წმინდა ბორისი და გლები, წმინდა ნათლისღებით - რომანოზი და დავითი (+1015) - 24 ივლისი (6 აგვისტო)
წმინდა ბორისი და გლები, წმინდა ნათლისღებით - რომანოზი და დავითი (+1015) - 24 ივლისი (6 აგვისტო)
ეკლესია ამ დღეს მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერის ვაჟებს ბორისსა და გლებს (წმინდა ნათლისღებით - რომანოზი და დავითი) იხსენიებს. მთავრის ვაჟები ბავშვობიდანვე სიკეთითა და ზნეობით გამოირჩეოდნენ. მამამ შვილებს თავისსავე სიცოცხლეში დაუნაწილა მიწები: ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი - მურომისა. მთავარმა შვილობილ სვიატოპოლკსაც მისცა საუფლისწულოდ ტუროვის მხარე. ბორისი და გლები დაუცხრომლად იღვწოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად.

1015 წელს, წმინდა ვლადიმერის ნეტარი აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო ხელში ჩაიგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში "წყეულის" სახელით შესულმა სვიატოპოლკმა. ამაში კი ძმები, ბორისი და გლები "უშლიდნენ" ხელს. ეტყობა, ეს შენიშნა ბორისის ერთგულმა ხალხმა და უთხრა: "მამისეული ლაშქარი თან გახლავს (პაჭანიკებზე ლაშქრობიდან იყო მობრუნებული), მიდი კიევს და ტახტი დაიკავეო". ბორისმა იუარა: "ხელს ვერ აღვმართავ უფროს ძმაზე, რადგან მამა მიიცვალა, იგი უნდა მყავდეს მამის მაგიერო". სვიატოპოლკმა ბორისის მოკვლა ვიშგოროდელებს დაავალა. ბორისს შეატყობინეს, მოკვლას გიპირებენო. ჯარისგან მიტოვებული ბორისი ფსალმუნებს გალობდა კარავში. ცისკრის ლოცვის დასრულების შემდეგ ღმერთს შეჰღაღადა: "ღმერთო, მტერთაგან კი არ ავიღებ ტანჯვას, არამედ ძმისგან და ამას ნუ ჩაუთვლი ცოდვადო". მერე კი ლოგინზე დაწვა. ამ დროს სვიატოპოლკის მხედრები მხეცებივით შემოიჭრნენ კარავში და შუბი აძგერეს. თურმე ვერ მოკლეს. მაშინ სვიატიპოლკმა ორი ვარიაგი შეგზავნა - გული ჯერ კიდევ უცემდა. იძრეს მახვილი და განგმირეს. წმინდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში, კიევიდან თხუთმეტი ვერსის მოშორებით, და წმინდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

ბორისის მკვლელობის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლები გაგზავნა იმჟამად სმოლენსკის მახლობლად მყოფ გლებთან და თითქოს მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. კეთილმა ხალხმა მასაც უთხრა: სვიატიპოლკს ბორისი მოუკლავს და ნუ წახვალო. მან კი: ვაი ჩემდა, უფალო. უმჯობესი იყო, ძმასთან ერთად მოვმკვდარიყავი, ვიდრე მის გარეშე მეცოცხლაო. მერე ბორისს სთხოვა: "ევედრე უფალს და ჩემთვის მოწამეობა გამოითხოვეო". ამ ლოცვაში იყო, რომ თავს დაესხნენ და კრავივით დაკლეს. წმინდა ბორისის კარზე სამი უნგრელი დიდებული ძმა: გიორგი, ეფრემი და მოსე - ცხოვრობდა. როცა ბორისის მოკვლა მოინდომეს, გიორგი ტანით გადაეფარა და მის გადარჩენას ლამობდა. გიორგის თავი მოჰკვეთეს სვიატიპოლკის მომხრეებმა. ეფრემს მკვლელობის ადგილზე ძმის პატიოსანი თავიღა დახვდა. თან წაასვენა. დაუტევა დიდებულის ხარისხი, ამქვეყნიური სუფევა, იქვე, მდინარის პირას დააფუძნა მონასტერი, ბორისისა და გლების სახელზე ეკლესია ააგო. მონასტერში წავიდა მესამე ძმა მოსეც.

გლების ცხედარი მკვლელებმა იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ფიჩხი მიაყარეს. უფლის რჩეულის წმინდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: ზოგჯერ მას ნათლის სვეტი ადგებოდა თავს, ზოგჯერ კი გამვლელებსა და მწყემსებს ანგელოზთა ტკბილი გალობა ესმოდათ. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს, გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.

სვიატოპოლკი ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ დაამარცხა იაროსლავ ბრძენმა. ამ უკანასკნელმა გლების წმინდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმინდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმინდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა.
..................

აქვე წაიკითხეთ:

კეთილმორწმუნენი მთავარნი, მოწამენი ბორისი და გლები, წმიდა ნათლისღებით - რომანოზი და დავითი (+1015) - 24 (06.08) ივლისი

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნეთა რუსეთის მთავართა ბორისისა და გლებისა, წმიდა ნათლისღებით რომანოზისა და დავითისა (1072 და 1115) - 02 (15) მაისი




ბეჭდვა
1კ1