წმინდა მოწამე სერაფიმა ქალწული (+117-138) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა მოწამე სერაფიმა ქალწული (+117-138) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა მოწამე სერაფიმა ქალწული II საუკუნეში ეწამა ქრისტესთვის. იგი ანტიოქიაში დაიბადა, მაგრამ რომში ცხოვრობდა დიდებულ ქალბატონ საბინასთან, რომელიც თავად მოაქცია ქრისტიანობაზე.

იმ დროს რომის იმპერიის ტახტზე ავიდა ელიუს ადრიანე (117-138 წწ.) - წარმართობის ერთგული, რომელსაც, მიუხედავად განსწავლულობისა, ჯადოქრობის, შელოცვებისა და მისნობის სჯეროდა. მასზე ძლიერ ზეგავლენას ახდენდნენ და ამას ქრისტიანთა წინააღმდეგ იყენებდნენ ქურუმები, რომელთაც ახალი სარწმუნოების გავრცელებამ დიდი შემოსავალი დააკარგვინა - დაცარიელდა წარმართული ტაძრები, სულ უფრო იშვიათი და უფერული ხდებოდა მსხვერპლშეწირვები... ქურუმები მთელი მონდომებით ცდილობდნენ, ხალხიც და მთავრობაც აემხედრებინათ ქრისტიანთა წინააღმდეგ და მათ განადგურებას ღმერთებისთვის მოსაწონ ქმედებად წარმოაჩენდნენ.

მმართველმა ბერილმა, სხვა ქრისტიანებთან ერთად, წმინდა სერაფიმასაც მოუხმო სამსჯავროზე. მოწამებრივი გვირგვინის მაძიებელი ქალწული უშიშრად გამოცხადდა მტარვალებთან. მას ერთგული საბინაც გაჰყვა თან. იხილა რა დიდგვაროვანი ქალბატონი, ბერილმა ჯერ გაათავისუფლა სერაფიმა, მაგრამ შემდეგ კვლავ გამოიძახა და დაჟინებით მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ნეტარმა ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მარტვილი მაშინაც კი ურყევი დარჩა, როცა სანთლების ალით წვა და დაუნდობელი გვემა დაუწყეს. გამხეცებულ ბერილს უფლის სასჯელი არ ასცდა: იმ არგანს მომწყდარი ხიწვი, რომლითაც სერაფიმას სცემდნენ, თვალში ჩაუვარდა და სამი დღის შემდეგ დაბრმავდა. წმინდა აღმსარებლის სულიერი ახოვნებით ძლეულმა მსაჯულმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. საბინამ კრძალვით მიაბარა მიწას ძვირფასი ცხედარი.


ბეჭდვა
1კ1