მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი და მასთან ერთად აღსრულებულნი (+257) - 02 (15 ) აგვისტო
მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი და მასთან ერთად აღსრულებულნი (+257) - 02 (15 ) აგვისტო
წმინდა სტეფანე რომის ტახტზე 254 წელს აღსაყდრდა, გადმოცემის თანახმად, ქრისტიანთა დევნისას იქაურობას განერიდა, თუმცა, მატიანის მოწმობით, ვალერიანეს ჟამინდელი დევნა ოდენ მისი გარდაცვალების შემდგომ დაიწყო.

ნეტარი მამა ფარულად განსწავლიდა წარმართთ, ნათლავდა და მათ შორის ყველაზე წარმატებულთ მღვდლად, დიაკვნად ან მედავითნედ ასხამდა ხელს.

დიდი საფრთხის მიუხედავად, წმინდა მოწამეთა ცხედრებს აპატიოსნებდა და ქრისტიანულად კრძალავდა.

ხოლო როდესაც მის მოწაფეთაგან რამდენიმემ სისხლით დაამოწმა რწმენა, სტეფანე თავად წარუდგა მდევნელთ, რომელთაც წმინდა მამა მარსისთვის მსხვერპლის შესაწირად მის ტაძარში მიიყვანეს, თუმცა, მისი ლოცვით, შენობა შეინძრა, შიშნაჭამი მცველნი კი იქაურობას თავქუდმოგლეჯილნი გაეცალნენ.

მოკლე ხანში წმინდა მღვდელმთავარმა კამპანიას მიაშურა და წმინდა ლუკიანეს სამარესთან წირა. სწორედ იქ იპოვეს ჯარისკაცებმა და ხანგრძლივი ტანჯვის შემდგომ, 257 წელს, თავი წარჰკვეთეს.

ხატის წყარო

* * *

ხსენება ღირსმოწამისა პლატონისა (კოლეგოვი), მღვდელ-მონაზვნისა (+1937)

ბეჭდვა