წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი (+305) - 27 ივლისი (9 აგვისტო)
წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი (+305) - 27 ივლისი (9 აგვისტო)
მაშინ, როცა რომის იმპერიაში, ქრისტიანების საშინელი ჯალათი, უწმინდური მაქსიმიანე მეფობდა და თითქმის მთელი სამყარო კერპთაყვანისცემის ბნელით იყო მოცული, ქრისტეს მორწმუნეებს საშინლად დევნიდნენ და მრავალმა მათგანმა, იესო ქრისტეს წმინდა სახელის აღმსარებელმა, მოწამეობით დაასრულა სიცოცხლე. სწორედ მაშინ ბითვინიაში (ქვეყანა მცირე აზიის სანაპიროზე), ქალაქ ნიკომიდიაში, ქრისტესთვის ევნო წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი.

წმინდა პანტელეიმონი დაიბადა ნიკომიდიაში, ცნობილ და მდიდარ ოჯახში. მამამისს ევსტორგი ერქვა, დედას კი ებმულია. მამამისი წარმართი გახლდათ, მხურვალე კერპთაყვანისმცემელი, დედა კი - ქრისტიანი, რომელსაც წმინდა სარწმუნოება წინაპართაგან ესწავლა და ქრისტეს მხურვალე მსახური იყო. თუმცა ხორციელად შეერთებულნი, განყოფილნი იყვნენ სულიერად: კაცი მსხვერპლს სწირავდა ცრუ ღმერთებს, ხოლო ქალი "ქების მსხვერპლს" შესწირავდა ჭეშმარიტ ღმერთს. მათ ახალშობილ ყრმას პანტოლეონი უწოდეს, რაც "ლომისნაირს" ნიშნავდა, ანუ გულისხმობდნენ, რომ ის მხნეობით ლომს მიემსგავსებოდა. მაგრამ შემდგომში მას სახელი გადაერქვა და პანტელეიმონი ეწოდა, რაც ითარგმნება, როგორც ყოვლადმოწყალე, რადგანაც ის ყველას მიმართ გულმოწყალებას იჩენდა, როცა უვერცხლოდ ჰკურნავდა სნეულებს, ანდა როცა მამისეულ ქონებას გულუხვად ურიგებდა გაჭირვებულებს.

დედა მას სიყრმიდანვე ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდა, ასწავლიდა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს რწმენას, რათა ერწმუნა მისი და სათნო ჰყოფოდა თავისი საქმეებით და შეეზიზღა წარმართთა მრავალღმერთიანობა. ყრმა, რამდენადაც შეეძლო მისი ასაკის ბავშვს, უსმენდა დედის მონათხრობს და დაისწავლიდა. მაგრამ, ვაი რომ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, მისი კეთილი და სათნო დედა ძალზე ახალგაზრდა გარდაიცვალა და პატარა პანტოლეონი უასაკო და ჯერ გაუცნობიერებელი დატოვა. მისი სიკვდილის შემდეგ ყრმა მამისეულ ცდომილებას გაჰყვა; მამას ის ხშირად მიჰყავდა კერპების თაყვანსაცემად და განამტკიცებდა მას წარმართულ უწმინდურ რწმენაში.

შემდეგ ყრმა გრამატიკის სკოლაში შეიყვანეს. როცა მან წარმატებით გაიარა წარმართული სიბრძნისმოყვარეობის კურსი, მამამ ის სამედიცინო სკოლაში სახელგანთქმულ ექიმს, ევფროსინეს მიაბარა სამკურნალო ხელოვნების დასაუფლებლად. გონებამახვილმა პანტოლეონმა ადვილად დასძლია, რასაც ასწავლიდნენ და მალე არამარტო თანატოლებს წარემატა, თითქმის მასწავლებელს გაუტოლდა ცოდნით. ამასთან, ის გამოირჩეოდა ქცევით, მჭევრმეტყველებით, სილამაზით და ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა; მას თვით მეფე მაქსიმიანეც იცნობდა. რამეთუ მაქსიმიანე ერთ დროს ნიკომიდიაში ცხოვრობდა. ის ქრისტიანებს აწამებდა, ერთხელ 20 000 კაცი ეკლესიაში გამოწვა; ქრისტესშობის დღესასწაულზე კი მოკლა ეპისკოპოსი ანთიმოზი და სხვადასხვანაირი სატანჯველის მერე მრავალი სხვა ქრისტიანი მისცა სიკვდილს. ექიმი ევფროსინე ხშირად მიდიოდა ხოლმე წამლებით სამეფო პალატებში ჯალათთან, თუ მის კარისკაცებთან და მთელ სამეფო კარს ყველანაირი სნეულებისგან კურნავდა. ევფროსინეს სასახლეში პანტოლეონიც მიჰყავდა, რომელიც ყველას აოცებდა სილამაზით და კეთილი გონებით. მეფემ პანტოლეონს თვალი რომ მოჰკრა, იკითხა:

- სადაურია, ვისი შვილია?

პასუხი რომ მოისმინა, მასწავლებელს უბრძანა, რაც შეიძლება უკეთესად განესწავლა ყმაწვილისთვის სამკურნალო ხელოვნების ყველა საიდუმლო. ყმაწვილი როცა ყველაფერს დაეუფლებოდა, მაშინ მეფე მას დაიტოვებდა თავისთან და თავის ექიმად გაიხდიდა.

იმ დროს ნიკომიდიაში ცხოვრობდა ხუცესი ერმოლაოსი, რომელიც უწმინდური მეფის შიშით, რამდენიმე ქრისტიანთან ერთად ერთ პატარა ქოხში იმალებოდა. სწორედ ამ ქოხის წინ უნდა გაევლო თავისი სახლიდან მასწავლებელთან მიმავალ პანტოლეონს. ერმოლაოსი სარკმლიდან ხშირად ხედავდა ქუჩაში მიმავალ ყმაწვილს, რომლის კეთილი ზნეც მისი გარეგნობიდან ჩანდა. ერმოლაოსმა სულიწმიდით გულისხმაჰყო, რომ ეს ყმაწვილი ღვთის რჩეული ჭურჭელი იქნებოდა და ერთხელაც მის შესახვედრად გამოვიდა და ჭაბუკს სთხოვა მცირე ხნით მასთან სახლში შესულიყო. მდაბალი და მორჩილი ყმაწვილი ხუცესის სახლში შევიდა. ერმოლაოსმა პანტოლეონი გვერდით დაისვა და გამოჰკითხა თუ ვისი შვილი იყო, რომელი სარწმუნოების მიმდევარი, რას საქმიანობდა. ყმაწვილმა ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო და ისიც უთხრა, რომ დედამისი ქრისტიანი იყო და გარდაიცვალა, ხოლო მამა ცოცხალი ჰყავდა და წარმართული კანონებით მრავალ "ღმერთს" სცემდა თაყვანს.

წმინდა ერმოლაოსმა ჰკითხა:

- აბა, მითხარი, ჩემო კეთილო, შენ რომელ სარწმუნებას მიეკუთვნები, მამისეულს, თუ დედის რწმენას?

ჭაბუკმა უპასუხა:


- დედაჩემი სანამ ცოცხალი იყო, თავის სარწმუნოებას მასწავლიდა და მეც შევიყვარე მისი რწმენა. მაგრამ მამა, როგორც უფრო ძლიერი, წარმართული კანონების შესრუ¬
ლებას მაიძულებს და სურს, მეფის კარზე უახლოეს კარისკაცთა და მსახურთა შორის გამამწესოს.

წმინდა ერმოლაოსმა კვლავ ჰკითხა:

- რა მოძღვრებას გასწავლის მასწავლებელი?

ჭაბუკმა უპასუხა:

- ასკლეპიადეს, ჰიპოკრატეს და გალენოსის მოძღვრებას; სწორედ ეს უნდა მამას და მასწავლებელიც მეუბნება, რომ მე თუ მათ მოძღვრებას დავეუფლები, ადვილად შევძლებ ადამიანების ყოველგვარი სნეულებისგან განკურნებას.

წმინდა ერმოლაოსმა მისი ეს ბოლო სიტყვები სასარგებლო საუბრის დაწყების საბაბად გამოიყენა და ჭაბუკის გულში, როგორც კეთილ ნიადაგში, ღვთის სიტყვის თესლის თესვა იწყო.

- გწამდეს ჩემი, კეთილო ჭაბუკო, - მიმართა მან, - მხოლოდ ჭეშმარიტებას გეუბნები; ასკლეპიადეს, ჰიპოკრატეს და გალენოსის ხელოვნება და მოძღვრება ძალზე ცოტათი თუ დაეხმარება, ვინც მათ მიმართავს. ის ღმერთებიც კი, რომელსაც მაქსიმიანე, მამაშენი და სხვა წარმართები თაყვანსა სცემენ, ამაოებაა, ზღაპარია და სიცრუეა გონებასუსტთა მოსატყუებლად. ჭეშმარიტი და ყოვლისშემძლე ღმერთი მხოლოდ ერთია - იესო ქრისტე და თუ შენ მას იწამებ, მაშინ ყოველგვარ სნეულებას განკურნებ, მარტოოდენ იესოს წმინდა სახელის ხსენებით. რამეთუ იგი ბრმას თვალისჩინს აძლევდა, კეთროვნებს განწმენდდა, მკვდრებს აღადგენდა; ეშმაკებს, რომელთაც წარმართები თაყვანს სცემენ, კაცთაგან ერთი სიტყვით განდევნიდა: არა მხოლოდ ის, მისი ტანსაცმელიც კი კურნავდა შეხებისას: იყო თორმეტ წელს სისხლმდინარე დედაკაცი, რომელიც ოდნავ შეეხო მისი სამოსის კიდეს და მაშინათვე განიკურნა. ვის შეუძლია დაწვრილებით აღწეროს მის მიერ მოხდენილი სასწაულები? როგორც ვერ დათვლის ზღვაში ქვიშას, ცაში ვარსკვლავებს და წყალში წვეთებს, ისევე შუძლებელია, აღწერო ღვთის სასწაულები და გაზომო უფლის დიდებულება. და ახლა იგი ძლიერ შეეწევა თავის მონებს, ანუგეშებს მწუხარეთ, განკურნავს სნეულებს, დაიხსნის უბედურებისგან და გაათავისუფლებს მტრის ყოველგვარ მანქანებისგან და არ ელოდება, როდის სთხოვენ დახმარებას. წინ უსწრებს მათ ლოცვებს და გულის მოძრაობასაც. ყველაფერ ამის გაკეთების ნებას აძლევს იგი მათ, ვისაც ის უყვართ და უბოძებს უფრო მეტი სასწაულმოქმედების ნიჭს. დაბოლოს, ზეციურ სასუფეველში, საუკუნო დიდებაში უბოძებს დაუსრულებელ სიცოცხლეს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა პანტელეიმონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


პანტოლეონმა ირწმუნა წმინდა ერმოლაოსის დამოძღვრა, გულით მიიღო, ვითარცა ჭეშმარიტება; სიხარულით ჩაუღრმავდა გონებით და წმინდა მამას ჰკითხა:

- ბევრჯერ მომისმენია ეს დედაჩემისგან და ხშირად მინახავს, როგორ ლოცულობდა და მოუხმობდა იმ ღმერთის სახელს, რომლის შესახებაც შენ მომიყევი.

ამის მერე პანტოლეონი ყოველდღე მიდიოდა წმინდა მამასთან და ტკბებოდა მისი ღვთივსულიერი საუბრებით, გაძლიერდებოდა ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებაში. და როცა თავისი მასწავლებლის ევფროსინესაგან შინ ბრუნდებოდა, მანამდე არ შევიდოდა სახლში, ვიდრე არ მოინახულებდა ღირს ერმოლაოსს და არ მიიღებდა მის სულისმარგებელ დარიგებებს.

ერთხელ ისე მოხდა, რომ როცა მასწავლებლიდან ბრუნდებოდა, გზიდან გადაუხვია და დაინახა მკვდარი ბავშვი, რომლისთვისაც დიდ ექიდნეს ეკბინა. თვითონ ექიდნეც ბავშვის გვერდით იწვა. პანტელეონმა ეს რომ დაინახა, შეეშინდა, უკან დაიხია, მაგრამ მერე თავისთვის თქვა:

- ახლა მოვიდა დრო, გამოვცადო და დავრწმუნდე, თუ არის ჭეშმარიტება ის ყველაფერი, რასაც მამა ერმოლაოსი მიყვებოდა.

ჭაბუკმა თვალები ზეცისკენ აღაპყრო და წარმოთქვა:

- უფალო იესო ქრისტე, თუმცა მე ღირსი არა ვარ, რომ მოგიხმო, მაგრამ თუ გსურს შენი მონა გავხდე, გამოაჩინე შენი ძალა და ისე ჰქენი, რომ ეს ყრმა გაცოცხლდეს, ხოლო ექიდნე მოკვდეს.

თითქოს ჩაძინებულს გამოეღვიძაო, ყრმა მაშინვე ფეხზე წამოდგა, ხოლო ექიდნე ნაკუწებად გაიფანტა. მაშინ პანტოლეონმა იწამა ქრისტე, თავისი ხორციელი და სულიერი თვალები ზეცისკენ აღაპყრო, თვალცრემლიანმა, სიხარულით აკურთხა ღმერთი, რამეთუ მან გამოიყვანა იგი ბნელიდან და თავისი შემეცნების ნათლისკენ წაიყვანა. მაშინვე გაემართა ის წმინდა ხუცეს ერმოლაოსთან, დავარდა მის წმინდა ფერხთა წინ, და მონათვლა სთხოვა. მოუყვა, თუ როგორ გაცოცხლდა ყრმა იესო ქრისტეს სახელის ძალით, ხოლო მისი მომკვდინებელი გველი კი მოკვდა. წმინდა ერმოლაოსი შინიდან გამოვიდა და პანტოლეონს მკვდარი ექიდნეს სანახავად გაჰყვა და როცა ნახა, ადიდა ღმერთი მოხდენილი სასწაულისთვის, რომლითაც პანტოლეონმა უფალი შეიცნო. დაბრუნდნენ შინ. მან ჭაბუკს ნათელი სცა სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, თავის შიდა, დაფარულ ოთახში აღასრულა საღმრთო ლიტურგია და ჭაბუკი აზიარა იესო ქრისტეს ხორცისა და სისხლის წმინდა საიდუმლოს.

ნათლისღების შემდეგ პანტოლეონი შვიდი დღე დარჩა მამა ერმოლაოსთან, ისმენდა მოძღვრის ბაგეთაგან ნათქვამ, ქრისტეს მადლით ავსებულ, ღვთაებრივ სიტყვებს: ვითარცა ცხოველმყოფელი წყლით დაალტობდა თავის სულს და ზედ უხვად აღმოაცენებდა სულიერ ნაყოფს. მერვე დღეს ის შინ დაბრუნდა, შვილის დაგვიანებით შეწუხებულმა მამამ ჰკითხა:

- ჩემო შვილო, ამდენი ხანი სად იყავი, შენ გამო ვწუხდი.

წმინდანმა უპასუხა:

- მასწავლებელთან ერთად მეფის სასახლეში ვიყავი. ვმკურნალობდით ერთ სნეულს, რომელიც მეფეს ძალიან უყვარს და არ მოვშორდით შვიდი დღე, ვიდრე მას ჯანმრთელობა არ დავუბრუნეთ.

ასე უთხრა წმინდანმა და არც იცრუა, არამედ შეფარულად, იგავის სახით მოუთხრო, რაც მის ცხოვრებაში მოხდა:

მასწავლებელში მან ხუცესი წმინდა ერმოლაოსი იგულისხმა, სამეფო პალატად კი ის შინაგანი (შიდა) ოთახი, სადაც საღმრთო ლიტურგიის საიდუმლო აღსრულდა, ხოლო ავადმყოფად იგულისხმა საკუთარი, ზეციური მეფისაგან შეყვარებული სული, რომელსაც შვიდი დღე სულიერად მკურნალობდა.

როცა მეორე დილით ის ევფროსინესთან მივიდა, მანაც ჰკითხა:

- ამდენი ხანი სად დაიკარგე?

- მამაჩემმა მამული მიყიდა და მის მისაღებად გამგზავნა, მე იქ ყველაფერს ყურადღებით ვათვალიერებდი, რადგან ის დიდ ფასად არის ნაყიდი.

ამას ის იგავით ამბობდა წმინდა ნათლისღების საიდუმლოებასა და თავის ნათლობაზე, და ქრისტიანული რწმენის სხვა საიდუმლოებებზე, რომელიც მან შეიცნო და თავის გასაოცარი ფასით ყოველგვარ სიმდიდრეს აღემატებოდა, რამეთუ ისინი ქრისტეს სისხლით იყო მოსყიდული. ეს რომ მოისმინა, ევფროსინეს სხვა არაფერი უკითხავს. საღმრთო მადლით ავსებული პანტოლეონი კი შინაგანად წმინდა რწმენის საგანძურს ატარებდა. ის ცდილობდა, საკუთარი მამა კერპთაყვანისცემის სიბნელიდან გამოეყვანა და ქრისტეს შემეცნების სინათლემდე მიეყვანა. ყოველდღიურად ბრძნულად, იგავებით და შეკითხვებით ესაუბრებოდა მას:

- მამა! რატომ არის, რომ ღმერთები, რომლებიც თავიდან ფეხზე მდგარი გააკეთეს, დღემდე ასე არიან და არასოდეს სხდებიან, ხოლო ისინი, რომლებიც დამსხდარი გააკეთეს, დღემდე სხედან და არასოდეს ამდგარან?

- მთლად გასაგები არ არის ჩემთვის შენი შეკითხვა, და არც კი ვიცი, რა გიპასუხო, - უთხრა მამამ.

წმინდანი კი მუდმივად სხვა ამგვარ შეკითხვებს დაუსვამდა მამას, და აიძულა ის დაეჭვებულიყო თავის ღმერთებში და ნელ-ნელა შეეცნო კერპთაყვანისცემის სიცრუე და ცდომილება; მამა უკვე ძველებურად აღარ სცემდა კერპებს თაყვანს, წავიდა ის დრო, როცა იგი ყოველდღიურად უამრავ მსხვერპლს შესწირავდა კერპებს და მოიდრეკდა მუხლს; მას უკვე არაფრად მიაჩნდა კერპები და აღარც მუხლს უდრეკდა. უცქერდა ამას პანტოლეონი და უხაროდა, რომ ეჭვი გაუჩინა მამას კერპებისადმი. პანტოლეონს არაერთხელ უნდოდა მამის კერპების დამსხვრევა, რომლებიც მრავლად იყო მათ სახლში, მაგრამ ახსოვდა ღვთის მცნება, რომ პატივი უნდა მივაგოთ მშობლებს და მის განრისხებას ერიდებოდა, ელოდა იმ დროს, როცა მამამისი შეიცნობდა ჭეშმარიტ ღმერთს და მოინდომებდა თავისი ხელი მათ დამსხვრევას.

ერთხელაც პანტოლეონს ბრმა მოუყვანეს, რომელიც განკურნებას ევედრებოდა:

- გთხოვ, გევედრები, დაბრმავებული და უძვირფასეს ნათლის ჭვრეტას მოკლებული; რაც კი ამ ქალაქში ექიმებია, მმკურნალობდნენ, მათგან სიკეთე ვერა ვნახე და მთელ ჩემს ქონებასთან ერთად, რაც მათ დავახარჯე, ის მცირეოდენი თვალისჩინიც კი დავკარგე, რომლითაც ბუნდოვნად ვხედა¬ვდი საგნებს. მე მათ უხვად ვასაჩუქრებდი, ბევრი დავახარჯე და კურნების ნაცვლად მათგან მხოლოდ ვნება მივიღე და დროც დავკარგე.

წმინდანმა ჰკითხა:

- თუ მთელი ქონება ექიმებს დაურიგე, და მათგან სიკეთე ვერა ნახე, მაშინ რით დამაჯილდოვებ მე, თუ განიკურნები და თვალი აგეხილება?

- ყველაფერს სიხარულით მოგცემ, რაც კი შემომრჩა, - უპასუხა ბრმამ.

წმინდანმა წარმოთქვა:

- მამა ნათლისა, ჭეშმარიტი ღმერთი ჩემ მიერ, თავისი უღირსი მონისა, მოგცემს შენ ჭვრეტის ნიჭს, რომლითაც იხილავ ნათელს. ხოლო რის მოცემასაც დამპირდი, წადი და დაურიგე გლახაკებს.

ეს რომ მამამისმა ევსტორგიმ მოისმინა, შვილს უთხრა:

- ჩემო ბიჭო, ისეთი საქმეს ნუ შეეჭიდები, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, თორემ სასაცილო გახდები: მართლაც, განა შეგიძლია შენზე უკეთეს ექიმებზე მეტი გააკეთო, რომლებიც ამას მკურნალობდნენ და ვერაფერი უშველეს?

- იმ ექიმებიდან არც ერთმა არ იცოდა რა საშუალება გამოეყენებინა ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ვიცი, რადგან უზარმაზარი განსხვავებაა მათსა და ჩემს მასწავლებელს შორის, რომელმაც ეს წამალი მასწავლა.

მამამ იფიქრა, თავის მასწავლებელ ევფროსინეზე ამბობსო და შენიშნა:

- გამიგია, რომ შენი მასწავლებელი ევფროსინეც ცდილობდა მის განკურებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა;

- ცოტახანს მოიცადე, მამაჩემო და იხილავ ჩემი მკურნალობის ძალას, - უპასუხა პანტოლეონმა.

ამ სიტყვების წარმოთქმისას ის თვალებზე თითებით შეეხო ბრმას და თქვა:

- სახელითა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესითა, რომელიც ბრმებს თვალებს აუხილავდა, შენც, თვალთაგან იხილე ნათელი.

ბრმას მაშინვე თვალები აეხილა და მხედველობა დაუბრუნდა. იმავე წუთს პანტოლეონის მამამ, ევსტორგიმ და თვალახელილმა კაცმა ირწმუნეს ქრისტე; მერე უკვე ისინი ხუცესმა ერმოლაოსმა მონათლა და აღივსნენ უდიდესი სულიერი სიხარულით და ქრისტეს მადლითა და ძალით.

ევსტორგიმ თავის სახლში ყველა კერპი დაამსხვრია, რაშიც მისი ვაჟი, წმინდა პანტოლეონი ეხმარებოდა. მათ დალეწილი კერპები ღრმა ორმოში ჩამარხეს. ამის მერე ევსტორგიმ ცოტა ხანს იცოცხლა და წარდგა უფლის წინა¬შე. პანტოლეონი მამამისის უდიდესი ქონების ერთადერთი მემკვიდრე გახდა. მან მონები გაათავისუფლა და უხვად დაასაჩუქრა. ქონება გაჭირვებულებს, გლახაკებს, ქვრივ-ობლებს დაურიგა. ის შემოივლიდა ხოლმე საპყრობილეებს და მოინახულებდა ყველას, ვინც ბორკილდადებული იტანჯებოდა, ანუგეშებდა მათ მკურნალობით და მოწყალებას მისცემდა მას, ვისაც ეს სჭირდებოდა. ამგვარად, ის არა მხოლოდ წყლულთა მკურნალი იყო, არამედ ადამიანთა სიღარიბისაც. რამეთუ მისგან მცირეოდენ მოწყალებას ყველა იღებდა. ღარიბები მდიდრდებოდნენ მისი გულუხვობით; ხოლო მკურნალობაში მას ღვთის მადლი ეხმარებოდა. რამეთუ ზეცითგან მიეცა მას კურნების მადლი და ისიც უსასყიდლოდ ჰკურნავდა ყოველგვარი სნეულებებისგან, არა იმდენად სააფთიაქო საშუალებებით, რამდენადაც იესო ქრისტეს სახელის მოხმობით. მაშინ პანტოლეონი მართლაც რომ პანტელეიმონად გამოჩნდა, ანუ ყოვლადმოწყალედ. როგორც სახელით, ისე საქმით ყველას მოწყალებას მისცემდა და ხელცარიელს და უნუგეშოს თავისგან არავის გაუშვებდა, რამეთუ ნაკლულევანს საჩუქრით აავსებდა, ავადმყოფს კი უსასყიდლოდ კურნავდა. სხვა ექიმებს თავი ანებეს და მთელი ქალაქი მასთან მოვიდა ავადმყოფებით, რადგან პანტელეიმონივით სწრაფად და სავსებით სხვა ვერავინ კურნავდა, რომელიც წარმატებით მკურნალობდა ყველას და ამაში სასყიდელს არავის ართმევდა. მთელ ქალაქში ხმა გაუვარდა, როგორც ყოვლადმოწყალე და უვერცხლოდ მკურნალ ექიმს. სხვა ექიმები მას განიკითხავდნენ და დასცინოდნენ, პანტელეიმონის მიმართ საშინელი შურით და მტრობით აღივსნენ. ყველაფერი კი იმ დროიდან დაიწყო, როცა ზემოხსენებულ ბრმას თვალი აეხილა.

ეს ამბავი აი, ასე მოხდა:

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


ერთხელ, როცა წმინდა პანტელეიმონის წყალობით თვალახელილი ბრმა ქალაქში მიდიოდა, ის დაინახეს სხვა ექიმებმა და თავისთვის თქვეს:

- ეს ის ბრმა არ იყო, რომელიც ჩვენთან სამკურნალოდ მოვიდა და ვერაფერი ვუშველეთ? აბა, ახლა როგორ ხედავს? ვინ და რა საშუალებით განკურნა და თვალი აუხილა?

ჰკითხეს კაცს, თვალი როგორ აგეხილაო, კაცმა არ დამალა, რომ მისი მკურნალი ექიმი პანტელეიმონია. მათ იცოდნენ, რომ იგი ევფროსინეს მოწაფე იყო და თქვეს:

- უდიდესი მასწავლებლის უდიდესი მოწაფე.

მათ არ იცოდნენ, რომ პანტელეიმონის მიერ ქრისტეს ძალა მოქმედებდა და ვერ ხვდებოდნენ, ისე აღიარეს ჭეშმარიტება, რამეთუ პანტელეიმონი - უდიდესი მოწაფე გახლდათ უდიდესი მასწავლებლის, იესო ქრისტესი.

თუმცა მათ ბაგეებით ფარისევლურად შეაქეს წმინდანი, ამასობაში გულში გაჩენილი შურით მზაკვრობა განიზრახეს და მის მიმართ რაიმე ბრალდებას ეძებდენ, რათა დაეღუპათ. მათ შენიშნეს, რომ ის საპყრობილეებში დადიოდა და ქრისტესთვის მოწამეებს წყლულებს განუკურნებდა და ჯალათ მაქსიმიანეს განუცხადეს:

- მეფეო, ჭაბუკი, რომელსაც სამკურნალო ხელოვნების შესწავლა უბრძანე, რათა შემდეგ სამეფო კარზე გყოლოდა, არად ჩააგდო შენი მისადმი აშკარა კეთილგანწყობა, შემოივლის საპყრობილეებს, კურნავს პატიმრებს, მათთან ლანძღავს ჩვენს ღმერთებს, ესაუბრება და ბოროტი ბრძნობით თავისკენ გადაჰყავს ისინი. შენ თუ იმას არ მოკლავ, ცოტა ხანში დიდ შფოთს შეგამთხვევს, და დაინახავ, რომ მისი მაცდუნებელი სწავლების წყალობით ბევრი ღმერთებს განუდგება. იმ სამკურნალო ხელოვნებას, რომლითაც პანტოლეონი ხალხს განკურნებს, მიაწერს არა ესკულაპეს, ანდა სხვა რომელიმე ღმერთს, არამედ ვინმე ქრისტეს, და ვისაც ის განკურნავს, ამ ქრისტეს იწამებენ ხოლმე.

ასე ცდილობდნენ მეფის დაყოლიებას ცილისმწამებლები, ევედრებოდნენ, ებრძანებინა მოეყვანათ ის ბრმა კაცი, რომელიც პანტოლეონმა განკურნა და დარწმუნდებოდა მათი სიტყვების ჭეშმარიტებაში. მეფის ბრძანებით, სასწრაფოდ მოძებნეს თვალახელილი ბრმა და მასთან მიიყვანეს. მეფემ კაცს ჰკითხა:

- მითხარი, კაცო, პანტოლეონმა როგორ აგიხილა თვალები?

მან უპასუხა:

- ქრისტეს სახელს მოუხმო, თვალებზე შემეხო და მაშინვე ამეხილა.

- შენ კი რას ფიქრობ, მიმართა მას მეფემ, - ქრისტემ განგკურნა თუ ღმერთებმა.

- მეფეო! - უპასუხა მან, - ექიმებმა, რომლებიც შენ გარშემო არიან, დიდი ხნის მანძილზე ბევრი შრომა გასწიეს ჩემს განსაკურნად, მათ მთელი ჩემი ქონება წაიღეს და არათუ განმკურნეს, არამედ ის მცირეოდენი თვალისჩინიც წამართვეს, რომელიც შემომრჩენოდა და საბოლოოდ დამაბრმავეს. პანტელეიმონმა კი მხოლოდ ქრისტეს სახელის მოხმობით თვალი ამიხილა. ახლა კი შენ განსაჯე, მეფეო რომელია უკეთესი და ნამდვილი ექიმი: ესკულაპე და სხვა ღმერთები, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე მოუხმობდნენ და არაფერში დამეხმარნენ, თუ ქრისტე, რომელსაც ერთხელ მოუხმო პანტელეიმონმა და მაშინვე განმკურნა.

მეფემ არ იცოდა, რა ეპასუხა, მაგრამ როგორც სჩვევია ყველა ჯალათს, კაცის კერპთაყვანისცემისკენ მიდრეკა სცადა:

- სისულელეს ნუ ამბობ, კაცო და ნუ გაიხსენებ ქრისტეს, აშკარაა, რომ ღმერთებმა დაგიბრუნეს თვალისჩინი.

განკურნებულმა კაცმა ყური არ უგდო მაქსიმიანეს მეფობას და არც ჯალათის მუქარის შეეშინდა და უფრო მეტი კადნიერებით მიმართა მას, ვიდრე სახარებისეულმა ბრმამ (იოანე 9,27), როცა ის ფარისევლების წინაშე წარადგინეს დასაკითხად:

- სისულელეს შენ თვითონ ამბობ, მეფეო! შენს ბრმა ღმერთებს სინათლის მიმცემლებს ეძახი და შენც, მათ მიმსგავსებულს, ჭეშმარიტების დანახვა არ გსურს.

განრისხებულმა მეფემ სასწრაფოდ მისი მახვილით მოკვლა ბრძანა და იესო ქრისტეს კეთილ აღმსარებელს თავი მოჰკვეთეს, იგი წარვიდა, რათა ბრწყინვალე ნათელში, პირისპირ ეხილა ის, ვისი სახელიც მიწაზე აღიარა, დაუბრუნა რა თვალისჩინი. წმინდა პანტელეიმონმა მისი ცხედარი მკვლელებისგან გამოისყიდა და თავისი მამის გვერდით დაკრძალა.

ამის მერე მეფემ თავისთან მოუხმო პანტოლეონს. ვიდრე მეომრებს წმინდანი მეფესთან მიჰყავდათ, იგი წმინდა დავითის ფსალმუნს გალობდა: "ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა" (ფს.108, 1-2). ასე წარდგა ის ხორცით მიწიერი მეფისა და სულით ზეციური მეუფის წინაშე.

მეფე მაქსიმიანე მას მშვიდად შეხვდა და მოჩვენებითი თავმდაბლობით დარწმუნება დაუწყო:

- კარგი ამბები ვერ გავიგე შენზე პანტოლეონ; მეუბნებიან, რომ ყველგან შეურაცხყოფ და ამდაბლებ ესკულაპეს და სხვა ღმერთებს, ქრისტეს კი, რომელიც ბოროტი სიკვდილით მოკვდა, განადიდებ, მისი იმედი გაქვს და მას ეძახი ღმერთს. შენთვის მგონი, ცნობილია, რამხელა ყურადღება მოგაპყარი და რაოდენ დიდი წყალობა გამოვიჩინე შენზე, ჩემს სამეფო კარზე მიგიღე და შენს მასწავლებელ ევფროსინეს ვუბრძანე, სასწრაფოდ გასწავლოს სამკურნალო ხელოვნება, რათა მერე მუდმივად ჩემთან იყო; შენ კი ეს ყველაფერი არად ჩააგდე და ჩემს მტრებს მიემხრე. თუმცა მე არ მინდა მჯეროდეს იმისა, რასაც შენზე ამბობენ; რადგან ადამიანები ბევრი უსამართლობის თქმას მიეჩვივნენ. აი, რატომ მოგიხმე შენ, რათა სიმართლე მითხრა საკუთარ თავზე და ამხილო შურიანი ხალხის ცილისწამება: ყველას თვალწინ წესისამებრ მსხვერპლი შესწირე დიდ ღმერთებს.

წმინდანმა უპასუხა:

- მეფეო, საქმით უფრო მეტად უნდა ვაჩვენოთ რწმენა ვიდრე სიტყვებით! ვინაიდან ჭეშმარიტება უფრო საქმეთაგან შეიცნობა ვიდრე სიტყვებით. ამგვარად, დაუჯერე ჩემზე მონათხრობს. დიახ, მე უარვყავი ესკულაპე და თქვენი სხვა ღმერთები და განვადიდებ ქრისტეს, რადგან მის საქმეთაგან შევიცანი, რომ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. აი, მისმინე, მოკლედ გეტყვი ქრისტეს საქმეებს: მან შექმნა ზეცა, გაამყარა მიწა, მკვდრები აღადგინა, ბრმებს მხედველობა დაუბრუნა, კეთროვანნი განწმინდა, ერთი სიტყვით, საწოლიდან ფეხზე აღადგინა განრღვეული. არ ვიცი, მსგავსი რამე თუ გააკეთეს თქვენგან პატივცემულმა ღმერთებმა, ანდა კი შეუძლიათ რამის გაკეთება? თუ გსურს შეიცნო ქრისტეს ყოვლისშემძლე ძალა, მის მოქმედებას ახლავე საქმით იხილავ. უბრძანე, მოიყვანონ ლოგინს მიჯაჭვული, სიკვდილის პირას მისული ადამიანი, რომლის განკურნების იმედი ექიმებმა დაკარგეს. დაე, მოიყვანონ თქვენი მისნები და მათ მოუხმონ თავიანთ ღმერთებს, მე კი ჩემს ღმერთს მოვუწოდებ - და რომელი ღმერთიც განკურნავს ავადმყოფს, დაე, ის ვაღიაროთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთად, ხოლო დანარჩენები კი უარვყოთ.

მეფეს მოეწონა წმინდანის რჩევა და ბრძანა, ასეთი ავადმყოფი მოეძებნათ.

და აი, საწოლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე დამბლადაცემული იყო, სხეულის ვერცერთ ასოს ვერ ამოძრავებდა და ხესავით უგრძნობლად იწვა. მოვიდნენ მისნებიც, რომლებიც კერპებსაც ემსახურებოდნენ და სამკურნალო ხელოვნებაშიც იყვნენ გამოცდილნი. მათ წმინდანს შესთავაზეს, რომ თავიდან მას მოეხმო ქრისტესთვის.

წმინდანმა უარი უთხრა:

- თუ მე ჩემს ღმერთს მოვუხმობ და ის განკურნავს ამ განრღვეულს, მაშინ თქვენი ღმერთები ვიღას განკურნავენ? მაშინ ჯერ თქვენ მოუწოდეთ თქვენს ღმერთებს და თუ ისინი განკურნავენ ამ კაცს, მაშინ ჩემს ღმერთს რატომღა მოვუხმობ?

მართლაც, მისნებმა მოუხმეს თავიანთ ღმერთებს: ერთმა - ესკულაპეს, მეორემ - ზევსს, მესამემ - დიანას, სხვებმა - სხვა ეშმაკებს, მაგრამ ამაოდ, წარუმატებლად, დიდხანს წარმოთქვამდნენ თავიანთ ლოცვებს. წმინდანი უცქერდა მათ ამაო ძალისხმევას და იცინოდა. მოცინარი რომ დაინახა, მაქსიმიანემ უთხრა:

- პანტოლეონ, თუ შეგიძლია, მოუხმე შენს ღმერთს და ეს კაცი გამოაჯანმრთელე.

- დაე, მას მისნები მოსცილდნენ, - თქვა წმინდანმა.

მისნები გავიდნენ.

მაშინ წმინდანი მიუახლოვდა საწოლს, თვალები ზეცაში აღაპყრო და ეს ლოცვა წარმოთქვა:

- "უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი" (ფსალმ. 101:2-3); და გამოუჩინე შენი ყოვლისშემძლე ძალა, მათ ვინც არ გიცნობს, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, მეუფეო ძალთაო!

წმინდანმა ეს ლოცვა წარმოთქვა, განრღვეულს ხელი ხელზე მოჰკიდა და უთხრა:

- უფლის, იესო ქრისტეს სახელით ადექი და გამოჯანმრთელდი!

განრღვეული მაშინვე წამოდგა, მთელ სხეულში იგრძნო ძალა და უხაროდა, რომ დადიოდა. მან საწოლი აიღო და შინ დაბრუნდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



ამგვარი სასწაული რომ იხილეს, მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა ქრისტე; კერპების მსახური ქურუმები კბილებს აღრჭენდნენ ღვთის წმინდანზე და მეფე მაქსიმიანეს მიმართეს:

- ის თუ ცოცხალი დარჩება, მაშინ ღმერთების მსხვერპლშეწირვა შეწყდება და ქრისტიანების დასაცინი გავხდებით; ჰოი, მეფეო, მოკალი იგი! რაც შეიძლება სწრაფად.

მაშინ მეფემ პანტოლეონს უთხრა:

- ღმერთებს მსხვერპლი შესწირე პანტოლეონ, რათა უაზროდ არ დაიღუპო; შენ ხომ იცი, რამდენი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ უარყვეს ჩვენი ღმერთები და არ შეასრულეს ჩემი ბრძანება. განა არ იცი, რა სასტიკად ეწამა მოხუცი ანთიმოზი?

- ქრისტესთვის წამებულნი არ დაიღუპნენ, - უპასუხა მას წმინდანმა, - არამედ საუკუნო ცხოვრება პოვეს. და თუ ანთიმოზს, მოხუცს და სხეულით უძლურს შეეძლო სასტიკი წამება დაეთმინა ჩვენი უფლისთვის, მით უმეტეს მე, ახალგაზრდა და სხეულით ძლიერმა, უშიშრად უნდა დავითმინო ყველა ტანჯვა, რომელსაც შენ მომაწევ, რამეთუ მე თუ ქრისტესთვის არ მოვკვდები, სიცოცხლეს ამაოდ ჩავთვლი, ხოლო თუ მოვკვდები - შენაძენად.

მეფემ ბრძანა, გაშიშვლებული წმინდანი საწამებელ ძელზე ჩამოეკიდებინათ, მისი სხეული ჭანგებით გაერანდათ, და ნეკნები ანთებული სანთლებით მოეწვათ. მან კი ეს ტანჯვა დაითმინა, თვალები ზეცისკენ აღაპყრო და წარმოთქვა:

- უფალო იესო ქრისტე! წარდექი ჩემ წინაშე და მომეცი მოთმინება, რათა ტანჯვა ბოლომდე დავითმინო.

და გამოეცხადა მას უფალი ხუცეს ერმოლაოსის სახით და გაამხნევა:

- ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ.

ამ დროს ჯალათებს ხელები გაუშეშდათ, დაუსუსტდათ, სატანჯველი იარაღები და სანთლები ხელიდან გაუცვივდათ. ეს რომ მეფემ დაინახა, ბრძანა, წმინდანი ჩამოეხსნათ და როცა მიუყვანეს, ჰკითხა:

- რა არის შენი ჯადოქრობის ძალა, რომ მსახურები დამიუძლურდნენ და სანთლებიც ჩაქრა?

მოწამემ ასე უპასუხა:

- ჩემი ჯადოქრობა ქრისტეა, რომლის ყოვლისშემძლე ძალა ყველაფერს მოიმოქმედებს.

მეფე შეეწინააღმდეგა:

- მაშინ რას იზამ, თუ უფრო მეტად გაწამებ?!

- დიდ სატანჯველში უფრო დიდ ძალას გამოაჩენს ჩემი ქრისტე, რათა შენ შეგარცხვინო. ხოლო მე მის გამო უფრო მძიმე სატანჯველის დათმენით ქრისტესგან უფრო მეტ საზღაურს მივიღებ.

მაშინ მეფემ ბრძანა, მოწამე მდუღარე ზეთიან ქვაბში ჩაეგდოთ.

როცა ზეთი ადუღდა და მოწამე ქვაბთან მიიყვანეს, მან თვალები აღაპყრო და ამგვარად ილოცა: - "შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი. დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთასა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუჲსა¬თა" (ფსალმ. 63:2-3).

როცა იგი წმინდა დავითის სიტყვებს წარმოთქვამდა, მას კვლავ გამოეცხადა უფალი ერმოლაოსის სახით, მოჰკიდა ხელი მოწამეს და მასთან ერთად ქვაბში ჩავიდა. მაშინვე ცეცხლი ჩაქრა და ზეთი გაცივდა, წმინდანი კი ფსალმუნის სიტყვებს გალობდა: "მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი; მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმეს ჴმისა ჩემისა" (ფსალმ. 54:17-18). იქ მყოფნი ჰკვირობდნენ სასწაულს, მეფემ წამოიძახა:

- ეს რა არის? ცეცხლი ჩაქრა, ზეთი გაცივდა, ბოლოს და ბოლოს, როგორ ვაწამოთ ეს ჯადოქარი?

იქ მყოფთ ურჩიეს:

- დაე, ზღვის სიღრმეში ჩააგდონ, ის ხომ მთელ ზღვას ვერ მოაჯადოებს და მაშინვე დაიღუპება.

ჯალათმა ბრძანა, ასე მოქცეულიყვნენ.

მსახურებმა ხელი სტაცეს მოწამეს, ზღვასთან მიიყვანეს, დასვეს ნავზე, ყელზე ლოდი ჩამოჰკიდეს; ნაპირიდან შორს გავიდნენ და წმინდანი ზღვაში ჩააგდეს, თვითონ კი უკან დაბრუნდნენ. როცა წმინდანი ზღვაში ჩააგდეს, მას კვლავ გამოეცხადა ქრისტე, ისევე როგორც ადრე, ერმოლაოსის სახით და წმინდანის ყელზე მობმული ქვა ფოთოლივით ამსუბუქდა, ისე რომ, წმინდა პანტელეიმონი ქვიანად წყლის ზედაპირზე დადგა და არ იძირებოდა. და მასაც, როგორც ერთ დროს პეტრე მოციქულს, ხელი უპყრო ქრისტემ და წყალზე, როგორც ხმელზე ფეხით გამოიარა; წმინდანი ღვთის დიდებით და გალობით ნაპირზე გამოვიდა და წარდგა მეფის წინაშე.

მაქსიმიანე დიდად განაცვიფრა ამ სასწაულმა და წამოიძახა:

- რაშია შენი ჯადოქრობის ძალა, პანტოლეონ, რომ მას ზღვაც კი ემორჩილება?

- ზღვაც ემორჩილება თავის მეუფეს და მის ნებას ასრულებს, - აუხსნა წმინდანმა.

- როგორ, შენ ზღვის მეუფე ხარ? - ჰკითხა მეფემ.

- არა მე, - უპასუხა წმინდანმა, - არამედ ჩემი ქრისტე, შემოქმედი ყოველთა ხილულ და უხილავ ქმნილებათა. ის მეუფებს როგორც ცაზე და მიწაზე, ასევე ზღვაზეც: "ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ" (ფსალ. 76:20).

ამის მერე ჯალათმა ბრძანა, მხეცების ცირკი მოეწყოთ, რათა მოწამე მათთვის დასაგლეჯად მიეგდოთ. მთელი ქალაქი შეიკრიბა ამ სანახაობაზე, ყველას სურდა ენახა, თუ როგორ გაგლეჯდნენ მშვენიერ უდანაშაულო ჭაბუკს. მივიდა იქ მეფეც; მოიყვანეს მოწამე. მეფემ მხეცებზე მიუთითა და უთხრა:

- ისინი შენთვის არიან გამზადებულნი; ასე რომ, მისმინე, გაუფრთხილდი შენს სიჭაბუკეს, დაინდე შენი სხეულის სილამაზე, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, თორემ მხეცების კბილებით დაგლეჯილი საშინელი სიკვდილით მოკვდები.

წმინდანმა უთხრა:

- მირჩევნია, მხეცებმა დამგლიჯონ, ვიდრე ამგვარ მზაკვრულ რჩევასა და ბრძანებას დავყვე.

მაშინ ის მხეცებს მიუგდეს. უფალი აქაც ხუცეს ერმოლაოსის სახით გამოეცხადა წმინდანს და დაუკუმა პირები მხეცებს და მშვიდნი და ცხვრებივით მორჩილნი გახადა, ისინი წინ გაუგორდნენ წმინდანს და ფეხები აულოკეს. წმინდა პანტელეიმონი მათ ეფერებოდა, და თითოეული მხეცი ცდილობდა წმინდა პანტელეიმონის ხელი მასაც შეხებოდა, და ამისთვის ერთმანეთს განზე გასწევდნენ. ამის მხილველმა გაოცებულმა ხალხმა ერთხმად შესძახა:

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი! დაე, გაუშვით ეს უდანაშაულო და მართალი ყმაწვილი!

განრისხებულმა მეფემ ჯარისკაცებს უბრძანა, მახვილი ეშიშვლათ და ყველა დაეხოცათ, ვინც ქრისტეს ადიდებდა. მაშინ ბევრმა ადამიანმა იწამა ქრისტესი, რისთვისაც ისინი დახოცეს. მეფის ბრძანებით დახოცეს ყველა მხეცი. ეს რომ წმინდანმა დაინახა, შესძახა:

- დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომ არამხოლოდ ადამიანები, მხეცებიც ეწამებიან შენთვის!

წავიდა მეფე არენიდან დამწუხრებული და განრისხებული, წმინდა პანტელეიმონი კვლავ საპყრობილეში ჩააგდეს.

დახოცილი ხალხის ცხედრები ახლობლებმა წაასვენეს და დაკრძალეს, მხეცების ლეში კი ფრინველებსა და ძაღლებს დაუტოვეს შესაჭმელად. მაგრამ მოხდა უდიდესი სასწაული, მხეცების ლეში მრავალი დღის მანძილზე ეყარა და მას არათუ ძაღლები და ფრინველები არ მიჰკარებიან, მეტიც - ლეშებს ხრწნის სუნი არ ასდიოდა. ეს რომ მეფემ შეიტყო, მისი ბრძანებით მხეცების ლეში ღრმა ორმოში ჩამარხეს. წმინდანის საწამებლად კი ბრძანა, მოემზადებინათ წამახულსოლებიანი საშინელი ბორბალი. როცა წმინდანი ბორბალს მიაკრეს და დატრიალება დაიწყეს, რაღაც უხილავმა ძალამ ნაწილებად გაფანტა და მრავალი იქვე მყოფი სასიკვდილოდ დაჭრა. წმინდა პანტელეიმონი კი ბორბლიდან მთელი და უვნებელი ჩამოვიდა. ამგვარი სასწაულის ხილვამ შიშისაგან თავზარი დასცა ყველას, რომლითაც ღმერთი განდიდდა თავისი წმინდანის მიერ.

მეფე ძალზე განცვიფრდა და ჰკითხა მოწამეს:

- ვინ გასწავლა ასე დიდი ჯადოქრული საქმეების კეთება?

- ჯადოქრობა კი არა, ჭეშმარიტი ქრისტიანული ღვთისმოსაობა ვისწავლე წმინდა კაცის, ხუცეს ერმოლაოსის მიერ, - უთხრა მოწამემ.

- სად არის შენი მასწავლებელი ერმოლაოსი, - ჰკითხა მეფემ, მისი ნახვა გვინდა.

წმინდანი სულით მიხვდა, რომ მოახლოვდა ერმოლაოსის მოწამეობის ჟამი და მეფეს უპასუხა:

- თუკი მიბრძანებ, წავალ და მოგიყვან.

წმინდა პანტელეიმონი თავის მტანჯველ სამ მეომართან ერთად ხუცეს ერმოლაოსის დასაძახებლად გაუშვეს.

როცა ხუცესის სახლთან მივიდნენ, მოძღვარმა ჰკითხა:

- რისთვის მოხვედი, ჩემო შვილო?

- უფალო და მამაო, მეფე გიხმობს.

- დროულად მოხვედი ჩემს დასაძახებლად, - უთხრა მოძღვარმა, - რამეთუ დადგა ჩემი მოწამეობისა და სიკვდილის ჟამი; წუხელ გამომეცხადა უფალი და მაუწყა: "ერმოლაოს, ჩემი მონის, პანტელეიმონის მსგავსად, მოგიწევს, დიდად იტანჯო ჩემთვის".

მოძღვარი სიხარულით გაჰყვა წმინდა პანტელეიმონს და წარდგა მეფის წინაშე. მეფემ ხუცესი რომ დაინახა, სახელი ჰკითხა. წმინდა ერმოლაოსმა თავისი სახელი უთხრა, არც საკუთარი რწმენა დამალა და ხმამაღლა აღიარა, რომ ქრისტიანი იყო. მეფემ კვლავ ჰკითხა:

- გვერდით თუ ვინმე გყავს შენი სარწმუნოებისა?

მამა ერმოლაოსმა უთხრა:

- მყავს ორი თანამსახური, ქრისტეს ჭეშმარიტი მონები - ერმინე და ერმოკრატე.


დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე


მეფემ ბრძანა, ისინიც მასთან მიეყვანათ და სამივე ქრისტეს მსახურს უთხრა:

- ეს თქვენ განაყენეთ პანტოლეონი ჩვენი ღმერთებისგან?

- თვით იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი, რომელსაც ღირსეულად ჩათვლის, იმას გამოიყვანს კერპთაყვანისცემის ბნელიდან თავის შემეცნების ნათლისკენ წაუძღვება - უპასუხეს მათ.

- თავი ანებეთ ბოროტი სიტყვების წარმოთქმას და პანტოლეონი კვლავ ღმერთებისკენ შემოაბრუნეთ, მაშინ თქვენ ის პირველი დანაშაული გეპატიებათ და ჩემგან იმგვარ პატივისცემას დაიმსახურებთ, რომ სამეფო კარზე ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდებით, - შესთავაზა მეფემ.

- ამას როგორ გავაკეთებთ, - მტკიცედ შეეწინააღმდეგნენ წმინდანები, - როცა ჩვენ თვითონ მზად ვართ მოვკვდეთ ჩვენი ქრისტე ღმერთისთვის? არც ჩვენ და არც ის არ უარვყოფთ ქრისტეს და მით უმეტეს, მსხვერპლს არ შევწირავთ, ყრუ და უსულო კერპებს.

ეს თქვეს და მათ გონება ღვთისაკენ მიმართეს, თვალები ზეცისკენ აღაპყრეს და ლოცვა დაიწყეს. ამ დროს მათ ზეცითგან მაცხოვარი გამოეცხადათ და ისე იძრა მიწა, რომ იქაურობა შეაქანა.

- ხედავთ ჩვენი ღმერთები თქვენზე განრისხდნენ და მიწა შეძრეს - უთხრა მეფემ.

- მართალი ხართ, - დაეთანხმნენ წმინდანები, - თქვენმა ღმერთებმა მიწა შეარყიეს, რამეთუ ჩვენი ღვთის ძალით, ისინი თავიანთი სადგომებიდან ჩამოვარდნენ და დაიმსხვრნენ.

როცა ისინი ამას ამბობდნენ, საკერპოდან მოირბინა მეფის შიკრიკმა და აუწყა, რომ ყველა კერპი მიწაზე ჩამოვარდა და მტვრად იქცაო. უგუნურმა მმართველმა ყველაფერ ამაში არა ღვთის ძალა, არამედ ქრისტიანთა ჯადოქრობა დაინახა და შესძახა:

- მართლაც, ამ მოგვებს თუ არ დავხოცავთ, ძალიან მალე მათ გამო მთელი ქალაქი დაიღუპება.

მეფის ბრძანებით, პანტელეიმონი საპყრობილეში წაიყვანეს, ხოლო მამა ერმოლაოსი, თავის ორ მეგობართან ერთად, დიდხანს სასტიკად აწამეს და ბოლოს სამივეს მახვილით თავები წარკვეთეს. წმინდა ერმოლაოსმა, წმინდა ერმინემ და წმინდა ერმოკრატემ დაასრულეს თავისი მოწამეობრივი ღვაწლი და ზეციურ დიდებაში, სამივენი ერთად წარდგნენ ღმრთის წინაშე.

ამ სამი წმინდა მოწამის მოკვდინების შემდეგ მეფემ ბრძანა, მასთან წმინდა პანტელეიმონი მიეყვანათ და მას ამგვარი სიტყვებით მიმართა:

- მრავალი მოვაქციე ქრისტესგან ჩვენი ღმერთებისკენ, მარტო შენ არ გსურს, რომ დამიჯერო. შენმა მასწავლებელმა ერმოლაოსმა თავის მეგობრებთან ერთად ჩვენს ღმერთებს თაყვანი სცა და მსხვერპლი შესწირა და მათ ჩემს სამეფო კარზე საპატიო წოდება მივანიჭე. შენც ასე მოიქეცი, რომ მათნაირი პატივი მიიღო.

მოწამემ სულიწმიდით იცოდა, რომ მოწამეები აღესრულნენ და მეფეს ჰკითხა:

- უთხარი მათ, რომ აქ შენთან მოვიდნენ და ვნახო ისინი.

- აქ აღარ არიან, - იცრუა მეფემ, - ვინაიდან ისინი დიდი სიმდიდრის მისაღებად სხვა ქალაქში გავაგზავნე.

- აი, ახლა შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ჭეშმარიტება აღმოთქვი, - აუხსნა წმინდა პანტელეიმონმა, - შენ ისინი აქედან გაუშვი, სიკვდილს სწიე და მოწამეები მართლაც გადავიდნენ ქრისტეს ზეციურ ქალაქში იმ სიმდიდრის მისაღებად, რომლის დარიც თვალს არ უნახავს.

მეფე ხედავდა, რომ მოწამე ვერანაირად მისდრიკა უწმინდურობისკენ, მისი სასტიკად ცემა ბრძანა, საშინლად დაუიარეს სხეული, ბოლოს კი წმინდა პანტელეიმონის მახვილით მოკვლა და ცხედრის დაწვა ბრძანა. ჯარისკაცებმა მოწამე თავის მოსაკვეთად ქალაქგარეთ წაიყვანეს.

წმინდანი მიდიოდა სიკვდილის შესახვედრად და დავითის ფსალმუნს გალობდა: - "მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან, მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი. უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი. იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა, რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა. და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა" (ფსალმუნი 128).

მეომრებმა ქალაქგარეთ ერთი სტადიონის მანძილზე გაიყვანეს წმინდა პანტელეიმონი, მივიდნენ იმ ადგილას, სადაც უფლის ნებით მისი მონა უნდა აღსრულებულიყო. მეომრებმა წმინდა პანტელეიმონი ზეთისხილის ხეზე მიაბეს და მოსაკლავად მიუახლოვდნენ. ერთმა მათგანმა მახვილი მოუქნია, მაგრამ რკინა ცვილივით გადაიღუნა, ისე რომ, მოწამის სხეულს არც შეხებია, რადგან მას ლოცვა ჯერ არ დაემთავრებინა.

მეომრებმა შეძრწუნებულებმა წამოიძახეს:

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი!

დაემხნენ წმინდანის ფერხთით და სთხოვეს:

- გევედრებით, ღვთის მონავ! ილოცე ჩვენთვის, რათა მოგვეტევოს ცოდვები, რაც ჩვენ მეფის ბრძანებით შენ გაგიკეთეთ.

როცა წმინდანი ლოცულობდა, მოისმა ხმა ზეციდან, რომელმაც მოუხმო მას და დამტკიცდა, რომ სახელი გადაერქვა; ვინაიდან უფალმა პანტოლეონის ნაცვლად მას პანტელეიმონი დაუძახა და ცხადად აზიარა მადლს, რათა შეეწყალებინა ყველა, ვინც მას მიმართავს ყოველგვარ განსაცდელსა და მწუხარებისას, - და უფალმა მას ზეცისკენ მოუწოდა.

სიხარულით ავსებულმა წმინდანმა მეომრებს უბრძანა მისთვის თავი წარეკვეთათ; მათ ამის გაკეთება არ სურდათ, რადგან ეშინოდათ. მაშინ წმინდანმა მათ ამგვარი სიტყვებით მიმართა:

- თუ ამას არ შეასრულებთ, ჩემი ქრისტესგან წყალობას ვერ ეღირსებით.

მეომრები მიუახლოვდნენ მას, მთელი სხეული დაუკოცნეს, ბოლოს კი თავის წარკვეთა ერთ-ერთ მათგანს მიანდეს. მან თავი მოსჭრა წმინდა პანტელეიმონს და სისხლის ნაცვლად რძე წარმოუვიდა. ზეთისხილი კი იმავე წამს, ფესვიდან წვერამდე, ნაყოფით დაიფარა. იქ მყოფმა უამრავმა ხალხმა ეს რომ იხილა, ქრისტე იწამა.

მომხდარ სასწაულზე მეფეს შეატყობინეს. მისი ბრძანებით, ზეთისხილის ხე დაჩეხეს და წმინდანის ცხედართან ერთად დაწვეს.

როცა ცეცხლი ჩაქრა, მორწმუნეებმა წმინდანის სხეული სრულიად უვნებელი ფერფლიდან ამოიღეს და პატივით დაკრძალეს.

ლავრენტიმ, ვასამ და პროვიანემ, რომლებიც წმინდანს სახლში ემსახურებოდნენ, და მერეც შორიდან თვალს ადევნებდნენ მის წამებას, დაწერეს წმინდანის ცხოვრება, მარტვილობა და ნეტარი აღსასრული და წმინდა ეკლესიას გადასცეს მოსახსენიებლად მოწამისა, სიკეთისათვის წამკითხველისა და მსმენელისა, სადიდებელად ქრისტესა ღვთისა ჩვენისა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

* * *


წმინდა პანტელეიმონს თავი 305 წლის 27 ივლისს წარკვეთეს.

უკვე IV საუკუნეში წმინდა პანტელეიმონის სახელზე პირველი ტაძრები აშენდა სებასტიაში და კონსტანტინოპოლში. თავის მოკვეთისას წარმოდენილი რძე და სისხლი X საუკუნამდე ინახებოდა და მორწმუნეებს ურიგებდნენ საკურნებლად.

წმინდანის სხეული მცირე ნაწილებად მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. განსაკუთრებით ბევრი ათონის წმინდა მთაზეა. წმინდანის პატიოსანი თავი ათონზე წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მისივე სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

ცოტა ხნის მერე ზეთისხილის ხის ფესვზე ახალი ყლორტი ამოიზარდა, როგორც სიმბოლო სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა. ერთმა ასი წლის რუსმა მონაზონმა ამ ხის ნაყოფის კურკა ჩაიტანა ათონზე და წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის ეზოში ჩარგო. კურკიდან დროთა განმავლობაში ზეთისხილის ხე გაიზარდა.

1868 წელს ხანძარმა გაანადგურა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ნახევარი, დაიწვა უნიკალური ხელნაწერების ნაწილი. სხვებთან ერთად ცეცხლი ეკიდა საავადმყოფოს შენობას, რომლის სიახლოვესაც იყო დარგული ნიკომიდიური ზეთისხილის ხე, მაგრამ ცეცხლი არ მიჰკარებია, ფოთოლიც კი არ დასწვია. ამბობენ, რომ ამ ზეთისხილის ხის ნაყოფიც სასწაულმოქმედია და მრავალი მონაზონი თუ ერისკაცი, განუკურნიაო ათასგვარ სნეულებისგანო.

ლოცვა წმინდისა პანტელეიმონისი

ჵ, ყოვლად დიდებულო, ღმრთივ-გჳრგჳნოსანო, დიდო მოწამეო მკურნალო პანტელეიმონ, ანგელოზთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო, თხოვათა აღმასრულებელო, და წყალობისა მომნიჭებელო.

ჵ, ყოვლად ბრწყინვალეო ქრისტეს დიდო მოწამეო, უქრთამო მკურნალო პანტელეიმონ. ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმინდისა შენისაჲთა განაბრწყინვე ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნონი წესნი, მჴედართ მთავარნი, და ქალაქთ მთავარნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტეს მოყუარე მჴედარნი, და კეთილის მყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდენ. ევედრე წმინდაო დიდო მოწამეო ქრისტესო შენგან შეყუარებულსა იესუს, რაჲთა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი.

ჵ, ყოვლად ქებულო და პატივცემულო, წმინდაო დიდო მოწამეო, უვეცხლოო მკურნალო პანტელეიმონ, ღმრთივ-დიდებულითა საკჳრველებითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა, განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოუჴსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განაძლიერენ ზღვათა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმინდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულით და ჴორცით, რაჲთა სასუფეველსა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ, და შენთანა გჳრგჳნოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გჳრგჳნოსან-მყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა, და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


წმიდა მკურნალი პანტელეიმონის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი

მიმსგავსებულ იქმენ ყოვლად მოწყალისა, და მოიღე მადლი კურნებათა ღვაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღვთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩვენთა სენნი განჰკურნენ და განდევნენ ეშმაკის საცთურნი ჩვენგან, რომელნი ვღაღადებთ: გვაცხოვნენ ჩვენ, უფალო.


წმინდა პანტელეიმონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე




აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ლოცვა წმინდა პანტელეიმონისადმი

სინი, რომელზეც წმინდა პანტელეიმონის თავი იყო დასვენებული, სავსე იყო მირონით

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სისხლი.

წმინდა პანტელეიმონის სასწაულები

ავადმყოფები ქალაქის სახელგანთქმულ ექიმებთან აღარ მიდიოდნენ და წმინდა პანტელეიმონს მიმართავდნენ დახმარებისთვის

წმინდა პანტელეიმონის ვედრებაში ადამიანი ფიზიკურად და სულიერად იკურნება

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სასწაულები

წმინდა პანტელეიმონის მიერ ნიკომიდიაში მომხდარი სასწაულები

ქიუს-ქიუნჯუკში წმინდა პანტელეიმონის მიერ მოხდენილი სასწაულები

წმინდა პანტელეიმონის მიერ სხვადასხვა ადგილას მოხდენილი სასწაულები


პანტელეიმონის მონასტერი

წმიდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია

წმინდა მოწამისა და მკურნალის წმინდა ნაწილები მთელ საქრისტიანოშია განფენილი და მორწმუნეები დღესაც იღებენ კურნებას


იხილეთ დასაწყისი



ბეჭდვა
1კ1