წმინდა ქალწულმოწამე ელესა კიფერელი (+375) - 01 (14 ) აგვისტო
წმინდა ქალწულმოწამე ელესა კიფერელი (+375) - 01 (14 ) აგვისტო
ეს წმინდა ქალწული IV საუკუნის II ნახევარში, პელოპონესზე ცხოვრობდა, მამამისი წარჩინებული წარმართი გახლდათ, დედა კი ქრისტიანი.

თოთხმეტი წლისას დედა გარდაეცვალა და მამამისმა გათხოვება დაუპირა, მაგრამ რამდენადაც ელესას ცხოვრების ღვთისთვის მიძღვნა სწყუროდა, მამას უარი განუცხადა.

ერთხელაც, მამის შინ არყოფნისას ელესამ უხვად გასცა მოწყალება და ორ მსახურ ქალთან ერთად კუნძულ კიფერს (კიფარს) მიაშურა.

კუნძული უკაცრიელი გახლდათ - ოდენ გარეულ ცხოველებს თუ შეხვდებოდით, ნეტარმა ქალწულმა ლოცვით გველის ნაკბენით გარდაცვლილი მეზღვაური მკვდრეთით აღადგინა, შემდეგ კი კვლავ ტყეს შეაფარა თავი.

როგორც კი ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ შეიტყო, მამა საშინლად განრისხდა და გულცეცხლიანი გაეშურა მის საპოვნელად და მოსაკვდინებლად. მალე ის მეზღვაური იპოვა, ვინაც ელესა კუნძულზე გადაიყვანა და აიძულა, ის ადგილი ეჩვენებინა, სადაც ნეტარი ნავიდან გადმოსვა.

კარგა ხნის ძიების შემდეგ ქალიშვილი იპოვა და ჯერ ცრემლიანი შეგონებით შეეცადა გადმობირებას, მაგრამ ვერას გახდა, - მიჯობს, გარეულ მხეცთა შორის ვიცხოვრო, ვიდრე - კერპთაყვანისმცემლებთანო, - განუცხადა ნეტარმა.

მაშინ კი აღევსო მოთმინების ფიალა მამას, ელესას თმაში სწვდა და მიწაზე თრევით და ცემით წაათრია, ნეტარი კი ხმამაღლა იმეორებდა:

- უფალო, შემიწყალე!

მხეცქმნილმა მამამ ასული ხეზე თმით დაკიდა და იქამდე აწამა, სანამ სული არ ამოხადა, მაგრამ როგორც კი ხიდან ჩამოხსნა, ელესას სიცოცხლე დაუბრუნდა და გაიქცა.

კლდე, რომელიც წმინდა ქალწულს გადაეღობა, უეცრად გაიხსნა და ნეტარს გზა მისცა, მამამისი მაინც ეწია ქალწულს, თავი ქვით გაუჩეჩქვა, შემდეგ კი - წარკვეთა (375 წელს).

ელესას მსახურმა ნეტარის ცხედარი გააპატიოსნა და ღირსეულად მიაბარა მიწას. მის სამარესთან ორმოცი დღის მანძილზე ისმოდა ანგელოზთა გალობა. სწორედ ამ მსახურის წყალობით შეიტყვეს ქრისტიანებმა ელესას მარტვილობის ამბავი, მის სამარეზე მცირე ტაძარი აღმართეს, რომელიც სასწაულთა ერთგვარ წყაროდ იქცა.

წმინდა ელესა კუნძულ კიფერის მფარველად ითვლება.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1