წმინდა მოწამე თეოდოტია და მისი სამი ყრმა (+304) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა მოწამე თეოდოტია და მისი სამი ყრმა (+304) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა მოწამე თეოდოტია წარმოშობით ქალაქ ნიკეიდან იყო. მდიდარი ქვრივი თეოდოტია სამ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად მაკედონიაში ცხოვრობდა, საკუთარ მამულში. თავის სიმდიდრეს უხვად ხარჯავდა გლახაკთა დასახმარებლად და უპატრონო მიცვალებულთა დასასაფლავებლად. წმინდანს სულიერი მეგობრობა აკავშირებდა წმინდა ანასტასიასთან. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორივე წმინდა დედა დაატუსაღეს. სამსჯავროზე დიდებული კარისკაცი ლევკადიუსი მოიხიბლა თეოდოტიას მშვენიერებით. გადაწყვიტა, შინ წაეყვანა და ცოლად შეერთო. ლევკადიუსის სახლში თეოდოტია შვილებთან ერთად სიწმინდით ატარებდა დღეებს; წარმართი ლევკიდიუსი ხან ემუქრებოდა, ხან ტკბილ სიტყვას მოუმარჯვებდა თეოდოტიას, ორ უსჯულო საქმეს აიძულებდა: ღმერთებს ეცი თაყვანი და ქორწინებაზე დამყაბულდიო. ყველაფერმა უნაყოფოდ რომ ჩაიარა, სასტიკად განრისხდა. ანასტასიას დააბრალა თავისი ხელმოცარვა. შეაბორკინა წმინდანი და სამსჯავროს გადასცა. თეოდოტია კი შეკრა და შვილებთან ერთად ბითვინიაში გაამგზავრა ანთიპატ ნიკიტიუსთან, თან წერილიც გაატანა, რომელშიც ყველაფერი წვრილად იყო აღწერილი.

ნეტარი თეოდოტია პროკონსულს წარუდგინეს. დაკითხვისას სატანჯველით დაემუქრა მმართველი ქალს. პასუხი თეოდოტიას უფროსმა ვაჟმა, ევიდომ გასცა, ჯერ კიდევ ყრმამ:

- მსაჯულო, ტანჯვით ვერ შეგვაშინებ. ტანჯვა ხორცს უხრწნელობას ანიჭებს, სულს კი - უკვდავებას. ჩვენ მხოლოდ ღვთისა გვეშინია. მას ხომ სულისა და ხორცის გეჰენიის ცეხცლში შეგდება ძალუძს.

მსაჯულმა მაშინვე ბრძანება გასცა, აქვე, დედის თვალწინ გაროზგეთ ყმაწვილი, დაასისხლიანეთო. დედა მხნედ შესცქეროდა შვილის ტანჯვას. სულით გამხიარულებული ღვთაებრივი სიტყვებით განამტკიცებდა ყრმას, წამება დაითმინეო. ამ გამოცდის შემდეგ თეოდოტია ერთ პირწავარდნილ უნამუსოს - ჰირტაკს გადაულოცეს წასაბილწად. მაგრამ მიუახლოვდა თუ არა უსჯულო ღვთის კეთილკრძალულ მხე¬ვალს და მიკარება სცადა, უცებ მის გვერდით ნათლითმოსილი ჭაბუკი იხილა. ჭაბუკმა მრისხანედ ჰკიდა თვალი და ისე ძლიერად დაარტყა სახეში, რომ ჰირტაკს სისხლი წასკდა. ეს სასწაული ანთიპატმაც იხილა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ კეთილკრძალულთა მფარველი ღვთის ძალა შეეცნო, უფრო გამძვინვარდა და გრძნეულებას მიაწერა ყოველივე. ბრძანა, ღუმელი გაავარვარეთ და დედა-შვილი შიგ შეყარეთო. ასე შეეწირა ღმერთს კეთილსათნო მსხვერპლად წმინდა თეოდოტია თავისი მუცლის კურთხეულ ნაყოფებთან ერთად. ისინი ცეცხლში აღესრულნენ.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1