წმინდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, რადგან მას კანონიერი მემკვიდრე არ დარჩა, დარბაზმა მეფედ ლაშა-გიორგის და, რუსუდანი, აიყვანა ტახტზე. მისი მეფობის დროს კიდევ უფრო აიშვეს თავი დიდებულებმა - ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებდნენ. 1225 წლამდე საქართველოს წვრილ-წვრილი ომები ჰქონდა გამდგარ ქვეყნებთან და ყივჩაღებთან. 1225 წელს საქართველოს დიდი საფრთხე დაემუქრა ჯალალედინის სახით.

ჯალალედინი მისი სამფლობელოდან, ხვარაზმიდან, მონღოლებმა გააძევეს. მან შეძლო ირანის დიდი ნაწილის დამორჩილება. დაიკავა ირანის აზერბაიჯანიც და საქართველოში გამოლაშქრება გადაწყვიტა. დიდძალი ლაშქარი შეკრიბა - 140 000 მეომარი (სომხური წყაროებით - 200 000). ჯალალედინი 1225 წლის ზაფხულში შემოვიდა საქართველოში და იმავე წლის დეკემბერში უკვე თბილისისკენ გამოემართა. რუსუდანმა დატოვა თბილისი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მტერმა გააფთრებული ბრძოლით ქალაქი დაიკავა. ჯალალედინის ბრძანებით, ქალაქში უმაგალითო ხოცვა-ჟლეტა გაიმართა. დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას. მისი ბრძანებით სიონის ტაძარს გუმბათი მოანგრიეს, მის ნაცვლად კი ტახტი დადგეს და ჯალალედინი დაჯდა. მტკვრის ხიდის თავში იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები დაყარეს და აქ მორეკილ ქრისტიანებს აიძულებდნენ, ხატები ფეხით გაეთელათ. ვინც ამას არ შეასრულებდა, თავს კვეთდნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოწამებრივი სიკვდილი არჩია ხატების შეურაცხყოფას. მემატიანის ცნობით, დაახლოებით 100 000 კაცი დაიღუპა.

ხვარაზმ-შაჰმა თბილისში უზარმაზარი სიმდიდრე იგდო ხელთ. მისმა მოლაშქრეებმა დაუნდობლად გაძარცვეს ეკლესიები და მოსახლეობა. ხუთწლიანი თარეშის მიუხედავად, მათ საქართველოს დამორჩილება ვერ შეძლეს. მალე ჯალალედინს აცნობეს, რომ მონღოლებმა მდინარე ამუდარია გადმოლახეს და მასთან საომრად გამოემართნენ. ჯალალედინს მოკავშირეები შემოეცალნენ, ხოლო 1231 წელს უსახელოდ დაიღუპა ქურთისტანში. ჯალალედინის გამანადგურებელმა ლაშქრობამ საქართველო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. განადგურდა ქალაქები და სოფლები, დიდძალი მოსახლეობა დაიღუპა, ან ტყვედ ჩავარდა. საქართველოს ჩამოშორდა ყმადნაფიცი ქვეყნების დიდი ნაწილი. შესუსტდა ცენტრალური ხელისუფლება. რუსუდანი ვერ ახერხებდა აჯანყებული ფეოდალების დამორჩილებას.

მალე, 1235 წელს, საქართველოს სამხრეთ საზღვრებს მონღოლები მოადგნენ. მათ დაიპყრეს ირანი, ადარბადაგანი და საქართველოს ყმადნაფიც შირვანში დათარეშობდნენ. აიღეს და მიწასთან გაასწორეს ქალაქი განძა. შემდეგ საქართველოს საზღვრები გადმოლახეს, აიღეს ქალაქი შამქორი და გარდაბანი. რუსუდანმა, რომელიც ახალდაბრუნებული იყო დასავლეთ საქართველოდან, როგორც კი გაიგო მონღოლების შემოსვლის ამბავი, მაშინვე ქუთაისს მიაშურა და ბრძანა, მონღოლების გამოჩენისთანვე დედაქალაქი გადაეწვათ და უომრად გასცლოდნენ მტერს. ზოგიერთი ფეოდალი თავის სამფლობელოში ჩაიკეტა და ასე აპირებდა შეწინააღმდეგებას. საქართველოს ამირსპასალარმა ავაგ ათაბაგმა ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, იმ პირობით, რომ მონღოლებს მისთვის სამფლობელოები შეენარჩუნებინათ, დამპყრობლებს არ შეებრძოლებოდა. ასევე უომრად დანებდნენ მონღოლებს სხვა ქართველი დიდებულებიც. მხოლოდ სამცხის მთავარი ივანე-ყვარყვარე ჯაყელი-ციხისჯვრელი განაგრძობდა ბრძოლას. ვიდრე რუსუდანმა არ უბრძანა დანებება.

მონღოლებმა უომრად აიღეს გადამწვარი თბილისი. მათ საქართველოს დასაპყრობად გადამწყვეტი ან გენერალური ბრძოლა არ დასჭირვებიათ. ქვეყნის ბედი ფეოდალების პირადმა ინტერესებმა და სახელმწიფო ხელისუფლების უნიათობამ გადაწყვიტა... აღმოსავლეთ საქართველოს დასაპყრობად გამართული ბრძოლები 7-8 წელიწადს გაგრძელდა. დასავლეთ საქართველოში გადასვლა მონღოლებმა ვერ შეძლეს. მთაგორიან და ტყიან იმერეთში მონღოლთა ცხენოსანი ჯარი მოუქნელი იყო.

დასავლეთ საქართველოში გადასული მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა, რომ მონღოლებთან ბრძოლისთვის თანადგომა მიეღო. რუსუდანმა რომის პაპს მისწერა წერილი, სადაც დახმარებას ითხოვდა. სამაგიეროდ, ჰპირდებოდა, რომ კათოლიკურ რწმენაზე გადავიდოდა და რომის პაპის უზენაესობას ცნობდა. რუსუდანმა დასავლეთიდან ვერავითარი დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ რუსუდანს ერთადერთი იმედი რჩებოდა, რომ მონღოლებს რუმის სულთანი დაამარცხებდა. რუმის სულთანი ყიას ედ-დინი რუსუდანის სიძე იყო და საქართველოს მეფე იმედოვნებდა, რომ მონღოლთა მარცხის შემთხვევაში, საქართველო ადვილად შეძლებდა მათი ბატონობისაგან თავის არიდებას. მაგრამ ეს იმედიც გაუცრუვდა. მონღოლებმა 1243 წელს რუმის სულთანი დაამარცხეს, ამის შემდეგ საქართველოს მეფეს მონღოლებთან ზავის მეტი არაფერი დარჩენოდა...

მონღოლთა სარდლობასთან მოლაპარაკების შემდეგ დაიდო ზავი, რომლის ძალითაც საქართველოში შენარჩუნებული იქნა მეფობა. მონღოლებს ქვეყნის მართვაში არავითარი ცვლილება არ უნდა შეეტანათ. რუსუდანი კვლავ "ყოველი საქართველოს" მეფედ რჩებოდა, მხოლოდ ეს უფლება მონღოლებისაგან უნდა მიეღო. მასვე უბრუნდებოდა თბი¬ლისი და მონღოლების მიერ დაკავებული სხვა ქალაქებიც. მონღოლთაგან დაპყრობილ აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლთა ჯარი დარჩებოდა, დასავლეთ საქართველოში, რომლის დამორჩილებაც მონღოლებმა ვერ შეძლეს, დამპყრობლების ჯარი არ შევიდოდა, მაგრამ მონღოლთა ხლისუფლებას დაემორჩილებოდა, გადასახადს კი ერთიანი საქართველო გადაიხდიდა. ხარკის რაოდენობა იყო 40-50 ათასი პერპერა. საქართველოს ჯარი უნდა გამოეყვანა მონღოლთა მხარეს.

პირობის თანახმად, დავით რუსუდანის ძე ყაენის ურდოში გაგზავნეს ტახტის მემკვიდრედ დასამტკიცებლად. გავიდა დრო და მის შესახებ არაფერი ისმოდა, ამასობაში, 1245 წელს, გარდაიცვალა რუსუდანი და საქართველო უმეფოდ დარჩა.

მონღოლებმა ისარგებლეს საქართველოში შექმნილი ვითარებით და ქვეყანა დაყვეს სამხედრო-საგამგებლო ერთეულებად - დუმნებად.

სწორედ ამ დროს გაბრწყინდა ჩვენი ერის ისტორიაში წმინდა ცოტნე დადიანი.

ქართული ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ გვარსახელი "დადიანი" ნაწარმოები უნდა იყოს საკუთარი სახელისაგან "დადი". იმასაც ვარაუდობენ, რომ დადიანები და ვარდანისძენი ერთი საგვარეულოს ორი დამოუკიდებელი განშტოებაა. "მატიანე ქართლისა" 1046 წლის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს იოანე (ივანე) დადიანს, რომელიც დადიანთა საგვარეულოს ფუძემდებლად არის მიჩნეული.

განსაკუთრებით გაძლიერდნენ დადიანები XII საუკუნის 80-იან წლებში. მათგან გამოირჩეოდნენ ბედიან და ვარდან დადიანები. XII-XV საუკუნეებში დადიანებს ოდიშის, ზოგჯერ სვანეთისა და სამოქალაქოს ერისთავობა ეპყრათ. XVI საუკუნის 50-იან წლებში ლევან I დადიანი დამოუკიდებელი მთავარი გახდა. ამ დროიდან "დადიანი" ჯერ ოდიშის მთავრის ტიტულად გადაიქცა, შემდეგ კი ოდიშის მთავართა გვარსახელად იქცა.

ცოტნე შერგილის ძე დადიანი, XIII საუკუნის მოღვაწე, დადიანთა საგვარეულოს განთქმული წარმომადგენელია...

როგორც უკვე ვთქვით, მონღოლებმა საქართველო სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად - "დუმნებად" (ქართულად "ბევრი") დაყვეს და თითოეულ ასეთ ერთეულს მეთაურები დაუნიშნეს. "ჟამთააღმწერლის" ცნობით, მონღოლებმა 8 დუმნად დაყვეს საქართველო. მეშვიდე და მერვე დუმნებად დასავლეთ საქართველოს თემების ჯარი იყო გამოყოფილი, რომლის სათავეში ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი ყოფილან ჩაყენებულნი. ცოტნე დადიანი ეგრისსა და გურიას განაგებდა, რაჭის ერისთავი კი ლიხთ-იმერეთის დანარჩენ თემებს ფლობდა.

უმეფობა და ქვეყნის დუმნებად დანაწილება ძნელად შესაგუებელი იყო ქართველთათვის. მონღოლთა ბატონობით უკმაყოფილო ქართველებმა გადაწყვიტეს აჯანყებულიყვნენ და დამპყრობელნი საქართველოდან გაეძევებინათ.

"ჟამთააღმწერლის" გადმოცემით, კოხტასთავს შეიკრიბნენ საქართველოს მთავარნი, იმერნი და ამერნი: ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუპრი, თონღაი პანკელი, თორელ გამრეკელი, სარგის თმოგველი და სხვ. ქართლელნი, ჰერ-კახნი, მესხნი და ტაოელნი. მათ დათქვეს აჯანყების დრო და ადგილი (შიდა ქართლი) და ჯარის მოსამზადებლად თავიანთ მხარეში დაბრუნება გადაწყვიტეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა მონღოლურ ლაშქრობებში მონაწილეობა. ქართული ჯარის მუდმივად უცხოეთში ყოფნის გამო საქართველო ფიზიკურად დაუძლურდა, გარეშე მტერი კი მის დასარბევად კიდევ უფრო გათამამდა. მუდმივ ლაშქრობას ვერ უძლებდნენ წვრილი აზნაურობა და ყმა-მსახურნი, რომელთა უმრავლესობით შედგებოდა ქართული ფეოდალური ჯარი.

კოხტასთავის შეთქმულება, როგორც ეს ქართულ ისტორიოგრაფიაშია მიღებული, 1246 ან 1247 წელს უნდა მომხდარიყო. იგი ვრცლად აქვს აღწერილი "ჟამთააღმწერელს".

კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა "დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა". ცოტნე დადიანი, "კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა" და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების ამბავი გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.

შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ. ასეთი ტანჯვა-წამება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ მონღოლებმა შეთქმულების გატეხვა მაინც ვერ მოახერხეს.

როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, "მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა". ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ.

მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. "ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაჲ თქუენი აღვასრულოთ - ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო", - უპასუხა ცოტნემ.

ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს. "ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ", - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა.

აღმსარებლის ცოტნე დადიანის ტროპარი
აღმსარებელმან შენმან, უფალო, ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთა და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენმიერი ძალი; მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

აქვე წაიკითხეთ:

იაკობ გოგებაშვილი - ცოტნე დადიანი

ცოტნეს გმირობას გაექვავებინა მონღოლთა ბანაკი

ხობის მონასტერი - ღვთისმშობლის კვართის სავანე

ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, ცოტნე დადიანის საფლავს მიაგნეს .

ბეჭდვა
1კ1