წმინდა მოწამენი: პროკლე და ჰილარი (II) ) - 12 (25) ივლისი
წმინდა მოწამენი: პროკლე და ჰილარი (II) ) - 12 (25) ივლისი
წმინდა მოწამენი პროკლე და ჰილარი ქალაქ ანკირას (ქალაქი ანკირა იყო ფრიგიაში და გალატიაში, უცნობია, რომელ ანკირაზეა საუბარი) სიახლოვეს მდებარე დაბა კალიპტას მიდამოებში ცხოვრობდნენ. ისინი ქრისტესთვის ეწამნენ იმპერატორ ტრაიანეს და მმართველ მაქსიმეს დროს. პირველად პროკლე შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს იმ მხარის სიახლოვეს იმყოფებოდა. შემდეგ კი ხუნდები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მეფემ მისი საქმე განიხილა, და რადგანაც წმინდა პროკლე მის ბრძანებას არ ემორჩილებოდა, საწამებლად მმართველ მაქსიმეს გადასცა. სამსჯავროში დამჯდარმა მაქსიმემ წმინდა პროკლეს ჰკითხა:

- სადაური ხარ?

- ქრისტიანთა გვარის ვარ, ხოლო ჩემი სასოება ქრისტეა, - უპასუხა პროკლემ.

- ღმერთებს გეფიცები, არ დაგინდობო, უთხრა მაქსიმემ და კვლავ ჰკითხა:
- თუ იცი მეფის ბრძანება, რიმ ყველა ქრისტიანმა ღმერთებს მსხვერპლი უნდა შესწიროს?

- გამიგია, - უპასუხა წმინდანმა, - მეფემ ეს ბრძანება გამოსცა, ბევრის საცთუნებლად და საკუთარი თავის წარსაწყმედად.

- შენ მეფეს და მის ბრძანებას დასცინი? - ჰკითხა გაოცებულმა მაქსიმემ, - ნუთუ ვერ ხვდები რა სატანჯველი მოგელის.

- ჰქენი რაც გინდა, მაგრამ მე მსხვერპლს არ შევწირავ კერპებს, და არ მეშინია სიკვდილისა, რომელიც კლავს ხორცს და არა სულს; სჯობს ღმერთის გეშინოდეს, ვიდრე ადამიანების.

- აირჩიე ან სიცოცხლე, ან სიკვდილი, - შესთავაზა მმართველმა, - აი ხედავ შენს საწამებლად გამზადებულ ძელსა და საწამებელ იარაღებს. შენს პასუხს ველოდები - რა გსურს?

წმინდა პროკლემ უპასუხა:

- თუ შენ ცდილობ, რომ მეფის ბრძანების დარღვევით თავს მცირე ხნის სატანჯველი არ მოაწიო, მით უმეტეს, ჩვენ, ქრისტიანებს გვეშინია, რომ ღვთის მცნებები არ დავარღვიოთ, და რწმენის მოღალატეებისათვის განკუთვნილი სასჯელი არ დავიმსახუროთ. რათა თაყვანი არ ვცეთ ცრუ ღმერთებს, რომელთაც თავიანთ თაყვანისმცემლებთან ერთად წარწყმედა მოელით.

- ნუთუ კადნიერდები და ჩვენს ღმერთებს დასცინი, მე გაიძულებ, რომ ჩვენს ღმერთებს თაყვანი სცე და მათი სიძლიერე აღიარო.

- მე კი მჯერა ჩემი ღმერთისა და ისე გავაკეთებ, რომ შენი მეომრებისა და მსახურთა წინაშე აღიარებ ჩემს მეუფეს და საკუთარი ხელით დაწერ: პროკლეს ღმერთი ჭეშმარიტია და მის გარეშე სხვა ღმერთი არ არსებობს.

გაბრაზდა მმართველი და მისი ბრძანებით წმინდა პროკლე შიშველი ხეზე ჩამოკიდეს, ფეხებზე მძიმე ქვები მოაბეს და რკინის კავებით სხეული დაუსერეს. დიდხანს სტანჯავდნენ წმინდა პროკლეს, ის კი ხმას არ იღებდა და ყველაფერს მხნედ დაითმენდა, შემდეგ კი ბორკილდადებული დილეგში ჩააგდეს. შემდეგ მმართველმა კალიპტოში წასვლა დააპირა და ბრძანა ცხენებზე უკან გამობმული წმინდა პროკლე წამოეყვანათ. ნახევარი გზა რომ გაიარეს, - წმინდანმა უფალს შეწევნა სთხოვა. წმინდა პროკლე ლოცულობდა და უეცრად მმართველი ერთ ადგილზე გაშეშდა. შეჩერდნენ მეომრებიც. ურტყამდნენ ცხენებს და ისინი ადგილიდან არ იძვროდნენ, უხილავ ხელებს შეეკრა მაქსიმეც. მაშინ მან თავის მსახურებს უთხრა:

- ხედავთ, ეშმაკი ქრისტიანის ჯადოქრულ ძალას, ეს რა გვიქნა, რომ ვერც წინ მივდივართ და ვერც უკან ვბრუნდებით?!

მაშინ მაქსიმემ თავის მსახურს ერმის უბრძანა შორს, უკან მომავალ მოწამესთვის ეთქვა:

- ეს რა გვიქენი, რომ შუა გზაზე გაგვაქვავე შენი ჯადოქრობით? ეტყობა ქალაქში წამების გეშინია და ეშმაკობით ცდილობ იქ აღარ წაგიყვანოთ.

წმინდა პროკლემ კი შეუთვალა მმართველს

- ჩემს ღმერთს ვფიცავ, რომ ადგილიდან ვერ დაიძვრებით, ვიდრე ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად არ აღიარებთ.

მერე კი მსახურს უთხრა, - ქრისტეს ღმერთად აღიარება ქარტიაზე დაწერონ, მომიტანე, და ამის შემდეგ წავალთ ქალაქ კალიპტოში.

სხვა რა გზა ჰქონდა, მაქსიმემ ქარტიაზე დაწერა: ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია პროკლეს ღმერთი და მის გარდა არ არსებობს სხვა ღმერთიო. როგორც კი ქარტია წმინდანს მიუტანეს, ცხენები ადგილიდან დაიძვრენ, და ჩავიდნენ კალიპტოში. მაქსიმე დაჯდა სასამართლოში და მოიხმო პროკლე და უთხრა:

- შენ გზაში ჩვენზე ჯადოქრობის ძალა აჩვენე, ახლა კი აქ მე ჩემი ხელმწიფების ძალას გაჩვენებ. გაიძულებ ჩვენი ღმერთების აღიარებას და მსხვერპლის შეწირვას.

მაშინ წმინდანს ანთებული სანთლებით მთელი სხეული მოუწვეს. მაგრამ წმინდა პროკლე ყველაფერს დაითმენდა და ეუბნებოდა მაქსიმეს, რომ არ დამორჩილდებოდა მას და არ შესწირავდა მსხვერპლს მის ღმერთებს. იგი მხოლოდ ქრისტეს ემორჩილებოდა.

- ნუთუ გინდა ტანჯვით მოკვდე? - ჰკითხა მმართველმა.

- თუ მოვკვდები, საუკუნოდ ვიცოცხლებ, - უპასუხა წმინდა პროკლემ.

რომ ვერაფერს გახდა, მაქსიმემ ბრძანა, წმინდა პროკლე ქალაქგარეთ ძელზე დაეკიდათ და ისრებით მოეკლათ. როცა წმინდა პროკლე მიჰყავდათ, გზაში მათ პროკლეს ძმისშვილი, ჭაბუკი ჰილარი (ილარიონი) შეხვდათ. როცა მიუახლოვდა, მან თაყვანი სცა და ეამბორა ბიძას. თან შეჰყვირა, - მეც ქრისტიანი ვარ!

ჯარისკაცებმა შეიპყრეს ჰილარი და საპყრობილეში ჩააგდეს, ხოლო წმინდა პროკლე ჩამოკიდეს ძელზე და ისრების სროლით მოკლეს. წმინდა პროკლემ სიკვდილის წინ ილოცა: - უფალო ხელთა შენთა ჩავაბარებ ჩემს სულს, მაცხოვნე მე, ჭეშმარიტო ღმერთო.

წმინდა პროკლე 12 ივლისს აღესრულა. მორწმუნეებმა მისი სხეული ჩუმად აიღეს და დაკრძალეს. ამ დროს წმინდა ჰილარი საპყრობილეში მე-17 ფსალმუნის სიტყვებს გალობდა. როცა ჩაეძინა, მას უფლის ანგელოზი წარმოუდგა და უთხრა:

- მხნე იყავ და გაძლიერდი, მე შენთან ვარ - უფალმა შენს გასაძლიერებლად გამომგზავნა.

პროკლეს აღსრულებიდან მესამე დღეს წმინდა ჰილარი საწამებლად მიიყვანეს. მმართველმა ჰკითხა:

- ქრისტიანი ხარ?

- დიახ, ქრისტიანი ვარ, მთელი ჩვენი გვარი ქრისტიანები იყვნენ და ქრისტეს გულისთვის ეწამნენ.

განრისხებული მაქსიმეს ბრძანებით, წმინდა ჰილარი შიშველი ხეზე ჩამოკიდეს და დიდხანს და სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ხელებშეკრული, დაწყლულებული და გასისხლიანებული ქალაქგარეთ გაათრიეს და თავი მოჰკვეთეს.

წმინდა ჰილარი 15 ივლისს გარდაიცვალა. წმინდანის სხეული იქვე დააგდეს. ღამე მორწმუნეებმა წმინდა ჰილარის სხეული აიღეს და წმინდა პროკლესთან ერთად ერთ საფლავში დაკრძალეს.

კონდაკი

მსგავსად ვარსკულავისა მის მთიებისა აღმოგვიბრწყინდა ჩუენ მოწამეთა პროკლეს და ილარიონის პატიოსანი ღუაწლნი განმანათლებელად ჩუენდა სასწაულთა ნათლითა; ამისთვის ვდღესასწაულობთ ხსენებასა მათსა და ვიტყვით: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რათა აცხოვნეს სულნი ჩუენნი.

ბეჭდვა
1კ1