წმინდა მოწამე თეოდორე ჩანაკალიელი (+1690) - 02 (15 ) აგვისტო
წმინდა მოწამე თეოდორე ჩანაკალიელი (+1690) - 02 (15 ) აგვისტო
ქრისტეს ეს რჩეული მოღვაწე XVII საუკუნის II ნახევარში, ჰელესპონტზე, სოფელ ერენკეში იშვა, ჭაბუკობაში კი ქალაქ ჩანაკალში (ბერძნულად - დარდანელიაში) გადავიდა და ქუნჯუთის ზეთის გამოხდას მიჰყო ხელი.

ერთმა მდიდარმა თურქმა ოცი წლის თეოდორესთვის თავისი ქალიშვილის მითხოვება გადაწყვიტა და ტკბილი სიტყვით შეეცადა მის გამუსლიმანებას, მაგრამ როდესაც მის მტკიცე უარს ვერაფერი მოუხერხა, მაგიას მიმართა, - სნეულებაში მყოფი ჯადოსნობით განკურნა, შემდეგ კი, ოდეს ნაირ-ნაირი დაპირებით კვლავ ვერა გააწყო რა, ცილი დასწამა: - თეოდორე შემპირდა, კურნების შემთხვევაში ისლამს მივიღებ, შემდეგ კი თავის სიტყვას უღალატაო!

თეოდორეს მყისვე ციხეს უკრეს თავი და საშინელ ტანჯვას მისცეს, შემდეგ ერთმა მღვდელმა მასთან შეღწევა მოახერხა და აზიარა, ნეტარმა კი უამბო, თუ როგორ განამტკიცებდა სასწაულებრივად ამ დღეთა განმავლობაში ღვთიური ნათელი.

მოკლე ხანში თურქებმა განავლით სავსე ორმოში ჩააგდეს, სამი დღის შემდეგ კი - ცხენს გამოაბეს და თურქთა სამსჯავროს წარუდგინეს.

თუმცა, ტანჯვამ მარტვილი უფრო განამტკიცა და ოდეს ტაძრის სიახლოვეს ჩაატარეს, თოკები, რომლითაც თეოდორე შეებოჭათ, მომდოვრდა, რის წყალობითაც ნეტარმა ცხენიდან ჩამოხტომა შეძლო, რომ უფლის სახლის წინ ქედი მოედრიკა და წარმოეთქვა:

- ოდენ ერთი, ჭეშმარიტი სარწმუნოება არსებობს, - მართლმადიდებლობა!

1690 წლის 2 აგვისტოს თეოდორეს სიკვდილი მიუსაჯეს, განაჩენის აღსასრულებლად ქალაქის იმ ნაწილში წარიყვანეს, სადაც უცხოელი დიპლომატები ცხოვრობდნენ და თავი ფრანგი ელჩის თვალწინ მოჰკვეთეს.

მსჯავრის აღსრულებამდე, როგორც სჩვეოდათ, სახეზე ტილოს ჩამოფარება დაუპირეს, რაც თეოდორემ ამ სიტყვებით იუარა:

- ქრისტესთვის სიკვდილი ნებით ავირჩიეო!

ქრისტიანებმა თეოდორე ტაძრის ეზოში დაკრძალეს, ხოლო როდესაც მის საფლავზე მრავალი კურნება და სასწაული აღსრულდა, წმინდა ნაწილები ტაძარში გადააბრძანეს.

1773 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის ჟამს, თურქებმა ტაძარი გადაწვეს, თუმცა, წმინდა ნაწილთ ცეცხლმა ვერა ავნო.

1922 წელს, ბერძენთა თურქეთიდან განდევნისას, ჩანაკალელებმა თავიანთი საგანძური - წმინდა თეოდორეს პატიოსანი თავი ტაძრიდან გამოაბრძანეს და ნიკეაში, წმინდა ქსენიას სახელობის ტაძარში დაასვენეს, სადაც დღემდე მიაგებენ პატივს.

რამდენადაც იმ დროის ახალმოწამეთა ცხოვრების ამსახველი კრებულები არ არსებობს, წმინდა თეოდორეს მარტვილობამ ჩვენამდე ზეპირსიტყვიერად და ივერთა მონასტერში შემონახული ხელნაწერის სახით მოაღწია.

ბეჭდვა
1კ1