წმინდა მოწამე ევსიღნი ანტიოქიელი (+362) - 05 (18) აგვისტო
წმინდა მოწამე ევსიღნი ანტიოქიელი (+362) - 05 (18) აგვისტო
უფლის ეს რჩეული ანტიოქიაში იშვა, 110 წლის გახლდათ, რომელთაგანაც სამოცზე მეტი ჯარში, სამი იმპერატორის, - კონსტანტინე პირველის (305-306 წლები), წმინდა კონსტანტინე დიდის და კონსტანტინე მეორის სამსახურისთვის შეელია.

ისე მოხდა, რომ იულიანე განდგომილის ჟამს, 361 წელს, ორმა წარმართმა თავიანთ კამათში ჩარევა სთხოვა.

იმან, ვინაც წმინდა მოხუცმა ამ დავაში გაამტყუნა, მყისვე იულიანესთან დაასმინა, - არა მხოლოდ ჯვარცმულს ესავს, მსაჯულადაც მოაქვს თავი, რაც ოდენ იმპერატორთა პრივი-ლეგიააო.

იულიანემ მაშინვე დაიბარა ევსიღნი და რისხვით ჰკითხა, - ხელმწიფეთა ძალაუფლებას რად აკნინებო? - და დასჯით დაემუქრა.

- სინამდვილეში ჩემი სარწმუნოების მიზეზით მსჯიო! - მიუგო ევსილინიმ.

მაშინ უსჯულო დაემუქრა, - ავაზაკთა მსგავს ხვედრსა გწევო!

ევსიღნიმ კი ის წლები გაახსენა, საიმპერატორო არმიაში სამსახურს რომ შესწირა და სამართლიანი სასამართლო მოითხოვა.

მომდევნო დღეს იმპერატორი კაპადოკიის კერასიაში აპირებდა გამგზავრებას, სადაც სპარსეთთან ომის წინ ჯარი უნდა შეეკრიბა და წმინდა მოხუცის იქ წაყვანაც ინება.

ანტიოქიის ეკლესიის დიაკონი და წმინდა ევსიღნის ნათესავი ხელმწიფის მხლებელთ ფარულად გაჰყვა და ტყვედქმნილამდე შეუმჩნევლად მიაღწია. ნეტარმა სთხოვა, ეპოვა მდივანი, რომელიც სასამართლო პროცესს ქრისტიანთათვის ჩაიწერდა.

მაშინ ევსტოქი შეჰპირდა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა, ყოველივეს თავად აღნუსხავდა.

იულიანემ კესარიაში შესვლისთანავე ბრძანა ევსიღნის მიყვანა, რომელიც, მხცოვანების მიუხედავად, განსაცვიფრებელ სულიერ და ფიზიკურ ძალას ფლობდა, საწამებელი იარაღები აჩვენა და კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა.

ნეტარმა კი პასუხად მიუგო:

- დაე, სატანამ მიგცეს მარადიულ სატანჯველს! კარგად უწყი, რომ ამას არ ვიქმ!

მტარვალის ბრძანებით ნეტარი მუხის ხეზე გააკრეს, ჯერ ტყავი გააძრეს, შემდეგ კი - სხეული გავარვარებული მაშხალებით ამოუდაღეს.

ხოლო როდესაც იქაურობა დამწვარი ხორცის სუნმა აღავსო, იულიანემ ამ საშინელი სატანჯველის განმეორება ბრძანა.

- შენი წინამორბედის, კონსტანტინე დიდის ღირსი არ ხარ, ვის ჟამსაც ქრისტე შევიმოსე, - მდურვით პასუხობდა ევსიღნი.

მაშინ კი აღევსო მოთმინების ფიალა მტარვალს და წმინდა მოხუცს თავი წარჰკვეთა.

გადმოცემის თანახმად, ნეტარი ევსიღნი მიწას წმინდა ბასილი დიდმა მიაბარა.

მისი მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ იულიანე მართლაც წარვიდა სპარსეთს, სადაც მტერთაგან მოიკლა.

ბეჭდვა
1კ1