მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი და მისი სამი მოწაფე: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი (+დაახლ. 273) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი და მისი სამი მოწაფე: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი (+დაახლ. 273) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
ძველი სტილით 30 ივლისს (12 აგვისტოს) ეკლესია იხსენიებს III საუკუნის წმინდანებს: მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსს, მის სამ მოწაფეს: პროკულის, ეფიბის და აპოლონს და მართალ აბუნდის.

ვალენტინე იყო იტალიის ქალაქ ინტერამნის (ამჟამად ტერნი) ეპისკოპოსი. გამოირჩეოდა განკურნების შესაძლებლობით. მან განკურნა რომაელი არისტოკრატის კრატონის ძე ქერიმონი. ქერიმონის განკურნება ღვთის შეწევნით ვალენტინეს ლოცვით ასე მოხდა: იმ ხანებში ათონიდან რომში სასწავლებლად ჩავიდა სამი წარმართი ჭაბუკი: პროკული, ეფიბი და აპოლონი. მათ მოძღვარიც პოვეს, სახელად კრატონი და მის სახლში დამკვიდრდნენ. კრატონის ძე, ქერიმონი მძიმედ დასნეულდა: წელში ისე მოიხარა, რომ თავი მუხლებს შორის მოექცა. სასოწარკვეთილმა მამამ ეპისკოპოს ვალენტინეს სთხოვა დახმარება. ღვთისმოყვარე მღვდელმთავარმა თხოვნა უპასუხოდ არ დატოვა: რომში ჩავიდა, ავადმყოფ ჭაბუკთან ერთად ოთახში გამოიკეტა და მთელი ღამე ლოცულობდა. დილით ბედნიერმა მშობლებმა იხილეს, რომ მათ შვილს ძველი სნეულების კვალიც არ ეტყობოდა, ირწმუნეს ქრისტე და მთელ სახლეულთან ერთად მოინათლნენ. ნათელიღეს პროკულმა, ეფიბიმ და აპო¬ლონმაც და ქერიმონთან ერთად ვალენტინეს დაემოწაფნენ. ვალენტინეს მკურნალის სახელი გაუვარდა მოსახლეობაში. გააქრისტიანა მრავალი ადამიანი, მათ შორის იყო ქალაქისთავის ძე, აბუნდიც, რომელმაც ნათლისღების შემდეგ ყველას წინაშე აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. იმ დროს, როცა მთელ სამყაროში წარმართული მრავალღმერთიანობა ბატონობდა, ქრისტიანობა კი იდევნებოდა, ეს საოცრად გაბედული საქციელი იყო. ხელისუფალთა რისხვა სულიერ მამას, ვალენტინეს დაატყდა თავს. ამის შემდეგ ვალენტინე დააპატიმრეს, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მოწაფეები არ დაერიდნენ საფრთხეს და აქაც აკითხავდნენ მოძღვარს. მალე წმინდა მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს. პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმა სულიერი მამის წმინდა ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. ჭაბუკები მთელი დღეების მანძილზე დაუდუმებლად ლოცულობდნენ ძვირფას საფლავთან. როცა ყოველივე ეს ქალაქის ხელისუფალთათვის გახდა ცნობილი, ყმაწვილები შეიპყრეს და ღამით, ფარულად, თავები მოჰკვეთეს. როცა ქალაქის თავის ძემ, აბუნდიმ შეიტყო, რომ მისი მეგობრები დატუსაღებულნი იყვნენ, მათ მოსანახულებლად გაეშურა, მაგრამ უფლის რჩეულთა გაციებული ცხედრებიღა იხილა. ძლიერ დამწუხრებულმა ჭაბუკმა უკანასკნელი პატივი მიაგო წმინდა მოწამეებს: მათი პატიოსანი ნეშტი მოძღვრის, მღვდელმთავარ ვალენტინეს საფლავის გვერდით დაკრძალა.

IV საუკუნეში წმინდა ვალენტინეს საფლავზე ბაზილიკა ააგეს, რომელიც რამდენიმე რეკონსტრუქციის შემდეგ ჩვენამდეა მოღწეული. ბაზილიკის მთავარ კარიბჭეში დასვენებულია წმინდანის ნეშტი.


ბეჭდვა
1კ1