხელმწიფე და ეპისკოპოსი ერთურთს ეცილებოდნენ სათნოებათა მოხვეჭაში, მათმა ანგელოზებრივმა ცხოვრებამ მრავალი იქაური მოაქცია.

ხელმწიფე თითქოს ცათა სასუფევლის მოხვეჭას უფრო ესწრაფვოდა, ვიდრე - სახელმწიფოსთვის ახალ მიწათა შემომტკიცებას, ღამეებს უძილო ლოცვაში განლევდა და მზად იყო, ძვირფასი ჭურჭელი ნაწილებად ექცია, რომ უპოვართათვის დაერიგებინა.

ოსვალდმა უესექსის მეფის ასულზე იქორწინა და სიმამრი, ცოლეული და ჩრდილოეთ საქსები მოაქცია.

თუმცა, სამწუხაროდ, ამ ღვთივკურთხეულ სამეფოს დიდხანს არ ეწერა არსებობა - მხცოვანების მიუხედავად, მერსიის მრისხანე ხელმწიფემ პენდამ, ახალი კოალიცია შეკრიბა და ოსვალდს ომი გამოუცხადა, რომელიც 642 წლის 5 აგვისტოს, მასერფელდის ბრძოლით დასრულდა, რომელსაც ოცდათვრამეტი წლის ოსვალდი შეეწირა, - მტრის გარშემორტყმულმა და ისრებით განგმირულმა უკანასკნელად ეს წარმოთქვა:

- უფალო, იხსენ ეს სულნი!

მისი სხეული პენდას მიუტანეს, რომელმაც მისთვის ხელ-ფეხის და თავის წარკვეთა და სარზე ჩამოცმა ბრძანა.

ქრისტიანებმა მისი წმინდა ნაწილნი გამოისყიდეს და პატივით დაფლეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1