წმინდა ღირსმოწამე ნექტარიოსი (+1820) - 11 (24) ივლისი
წმინდა ღირსმოწამე ნექტარიოსი (+1820) - 11 (24) ივლისი
წმინდა ღირსმოწამე მცირე აზიაში, ეფესოს ეპარქიაში, სოფელ ვურლაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა 1799 წელს. წმინდა ნათლისღებით ნიკოლოზი უწოდეს. 17 წლისა გახლდათ, მამა რომ გარდაეცვალა. ოჯახს ძალზე გაუჭირდა და დედამ ვინმე ჰუსეინ აღას მიაბარა აქლემების სამწყემსოდ. ამ დროს ეფესოს მხარეში ჭირი მძვინვარებდა. მოსახლეობა სოფლებს გაერიდა. ნიკოლოზის ბატონიც ოჯახთან ერთად ცალკე გაიხიზნა, თან ნიკოლოზიც წაიყვანა სხვა ექვს მსახურ ბერძენ ბიჭთან ერთად. მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს და აღამ დრო იხელთა და აცდუნა ბიჭები: "ჭირმა მარტო ქრისტიანები დახოცა; თქვენც ეგ გელით, თუ ალაჰს არ იწამებთო". საუბედუროდ, ამ გამოუვალ მდგომარობაში ჩავარდნილმა ყმაწვილებმა ბავშვური უგუნურებით უარყვეს ქრისტიანობა და ისლამი მიიღეს... ბიჭები წინადაცვითეს და თურქული სამოსით შემოსეს.

როცა ჭირი შეწყდა, გახიზნული ხალხი სახლებს დაუბრუნდა. სახლში დაბრუნდა ჰუსეინ აღაც, თავის მსახურებთან ერთად. ამასობაში ნიკოლოზმა შეიტყო, რომ დედა გადარჩენოდა და გახარებული შინისკენ გაიქცა. თურქულ სამოსში გამოწყობილი რომ დაინახა, დედა ყველაფერს მიხვდა და შვილს მრისხანედ უთხრა: "განვედ ჩემგან, ვეღარ გცნობ ვინ ხარო!" დედისგან უარყოფილი ნიკოლოზი გულადუღებული თავის მართლებას მოჰყვა, მუსლიმანობა მოტყუებით მიმაღებინესო, მაგრამ ქალი ამან უფრო განარისხა: "მე შენ ქრისტიანად გაგაჩინე და არა თურქად, განმეშორე და აღარ დამენახვოო!"

კეთილი დედის მრისხანე სიტყვებმა სულის სიღრმემდე შეძრა საცოდავი განდგომილი, შეიგნო სიმძიმე თავისი ცოდვისა და შერცხვენილმა დედას თვალებში ვეღარ შეხედა. ატირებული გაშორდა დედას, მაგრამ ჰუსეინ აღასთან აღარ დაბრუნებულა, სმირნაში, ბიძასთან გაეშურა. მისი უბედურების ამბავი რომ მოისმინა, ბიძამ ევროპული ტანსაცმელი გადააცვა, ფულიც მისცა და დაარიგა, კონსტანტინოპოლის გავლით რუსეთში წადი და იქ შეინანე შენი საქციელიო.

მართლაც, ბიძის რჩევით ნიკოლოზი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, იქიდან კი ვლახეთში, მაგრამ რუსეთში რატომღაც აღარ წასულა, სმირნაში დაბრუნდა და ბიძასთან მივიდა, მაშინ კი ბიძამაც არ მიიღო, რადგან მის რჩევას არ დაუჯერა და სახლიდან გააგდო.

მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა მონანული ცოდვილი. საბედნიეროდ, იმ დროს სმირნაში ერთი მთაწმინდელი მოძღვარი ჩამოსულიყო, ძალზე ღვთისმოშიში და სულიერად გამოცდილი. სმირნელმა ქრისტიანებმა ნიკოლოზი მას მიუყვანეს და სთხოვეს, სულიერად ემკურნალა მისთვის. მოძღვარმა აღსარება ათქმევინა განდგომილს, დიდხანს შეაგონებდა, მერე კი ურჩია, ათონის მთაზე წასულიყო და იქ ეღვაწა თავის ცხონებისათვის. ნიკოლოზიც სიხარულით დათანხმდა და მალევე დატოვა სმირნა. ათონზე ჩასულმა ნიკოლოზმა იქ ერთი თანამემამულე ბერი ნახა და დარჩენის უფლება სთხოვა. ბერმა სიყვარულით შეიფარა ყმაწვილი და განუსვენა. მერე კი ერთ გამოცდილ მოძღვარს ჩააბარა, რომელმაც მას ლოცვა წაუკითხა და მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთა იგი.

თანამემამულის კელიაში ყმაწვილმა გარკვეული ხანი დაყო. ნიკოლოზს გული საღმრთო სიყვარულით აღევსო, რწმენის ნაპერწკალი გაღვივდა მის სულში, გაძლიერდა და დიდ ცეცხლად აელვარდა. მან გადაწყვიტა, ქრისტეს სიყვარულისთვის, და უფლის უარყოფის სანაცვლოდ, სისხლი დაეღვარა და მოწამებრივად აღსრულებულიყო. მაგრამ მოძღვარი ურჩევდა, ასეთ დიდ საქმეს არ შესდგომოდა, ეუბნებოდა: ვაითუ, ვერ გაუძლო, შვილო, წამებას და ქრისტე მეორედ უარყო. დარჩი ათონზე და სულიერად გაძლიერდიო. მოძღვრის რჩევა კი მიიღო, მაგრამ სული მაინც არ დაუმშვიდდა. ამიტომაც საკუთარი თავის გამოსაცდელად დაყუდებული ცხოვრება მოისურვა, და მეტი სულიერი ღვაწლისთვის წმინდა ანას სკიტს მიაშურა, სადაც მისი თანამემამულე ბერი, მამა სტეფანე მოღვაწეობდა წმინდა სამების სახელობის კელიაში. მან გულთბილად მიიღო ყმაწვილი მოსაგრე თავის მოწაფედ. ბერად აღკვეცა და სახელად ნექტარიოსი უწოდა.

დიდ ღვაწლს მისცა თავი ნექტარიოსმა: ღამისთევას, ლოცვას, მუხლთადრეკას. საკვებად მხოლოდ პური და წყალი ჰქონდა. ბოროტმა ნორჩი მოსაგრის სათნოებათა ქმნაში წარმატება რომ იხილა, წინააღდგომა სცადა. ნექტარიოსის წინააღმდეგ მის გვერდით მცხოვრები ძმები აღძრა, რომლებიც ეშმაკის ზრახვას დაჰყვნენ - მოიძულეს იგი და სტეფანეს სთხოვეს საძმოდან გაეგდო. ღირსმა სტეფანემ ძმებს სიმშვიდისკენ მოუწოდა: ღვთის მონებს მრისხანება არ შეჰფერის და მადლობლები უნდა იყო, რომ მომავალი მოწამის გვერდით ცხოვრების ღირსნი შეიქენითო. ამ სიტყვებმა გაფანტა ბნელი და ბოროტის მზაკვრობაც განაქარვა. მას მერე ძმებმა შეიცვალეს ნექტარიოსზე აზრი და უკვე სიყვარულით ეპყრობოდნენ. გავიდა ხანი და ნექტარიოსიც განემზადა მოწამებრივი აღსასრულისთვის, გული მისი ღვთაებრივი ცეცხლით იწვოდა და უკვე აღარ შეეძლო მისი დათმენა. მან მოძღვარს სთხოვა, ამის ნება მიეცა. მამა სტეფანემ ეს საკითხი მარტომ ვერ გადაწყვიტა და რჩევა გამოცდილ მოძღვრებს ჰკითხა. ნექტარიოსის სიყმაწვილის შემხედვარეთ, ეშინოდათ, ვაითუ წამებას ბოლომდე ვერ გაუძლოსო. ყმაწვილი კი თავმდაბლად მიუგებდა: მე მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა მომეთხოვება, ყველაფერს საღმრთო მადლი დაასრულებს, მტკიცედ მწამს, რომ უფალი იესო ქრისტე შემეწევა, რომლის გულისთვის მზად ვარ სისხლი დავღვარო, მჯერა შემეწევა ჩვენი მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომლისადმი ურყევი რწმენა და სიყვარული მაქვსო.

როცა მისი მტკიცე სურვილი იხილეს, მამებმა აკურთხეს ნექტარიოსი მოწამებრივი აღსასრულისთვის. მამა სტეფანე კი თან გაჰყვა, რათა განსაცდელის ჟამს სულიერი შვილისთვის ნუგეში ეცა.

მოემზადნენ და წმინდა მამებისგან კურთხევამიღებულნი გაემგზავრნენ, მალე მიაღწიეს ნექტარიოსის სამშობლოს. ნექტარიოსი სამშობლოში დაბრუნდა, რათა სწორედ იქ დაეთხია სისხლი, სადაც უფალს თავის უგუნურობით უღალატა. შინ არც კი მისულა, თურქული სამოსი ჩაიცვა და მუსლიმანების დღესასწაულ ბაირამობამდე თავს ჭეშმარიტ მუსლიმანად აჩვენებდა. სამი დღის შემდეგ მსაჯულის წინაშე წარდგა: "ეფენდი, შენ ალბათ ფიქრობ, რახან თურქული ტანსაცმელი მაცვია, მუსლიმანი ვარ. ცდები, ქრისტიანად დავიბადე და ჭეშმარიტ ქრისტიანად ვრჩები, მწამს ჩემი გამომხსნელის - იესო ქრისტესი. სიყმაწვილეში მაშინ როცა მარჯვენას მარცხენასგან ვერ გავარჩევდი, აქაურმა ჰუსეინ აღამ მომატყუა ათასგვარი დაპირებით და ქრისტიანული რწმენა უარვყავი, ახლა კი უკვე სრულყოფილ ასაკს მიღწეულმა, მივხვდი ჩემს დანაშაულს. ამიტომაც მოვედი, რათა საქვეყნოდ ვაღიარო იგი, ვინც უარვყავი, მსურს, ჩემი დიდი დაცემა სისხლის დათხევით გამოვისყიდო, რათა წმინდა წარვდგე ზეციურ სასუფეველში.

მოიხადა ფესკა, მიწაზე დააგდო და ფეხით გათელა. მისმა სიმამაცემ განაცვიფრა ყადი, ხედავდა რა მის სიყმაწვილეს, ხორციელ სილამაზეს, ფერება და დარიგება დაუწყო, სხვადასხვა დაპირების შემდეგ, ჩუმად უთრა:

- შვილო, ვხედავ, ახალგაზრდა ხარ და გონივრულად ვერ განსჯი. ვფიქრობ, რომ ამას შენით კი არ ამბობ, ვიღაცამ გასწავლა; ასე რომ, წადი, კარგად მოიფიქრე და ნუ უღალატებ ალაჰს, თორემ საშინელი ტანჯვა მოგელის.


- ჩემი სიყმაწვილე ნუ განაღვლებს, - ღიმილით მიუგო ნექტარიოსმა, - შენ მარტო ბრძანე ჩემი წამება და ნახავ, ჩემი უფლის მიერ განძლიერებული როგორ დავითმენ სატანჯველს. მე უკვე დიდი ხანია ყველაფერი ავწონ-დავწონე, თორემ აქ არ მოვიდოდი ჩემი უფლის იესო ქრისტეს აღსარებისთვის და დასაწყევლად მაჰმადისა, ვითარცა ცრუსი და ძისა სატანისა.

ყადის ენანებოდა ტანჯვისთვის ყმაწვილი და უკან გაუშვა, - წადი და კიდევ ერთხელ დაფიქრდიო.

მეორე დღეს ნექტარიოსი კვლავ გამოცხადდა ყადის წინაშე და აღიარა ქრისტე მაცხოვარი: "ბატონო მსაჯულო! შენ გუშინ მითხარი, რომ კარგად მეფიქრა ჩემს მდგომარეობაზე. დღე და ღამე მაგაზე ვფიქრობდი და ჩემს აზრზე დავრჩი. უფრო შემემუსრა გული, უფრო მწარედ დავიტირე საკუთარი დაცემა და შევიზიზღე მუსლიმანთა რწმენა, როგორც ღვთის საწინააღმდეგო და წარწყმედისკენ წამყვანი.

მაშინ კი ყადის მოთმინებამ უღალატა და ბრძანა იმ მხარის ფაშასთან წაეყვანათ მოსაკლავად, და რადგანაც ფაშა სახლში არ იყო იმ დროს, წმინდა მოწამე დილეგში ჩააგდეს, ფეხებზე ხუნდები დაადეს და კისერზე მძიმე ჯაჭვი ჩამოჰკიდეს. დილეგში მის მოსანადირებლად მდიდარი მულიმანები მიდიოდნენ, და პატივსა და უთვალავ საგანძურს ჰპირდებოდნენ, ოღონდ ქრისტეს რწმენაზე უარი ეთქვა, მაგრამ წმინდა მოწამე მხნედ წინ აღუდგა განსაცდელს, ნექტარიოსისთვის ამქვეყნად უდიდესი სიმდიდრე ფეხებზე დადებული ხუნდები იყო და მათ არაფერზე გაცვლიდა.

ხუთი დღის შემდეგ ფაშა შინ დაბრუნდა და წმინდა მოწამე მას მიჰგვარეს. ფაშამ ჰკითხა:

- შენ ხარ ის, ვინც დილეგში ჩვენი რწმენის უარყოფისთვის ჩააგდეს, რომელიც მანამდე ნებაყოფლობით მიიღო?

- დიახ, მე ვარ.

- მერე ვინ გითხრა ეს სისულელე, რომ თითქოს ამგვარი კადნიერების გამო წმინდანი გახდები?

- ეს სისულელე კი არა ჭეშმარიტებაა, რომელსაც დაგვპირდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელიც შემიწყალებს მისი წმინდა სახელის აღსარებისთვის, ხოლო ჩემი სისხლის დაღვრით განმწმინდავს საძაგელი წინადაცვეთის-გან, რომელიც თქვენ მუსლიმანებმა ჩამიტარეთ.

- ნუთუ შენ, უწმინდურთან თვითონ ღმერთი ჩამოვიდა და დაგარწმუნა ამაში?

- დიახ, თვით ღმერთი გამოუცხადებს თავს მორწმუნეებს წმინდა წერილის მიერ.

ფაშამ ახლა ალერსით სცადა მისი მონადირება:

- ჩემო მეგობარო! გონს მოდი, შეიწყალე შენი სიჭაბუკე და კეთილმშვენიერება, დაიმარხე ჩვენი რწმენა და ჩემს ვაჟად აღგიარებ, და ყველა ჩემს ახლობელზე მაღლა დაგაყენებ. თუ არა და ვბრძანებ, რომ წამებით მოგკლან, როგორც ყველაზე უვარგისი ადამიანი.

- შენი სიმდიდრე, დიდება და პატივი, დაე შენ გექმნეს წარსაწყმედელად, - უპასუხა მოწამემ, - შენი ტანჯვის და დამცირების რომ არ მეშინია, იმიტომაც ჩაგბარდი. მიქენი რაც გინდა, ამ ქვეყანაზე არაფრის გულისთვის ქრისტეზე უარს არ ვიტყვიო.

მაშინ უკვე ფაშას ბრძანებით წინანდელზე უფრო დიდი ჯაჭვი დაადეს ქედზე, ფეხებიც შეუბორკეს. მაგრამ წმინდანი მხნედ დაითმენდა ტანჯვას, რამეთუ იესო ქრისტესადმი სიყვარული დათრგუნავდა ხორციელ ტკივილს. ამ დროს, მამა სტეფანე, სხვა ღვთისმოშიშ ქრისტიანებთან ერთად ევედრებოდა ღმერთს და ნექტარიოსის გამტკიცებას სთხოვდა; ზოგიერთი, უფრო მამაცები კი საპყრობილეში შეიპარნენ და მამა სტეფანეს გაგზავნილი უფლის წმინდა სისხლი და ხორცი გადასცეს, რომელთან ზიარებითაც მოწამე უფრო გაძლიერდა სულით. ამასობაში არც ფაშა კარგავდა დროს, ქალაქის ცნობილი ხალხი მიაგზავნა წმინდანთან, მაგრამ ნექტარიოსი არც მათ შეგონებას დაჰყვა. მაშინ უკვე ფაშამ ბრძანება გასცა, წმინდა ნექტარიოსი სასტიკად ეწამებინათ.

მრავალი სატანჯველი მიაყენეს წმინდანს: არგნით სცემდნენ, თავზე გავარვარებულ რკინის ქვაბს ადგამდნენ, აწამებდნენ... და ასე რამდენიმეგზის. წმინდანი გონებას კარგავდა... ჩააგდებდნენ საპყრობილეში, ის კი მეორე დღეს უფლის მიერ განკურნებული საღ-სალამათი წარუდგებოდათ ხოლმე.

ფაშა დაიბნა, მიხვდა თავის უძლურებას ამ ყმაწვილის რწმენის წინაშე და მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. იმავე დღეს მალკაზას მოედანზე წმინდა მოწამის უკვდავი სული აღფრინდა ზეციურ სავანეებში. წმინდა ნექტარიოსი 1820 წლის 11 ივლისს აღესრულა, მაშინ ის მხოლოდ 21 წლისა იყო.

მისი სხეული თურქებმა ამომშრალ ჭაში ჩააგდეს და მიწა და ქვები მიაყარეს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა ჭა გათხარეს, წმინდა ღირსმოწამის ცხედარი ამოასვენეს და დაინაწილეს - ნაწილი მამა სტეფანემ წააბრძანა ათონზე, ნაწილი ადგილობრივ ქრისტიანებს ერგოთ, ნაწილი კი - წმინდა ნექტარიოსის ღვთისმოშიშ დედას.

წმინდა ღირსმოწამე ნექტარიოსის ხსენებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აღნიშნავს.

ბეჭდვა
1კ1