წმინდა მოწამე ემილიანე (+363) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა მოწამე ემილიანე (+363) - 18 ივლისი (31 ივლისი)
იმპერატორ იულიანე განდგომილის მეფობის ჟამს (361-363), საშინლად დევნიდნენ ქრისტიანებს. არ უყურებდნენ ასაკსა და სქესს და ყველას წამებით კლავდნენ. მთელი იმპერია ქრისტიანთა სისხლით გადაწითლდა. სხვა სასტიკ მმართველებთან ერთად, რომელიც სხვადასხვა მხარესა და ქალაქებში გააგზავნა, იმპერატორმა მისიის ქალაქ დოროსტოლში უწყალო ჯალათი კაპიტოლინი გაამწესა. მან ქალაქში ჩასვლის უმალ "ღმერთებს" მსხვერპლი შესწირა, მეორე დღეს ქალაქის მოედანზე სამსჯავრო მოაწყო, დაჯდა მაღალ ტახტზე და მეფის ბრძანება ამაყად გააცნო. მერე გამოიკითხა, თქვენ შორის ქრისტიანები, ჩვენი ღმერთების მოწინააღმდეგეები ხომ არ არიანო. მოქალაქეებმა ფიცით დაუდასტურეს, ჩვენს ქალაქში ქრისტიანი არ არისო. კაპიტოლინმა ძალზე გაიხარა და ქალაქის ყველა პატივცემული მოქალაქე ნადიმზე მიიწვია. ქალაქში ერთი ფარული ქრისტიანი ცხოვრობდა, ემილიანე, მონა წარმართი დიდებულისა. სწორედ ამ ნადიმის დროს მან დრო იხელთა, შეიპარა საკერპოში, რკინის უროთი დაამსხვრია კერპები და სამსხვერპლო, უზარმაზარი ლამპრები, რომლებიც კერპების წინ იდგა, მიმოფანტა ნაკერპავი და გახარებული გარეთ გამოვიდა. მის მერე საკერპოში ვინმე წარმართი შევიდა და რაც ნახა, მოქეი¬ფეებს შეატყობინა. ყველა საკერპოსკენ გაიქცა. ამ დროს იქვე ერთმა გლეხმა ჩაიარა, რომელიც მინდვრიდან მო¬დიოდა, ეჭვი მასზე მიიტანეს და ცემა დაუწყეს. წმინდა ემილიანემ იფიქრა, უდანაშაულო ადამიანი რომ მოკლან, ამით სინდისი დამიმძიმდება და მე ვიქნები ღვთის წინაშე მისი მკვლელიო. ამიტომაც მივიდა მათთან, ვისაც გლეხი მიჰყავდა და ხმამაღლა უთხრა:

- გაუშვით ეს უდანაშაულო ადამიანი და მე წამიყვანეთ: ეს მე დავამსხვრიე თქვენი უსულო კერპები!

გადარეულმა ხალხმა გლეხს ხელი გაუშვა, წმინდა ემილიანე შეიპყრო და ცემა-ცემით მმართველთან მიიყვანეს და უთხრეს, ამან დაამსხვრია ჩვენი ღმერთები და გათელა შეწირული მსხვერპლიო.

გაბრაზებულმა მმართველმა ქალაქელებს უსაყვედურა:

- აკი ქალაქში ჩვენი ღმერთების მოწინააღმდეგე არავინ არისო. უყურადღებობის გამო დაისჯებით და მეფის სალაროში ერთ ლიტრა ოქროს შეიტანთ.

შემდეგ კი წმინდა ემილიანეს ჰკითხა:

- უბედურო, რა გქვია?

- ქრისტიანი ვარ, - უპასუხა ქრისტეს მხნე მეომარმა.

- შენი სახელი მითხარი, საზიზღარო ადამიანო!

მოწამემ უპასუხა:

- მშობლებმა მე ემილიანე მიწოდეს, ქრისტემ, ჭეშმარიტმა ღმერთმა კი ღირს მყო ქრისტიანი დამრქმეოდა.

მმართველმა ჰკითხა:

- საძაგელო, ჩვენი უკვდავი ღმერთების შეურცხყოფა ვინ გასწავლა?

წმინდა მოწამემ უპასუხა:

- ღმერთმა და ჩემმა სულმა მიბრძანა, დამემსხვრია უსულო კერპები, რომელთაც ღმერთებს ეძახით, რათა ყველამ დაინახოს, რომ ისინი უსულონი, ყრუნი და ბრმანი არიან, ხისა და ქვისაგან არიან შექმნილნი. იცოდე, მე ჭეშმარიტი ღმერთი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი კი არ შევურაცხვყავ, არამედ ვაგინე თქვენს ცრუ ღმერთებს, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ და თვითონაც შექმნილნი არიან, ამიტომაც დავამხე მიწაზე, რომ სამუდამოდ განადგურდნენ.

- მარტომ დაამსხვრიე, თუ ვინმე დაგეხმარა? - ჰკითხა მმართველმა.

ემილიანემ უპასუხა:

- ღვთის შეწევნით მარტომ მტვრად ვაქციე თქვენი კერპები და ფეხით გავთელე, ნაკერპავი და ლამპრები; და ვერცერთმა სამაგიერო ვერ გადამიხადა, ჩემს ხელთაგან თავი ვერ დააღწიეს, რადგან უძლურები, უგრძნობები არიან. და მათი მოიმედენი თქვენც ასეთივენი იქნებით.

მაშინ მმართველმა ბრძანა, ემილიანე გაეშიშვლებინათ და სასტიკად ეცემათ. მალე წმინდანის სისხლით მიწა გადაწითლდა. მმართველმა კვლავ ჰკითხა: - ამ ბოროტი საქმის ქმნა ვინ გასწავლაო.

წმინდანმა ცემის დროს უპასუხა:

- მე უკვე გითხარი, რომ ამის ქმნა ღმერთმა და ჩემმა სინდისმა მიბრძანა და შენ ჩემი მაინც არ გჯერა. მე ხომ შენთვის ცუდი არ გამიკეთებია, ეშმაკი შევარცხვინე და ღმერთი განვადიდე.

მმართველმა მსახურებს უბრძანა:

- გადმოაბრუნეთ და მუცელსა და მკერდზე ურტყით: ამაყია და ურჩი მეფის ბრძანებისა!

წმინდა მოწამეს დიდხანს სცემდნენ, ბოლოს, მმართველმა ბრძანა მისი ცემა შეეწყვიტათ და ჰკითხა ემილიანეს:

- მონა ხარ, თუ თავისუფალი?

- მე ქალაქის თავის მონა ვარ, - უპასუხა წმინდანმა.

მაშინ მმართველი ქალაქის თავზე გაბრაზდა, და ღმერთების მოწინააღმდეგე და მეფის ურჩი მონის ყოლისთვის, ჯარიმა დააკისრა - მეფის სალაროში ერთი ლიტრა ვერცხლი უნდა შეეტანა. წმინდანს კი კოცონზე დაწვა მიუსაჯა. მსახურები მაშინვე ეცნენ წმინდანს და ქალაქგარეთ გაიყვანეს. დუნაის პირას დიდი კოცონი აანთეს და წმინდანი შიგ ჩააგდეს. ცეცხლის ალი წმინდანს გარს შემოერტყა და მას კი არ შეეხო, არაფერი ავნო; სამაგიეროდ, სეირის მაყურებელი ხალხი ბევრი დაიწვა, ბევრი ძალზე დაშავდა და ზოგმაც თავს გაქცევით უშველა. ხალხს შორის ბევრი იყო ფარული ქრისტიანი, რომელთაც ცეცხლისაგან არაფერი ევნოთ მაშინ, როცა მათ გვერდით წარმართები მოიწვნენ. წმინდანი აღმოსავლეთით პირმიქცეული იდგა, ჯვარს ისა¬ხავდა და ღმერთს აკურთხებდა. ლოცვას რომ მორჩა, თქვა:

- უფალო იესო ქრისტე, მიიღე სული ჩემი!

ამ სიტყვებით დაწვა და მიიცვალა უფლისა მიმართ მაშინ, როცა ცეცხლი ჩაქრა. ცეცხლმა მის სხეულს ვერაფერი დაუშავა, თმაც კი არ შეტრუსოდა. წმინდა ემილიანე 363 წლის 18 ივლისს აღესრულა. ფარული ქრისტიანები მივიდნენ მმართველის ცოლთან, რომელიც ასევე ქრისტიანი იყო, ყველაფერი უამბეს და დაარწმუნეს, ქმრისგან წმინდა მოწამის სხეული გამოეთხოვა, რათა დაეკრძალათ; ქმარმა ნება მისცა, უშიშრად აეღოთ მოწამის სხეული. წმინდა ემილიანეს წამებული ცხედარი სუდარაში გაახვიეს, ნელსაცხებელი სცხეს და ქალაქიდან სამ სარბიელზე დიდი პატივით დაკრძალეს. შემდგომში კონსტანტინოპოლში წმინდა ემილიანეს სახელობის ტაძარი აშენდა, სადაც გადაასვენეს წმინდა მოწამის წმინდა ნაწილები.

კონდაკი

საღმრთოთა შურითა აღტყინებული ცეცხლის მსახურთა არა შეუშინდა, არამედ არხედ უშიშითა გონებითა მას ზედა და იქმენ ყოვლადდასაწველი, და ვითარცა მსხვერპლი მეუფისა შეიწირე, მოწამეო დიდებულო ემილიანე, ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობა.

ბეჭდვა
1კ1