წმინდა მოწამე კალინიკე (+დაახლ. 250) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა მოწამე კალინიკე (+დაახლ. 250) - 30 ივლისი (12 აგვისტო)
წმინდა მოწამე კალინიკე III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა კილიკიაში. იგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა.

კალინიკემ გადაწყვიტა მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა. ნეტარი ებრძოდა წარმართთა უგუნურებას, ამხელდა მათ. იგი დაუზარლად დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ ანკვირიაში ნეტარი კალინიკე სამსჯავროზე წარადგინეს, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საკერდონის წინაშე. წამებისა და სიკვდილის მუქარით უღმრთო ხელისუფალი აიძულებდა უფლის რჩეულს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, მაგრამ წმინდანი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე.

განრისხებული მმართველის ბრძანებით წმინდა კალინიკე დაუნდობლად გვემეს ხარის ძარღვებით, მაგრამ იგი სიმშვიდითა და მოთმინებით იტანდა ტკივილებს. ამან კიდევ უფრო გაააფთრა საკერდონი. მან განკარგულება გასცა, წვერწამახულ ლურსმნებგაჩრილი ჩექმები ჩაეცვათ მარტვილისთვის და მათრახების ცემით წაეყვანათ დასაწვავად. წამებისგან დაუძლურებული, ფეხებდაფლეთილი და დასისხლიანებული კალინიკე უდრტვინველად მიჰყვებოდა ცხენზე ამხედრებულ მეომრებს.

ჯალათები საშინელ გვალვაში წყურვილისაგან გაითანგნენ და ტყვეს უთხრეს, ჭეშმარიტების დასამტკიცებლად უფლისგან წყლის აღმოცენება გამოეთხოვა. კალინიკემ ილოცა, და ლოდიდან მართლაც გადმოხეთქა საკვირველმა წყარომ. აღსრულებული სასწაულით გაოგნებული მეომრები თანაგრძნობით განიმსჭვალნენ წმინდანის მიმართ, მისი გათავისუფლებაც კი დააპირეს, მაგრამ სასჯელის შიში ვერ დაძლიეს: მაინც გააგრძელებინეს გზა ნეტარს. როცა დასჯის ადგილამდე ჩააღწიეს, მტარვალებმა დიდი კოცონი გააჩაღეს კალინიკეს დასაწვავად. მანაც, სიხარულით აღვსილმა, მადლობა შესწირა უფალს მოწამებრივი აღსასრულის მომადლებისათვის და თავად შევიდა ცეცხლში. მისი უხრწნელი ცხედარი კი მორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას.

ბეჭდვა
1კ1