წმინდა მარკელა ქიოსელი (III) - 22 ივლისი (4 აგვისტო)
წმინდა მარკელა ქიოსელი (III) - 22 ივლისი (4 აგვისტო)
ძველი სტილით 22 ივლისს ეკლესია იხსენიებს წმინდა მარკელა ქიოსელს. კუნძულ ქიოსზე სოფელ ვოლისოსის გვერდით, სადაც ლეგენდის მიხედვით ჰომეროსი დაიბადა, დგას წმინდა მარკელას სახელობის ტაძარი.

წმინდა მარკელამ დედა ადრე დაკარგა და მამასთან ერთად ცხოვრობდა. იგი სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა. მამამისი, ეტყობა, ერთგვარი სიგიჟით იყო შეპყრობილი, ვინაიდან როცა მარკელა გაიზარდა, მისდამი ცოდვიანი სურვილები აღეძრა. ერთხელ შეწუხებული გოგონა სოფლიდან გაიქცა. მამამისი ცხენით გამოეკიდა. გოგონა ზღვის კლდოვანი სანაპიროსკენ გაიქცა და ბუჩქებში დაიმალა. უგუნურმა, როცა შვილი ვერ გამოიყვანა, ბუჩქებს ცეცხლი წაუკიდა. გოგონა გაიქცა ზღვისკენ. მამამისმა ისარი ესროლა და თეძოში მოარტყა. გოგონა თითქოს ტკივილს ვერ გრძნობდა და გარბოდა. როცა დაინახა, რომ ვეღარ გაიქცეოდა, დაემხო მიწაზე და უფალსა და ღვთისმშობელს სთხოვა, დაე, მიწამ შთანმთქასო. მიწა გაიპო და წმინდა მარკელა მკერდამდე ნაპრალში გაიჭედა. მამამისმა მისი ამოთრევა რომ ვერ შეძლო, თავი და მკერდი მოაჭრა და ზღვაში ისროლა. ზღვაში მოტივტივე წმინდა მარკელას თავს ზეციური სვეტი დასდგომოდა. იგი ვენეციაში წაასვენა გვერდით ჩავლილმა ხომალდმა. იმ ადგილას, სადაც ეკლის ბუჩქი იყო, ქრისტიანებმა მის პატივად ეკლესია აღმართეს. იქ მისული მომლოცველი ორ ჯვარს იხილავს, ერთი იქაა აღმართული, სადაც წმინდა მარკელა დაჭრეს, მეორე კი მისი მოწამებრივი აღსასრულის ადგილას, სადაც კლდის უზარმაზარი ნატეხი მის ბუნებრივ საფლავს ქმნის. ქვას გარშემო ზღვამ მიწა გამოაცალა. წმინდა ნაწილებიან ქვაში ნახვრეტია, საიდანაც თბილი მარილიანი წყალი მოედინება. წყარო უდავოდ სათავეს ნაპირიდან არ იღებს, რადგან ქვა მოშორებულია მას. ზღვის მიქცევა და მოქცევა წყაროზე გავლენას ვერ ახდენს. ამ კუნძულზე შავი ქვებია, მაგრამ წყაროს სიახლოვეს ქვები გაწითლებულია. ხალხი ამბობს, წმინდანის სხეულიდან მომდინარე სისხლი აწითლებსო. მომლოცველები საუკუნეების მანძილზე ჰყვებიან, როცა აქ წყალს აკურთხებენ, სიღრმიდან ორთქლის ღრუბელი სპირალის სახით ამოდისო. გადმოცემით, წყარო თვით წმინდანის ნაწილებიდან მოედინება. მრავალი სასწაული მომხდარა წმინდა მარკელას ლოცვით, რამდენიმეს ახლა გთავაზობთ.

1872 წელს სოფელ ვოლისოსელ მღვდელს სურდა, ამ წყაროში თავისი ავადმყოფი ქალიშვილი განებანა, მაგრამ განკურნებისა ეეჭვებოდა. წინა საღამოს ძილში ეს წყარო იხილა, გვერდით წმინდა მარკელა იდგა. მან მღვდელს უთხრა: "შენი ბავშვი განიკურნება. ნუ დაეჭვდები იმ ნიჭში, მე რომ მიბოძა ღმერთმა". მართლაც, მეორე დღეს წმინდა მარკელას შეწევნით ბავშვი განიკურნა.

1782 წელს სოფლელები ვოლისოსის სამხრეთით მიდიოდნენ. გზა დაუმძიმდათ, თოვლს ყინულივით წვიმა ცვლიდა. ერთი ქალი დაეცა და გონება დაკარგა. თანამგზავრებმა იქვე, წმინდა გიორგის ეკვდერის გვერდით მდებარე ოთახში დააწვინეს და ვოლისოსში ქალის ქმარს შეატყობინეს ყველაფერი. შეშინებულმა ქმარმა წმინდა მარკელას შესთხოვა ცოლის გადარჩენა. იმავე ღამეს წმინდანი გამოეცხადა ქალს, წაიყვანა ოთახის კუთხეში, სადაც საქონლისთვის გობი იდგა და იქიდან სასმელი წყალი დაალევინა.

ქარბუქის გამო ცხრა დღე ვერ მოხერხდა ქალის პოვნა. მაგრამ როცა თანასოფლელები ავიდნენ, ქალი ჯანმრთელი ნახეს. თქვა, წმინდა მარკელას მოცემულმა წყალმა განმკურნაო.

ერთი ქიოსელი ქალი მუხლს ქვემოთ დამბლადაცემული იყო. წმინდა მარკელას წყაროდან წყლის მოტანა ითხოვა. იმავე ღამეს ძილში წმინდა მარკელა გამოეცხადა: - ნუ იჯავრებ, განგკურნავო. მეორე დღეს წმინდა მარკელას წყალი მოუტანეს, ქალმა ფეხები დაისველა და განიკურნა.

პირველი მსოფლიო ომისას ქიოსის სოფელ ვროდილასის მკვიდრი სკრასთან ახლოს იბრძოდა ბერძნული არმიის შემადგენლობაში. მძიმე და სისხლიანი ბრძოლა იყო. არტილერიის ცეცხლის დროს ბრძოლის ეპიცენტრში ქალი დაინახა და დაუყვირა, - აქაურობას მოსცილდიო. მან კი უპასუხა: "მე მარკელა ვარ. ჩემი სახლი ზღვის პირასაა, სოფელ პლატნოსის გვერდით. აქ ჩემი შვილების გადასარჩენად მოვედიო". ქალის გარშემო ბომბები ფეთქდებოდა, ის კი უეცრად უჩინო იქმნა. ჯარისკაცმა ცოლს სთხოვა, წმინდა მარკელას ეკლესიაში შეკვეთილი წირვა გადაეხადა. ცოლი ვოლისოსში მივიდა თავის სამი წლის ბავშვთან ერთად. ბავშვი სადღაც გაქრა და მეორე დღესღა იპოვეს. ის წმინდა მარკელას ტაძრის მამასახლისმა მოიყვანა. გოგონამ თქვა: "ვიღაც დეიდამ სათამაშოები მომცაო".

არქიმანდრიტი დოროთე ანდროსელს ფეხები სტკიოდა, სისხლის მიმოქცევა ჰქონდა დარღვეული. ილოცა ვოლისოსში წმინდა მარკელას წყაროსთან. ფეხები წყაროში ჩაყო, უეცრად ტკივილი დაუცხრა და განიკურნა. შინ დაბრუნებულმა სამადლობლად წმინდა მარკელას სახელობის ეკვდერი ააგო. წმინდა მარკელას განსაკუთრებით ის დედაკაცები ევედრებიან, რომელთაც მკერდის სიმსივნე აქვთ.
.................................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა მარკელას განსაკუთრებით ის დედაკაცები ევედრებიან, რომელთაც მკერდის სიმსივნე აქვთ

ბეჭდვა
1კ1