წმინდა მოწამე ქრისტოს პრევეზელი (+1668) - 05 (18) აგვისტო
წმინდა მოწამე ქრისტოს პრევეზელი (+1668) - 05 (18) აგვისტო
ეს წმინდა მოწამე XVII საუკუნეში ცხოვრობდა, წარმოშობით ეპირის სამხრეთით მდებარე ქალაქ პრევეზიდან გახლდათ და საკუთარ სარჩოს მეზღვაურობით მოირეწდა.

ერთხელ, კუნძულ კრეტიდან რომ ბრუნდებოდა, კუნძულ კოსზე შეჩერდა და აღსარების სათქმელად იქ მოღვაწე, ათონის დიდი ლავრიდან ჩამობრძანებულ მღვდელ-მონაზონს მიაშურა.

უკან მობრუნებული, პორტში იანიჩრების საუბარს შეესწრო, ქრისტიანობას და წმინდა ნათლობას აუგად რომ იხსენიებდნენ, საღვთო შურით აღივსო, წმინდა ჯვრის ნიშით აღიჭურვა და შეეპასუხა:

- მაგ სიტყვებს და სიძულვილს თქვენი სარწმუნოება იმსახურებსო!

იანიჩრები ეცნენ და გამხეცებული ბრბოს ველური შეძახილების თანხლებით ადგილობრივ მსაჯულს მიჰგვარეს.

ხოლო იმის პასუხად, - ქრისტე უარჰყავ, თორემ სიცოცხლეს გამოგასალმებთო, - ნეტარმა მსაჯულს სახეში შეანერწყვა და მრწამსი წაიკითხა.

1668 წლის 5 აგვისტოს ქრისტოსი ჯერ ხმლებით გვემეს, შემდეგ ქალაქგარეთ გაიყვანეს და ცოცხლად დაწვეს.

მის მარტვილობის ადგილს სამი დღის მანძილზე, თითქოს ელვა კრთებაო, უცნაური ნათელი, მის დაუმარხავ სხეულს კი ოცდაათი დღის მანძილზე არ მიჰკარებია არც ერთი მხეცი.

მისთვის პატივის მისაგებად იქ მისულმა მრავალმა ქრისტიანმა მიიღო კურნება.

წმინდა მოწამეო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1