მღვდელმოწამე აპოლინარი რავნელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
მღვდელმოწამე აპოლინარი რავნელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75) – 23 ივლისი (5 აგვისტო)
ძველი წელთაღრიცხვით 23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებელი ეკლესია რავენის პირველი საუკუნის ეპისკოპოსს აპოლინარს იხსენიებს. წმინდა მღვდელმთავარი 28 წელი ღირსეულად განაგებდა რავენის ეპარქიას. აპოლინარი წარმოშობით ანტიოქიიდან იყო. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს მას ეპისკოპოსად ხელი თავად პავლე მოციქულმა დაასხა რომში.

რომიდან მოციქულისგან ხელდასხმული ეპისკოპოსი უბრალო მწირის სახით ჩავიდა რავენში და ადგილობრივ მკვიდრს, მხედარ ირინეოსს თავშესაფარი სთხოვა. მასპინძელთან საუბარში წმინდანმა გააცხადა მისი უმაღლესი სასულიერო წოდება. ირინეოსს ბრმა ვაჟი ჰყავდა. მხედარს სმენოდა იმ სასწაულების შესახებ, რომლებსაც ქრისტიანთა რწმენა ახდენდა და სთხოვა აპოლინარს ელოცა მითვის. მართლაც წმინდა მღვდელმთავრის უფლისადმი აღვლენილმა გულმხურვალე ლოცვამ თვალისჩინი დაუბრუნა ირინეოსის ბრმა ვაჟს. გახარებულმა ირინეოსმა და მისმა სახლეულებმა, პირველებმა რავენელებს შორის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება. მღვდელმთავარი მათ სახლში დარჩა საცხოვრებლად.

ქალაქ რავენის ტრიბუნის მეუღლე, თეკლა, მძიმედ იყო ავად. ათასი ექიმი მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ, როდესაც ახალმოქცეული მხედარი ირინეოსი ტრიბუნთან იყო და შეიტყო მისი მეუღლის უკურნებელი სენის შესახებ ასეთი რამ უთხრა: - "ჩემთან ცხოვრობს ერთი უცხოელი კაცი, რომელმაც ყოველგვარი წამლის გარეშე განკურნა ჩემი ბრმა ვაჟი, თუ გსურს ბრძანე და მოვიყვან შენთან, ის შენს მეუღლესაც განკურნავს".

- საიდან მოვიდა ჩვენს ქალაქში? - იკითხა ტრიბუნმა.

- რომიდან, - უპასუხა ირინეოსმა.

- რომაელია? - ჰკითხა მხედარს ტრიბუნმა.

- წარმოშობით რომაელი არ ჩანს, ბერძენია, - თქვა ირინეოსმა.

- ფარულად მოიყვანე ხვალ ჩემთან, - შეუთანხმდა ტრიბუნი მხედარს.

როდესაც აპოლინარი ირინეოსთან ერთად ესტუმრა ტრიბუნს, ახსენა უფალი იესო ქრისტე და თქვა, რომ მას არაფერი შეეძლო, ყველაფერს იესოს რწმენის ძალით აკეთებდა. ტრიბუნი დაინტერესდა, ვინ იყო იესო, ქრისტე. აპოლინარმა დაწვრილებით მოუთხრო მას მაცხოვრის შესახებ. შემდეგ გულმხურვალედ ილოცა. წმინდა მღვდელმთავრის ლოცვით ტრიბუნის სნეული მეუღლე სრულიად გამოჯანმრთელდა. ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა ტრიბუნის მთელი ოჯახი. მათ სასახლეში აპოლინარმა მოაწყო მცირე ეკლესია. ახალმოქცეულ რავენელთათვის წმინდა ეპისკოპოსმა ორი ხუცესი - ადერეტი და კალორიკე - და ორი დიაკონი დაადგინა. ქალაქში აპოლინარის მოღვაწეობის თორმეტი წლის მანძილზე მართლმორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობდა.

შეშფოთებულმა წარმართმა ქურუმებმა მმართველ სატურნინესთან დაასმინეს და სამსჯავროს წინაშე წარადგინეს მწყემსმთავარი.

- ვინ ხარ შენ? - ჰკითხა მმართველმა აპოლინარს.

- მე ქრისტიანი ვარ, - ხმამაღლა წარმოთქვა მღვდელმთავარმა.

- ვინ არის ქრისტე? - ჰკითხა სატურნინემ.

- ქრისტე არის ძე ცოცხალი ღმერთის, რომლის ძალითაც ცოცხლობს ყოველი, მიწაზეც, ზეცაშიც და ზღვაშიც.

- ეს მან გამოგგზავნა ჩვენთან ჩვენი ღმერთების დასამხობად?! განა არ იცი, რომ ზევსია უზენაესი ღმერთი, რომელსაც შენც უნდა სცემდე თაყვანს.

- მე არ ვიცი, ვინაა ზევსი, არც მისი ტაძრის შესახებ მსმენია რამე, - ამაყად განაცხადა მღვდელმთავარმა.

მაშინ წარმართმა ქურუმებმა შესთავაზეს წმინდანს, წასულიყო და ენახა ზევსის დიდებული ტაძარი, შეეცნო იგი და თაყვანი ეცა მისთვის. წაიყვანეს აპოლინარი ზევსის ტაძარში. როცა იქაური მდიდრული მორთულობა იხილა, ეპისკოპოსს გაეცინა და ქურუმებს მიმართა:

- ნახეთ, რამდენი ოქრო-ვერცხლია აქ ტყუილ-უბრალოდ, არ სჯობს, ღარიბებს დაურიგოთ, ვიდრე დემონები მორთოთ?!

ამ სიტყვებზე ქურუმები სასტიკად განრისხდნენ და ეპისკოპოსი სასტიკად სცემეს, შემდეგ აწამეს. როცა ჩათვალეს, რომ წმინდანს სული აღმოხდა, მტარვალებმა ქალაქგარეთ გაიტანეს მისი ცხედარი და ზღვის ნაპირას დააგდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნეტარი ცოცხალი იყო. იგი ერთმა კეთილმსახურმა ქვრივმა შეიფარა, მოასულიერა და უწამლა. მის სახლში წმინდა მღვდელმთავარი ექვსი თვე იმყოფებოდა და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას.

აპოლინარის ადგილსამყოფელი მაშინ გაცხადდა, როცა მან ქალაქის დიდგვაროვანს, ბონიფანტეს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, წმინდანი კი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს და წამება დაუწყეს - აიძულებდნენ, ფეხშიშველა მდგარიყო გავარვარებულ ნაღვერდალში. მღვდელმთავარს ქადაგება არ შეუწყვეტია მანამ, სანამ უღმრთოებმა იგი ქალაქიდან არ განდევნეს.

გარკვეული ხნის განმავლობაში წმინდანი იტალიაში იმყოფებოდა და კვლავინდებურად განაგრძობდა სახარების სწავლებას. ამ დროს რავენის ეკლესიას ხუცესი კალორიკე განაგებდა. სამწყსოსთან დაბრუნებული აპოლინარი კვლავ დაატუსაღეს, ქალაქიდან გაძევება მიუსაჯეს და მძიმე ბორკილებით შებოჭილი აიყვანეს გემზე, რომელიც დუნაის გზით ილირიისკენ მიემართებოდა.

გადასახლების ადგილამდე მისი ჩაყვანა ორ მეომარს მიანდეს. დევნილ ეპისკოპოსს სამი ღვთისმსახური ნებით გაჰყვა ქალაქიდან. გზაში ხომალდი დაიღუპა და ყველა მგზავრი დაიხრჩო, გადარჩა მხოლოდ აპოლინარი, მისი თანმხლები ღვთისმსახურები და ორი მცველი. წმინდა მღვდელმთავრის ქადაგების გავლენით მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. მგზავრები მიზიაში ჩავიდნენ. აქ აპოლინარმა კეთრისგან განკურნა ერთი დიდებული მოქალაქე, რომელმაც, მადლიერებით აღვსილმა, შეიფარა თავისი მხსნელიც და მისი თანმხლებნიც. წმინდა მამა დაუცხრომლად ქადაგებდა მაცხოვრის სწავლებას და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც უსჯულოებმა დევნა დაუწყეს. მათ უმოწყალოდ გვემეს ნეტარი, შემდეგ კი იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე აიყვანეს და უკანვე გაგზავნეს. სამი წლის იძულებითი განშორების შემდეგ მართლმადიდებლობის ერთგული მსახური ისევ დაუბრუნდა თავის სამწყსოს, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი, მაგრამ წარმართები კვლავ შფოთავდნენ: ისინი თავს დაესხნენ ტაძარს, მლოცველები დაფანტეს, თავად აპოლინარი კი ქურუმებთან, აპოლონის საკერპოში წაიყვანეს. როგორც კი ნეტარმა ბომონში ფეხი შედგა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. გაავებულმა წარმართებმა აპოლინარი ოლქის ახალ მმართველ ტაბრუსთან მიიყვანეს. აქ მან კიდევ ერთი სასწაული აღასრულა - მმართველის ბრმადშობილი ვაჟი განკურნა. ტაბრუსი შეეცადა, გამხეცებული ბრბოსგან დაეფარა უფლის რჩეული და იგი ქალაქგარეთ გაგზავნა, თავის მამულში. აქ მმართველის ცოლ-შვილი მოინათლა. თავად ტაბრუსმა იმპერატორის შიშით ვერ გაბედა ნათლისღება, მაგრამ კეთილისმყოფელს კი სიყვარულითა და მადლიერებით ეპყრობოდა. ოთხი წელი ცხოვრობდა აპოლინარი მმართველის მამულში. წარმართმა ქურუმებმა იმპერატორ ვესპასიანეს მიმართეს თხოვნით, სიკვდილით დაესაჯა ქრისტიანთა "ქურუმი". მაგრამ ვესპასიანემ არ მიიღო საჩივარი და მომჩივრებს შეუთვალა: რომ: "ღმერთებს საკმაო ძალა გააჩნიათ იმისთვის, რომ შური იძიონ, თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ!"

კერპთმსახურების მრისხანება მაინც დაატყდა თავს წმინდა მამას: ისინი თავს დაესხნენ ქალაქიდან მახლობელი დაბისკენ მიმავალს, და სასტიკად გვემეს. ქრისტიანებმა ნეტარი მამა უკვე სულთმობრძავი იპოვეს და ჩაიყვანეს დაბაში, სადაც შვიდი დღე იწვა სასიკვდილო სარეცელზე. ბოლოს, მოწამემ მღვდელმთავრული კურთხევით დალოცა ირგვლივ მყოფნი და სული უფალს შეჰვედრა.

ბეჭდვა
1კ1