ღირსმოწამე ნიკოდიმოსი (+1722) - 11 (24) ივლისი
ღირსმოწამე ნიკოდიმოსი (+1722) - 11 (24) ივლისი
წმინდა ნიკოდიმოსი დაიბადა ალბანეთში, დაბა ეელბანასში, ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახში. როცა ნიკოდიმოსმა სრულყოფილ ასაკს მიაღწია, მშობლებმა ის დააქორწინეს და შვილებიც გაუჩნდა. ნიკოდიმოსს მუდმივად ჰქონდა ურთიერთობა აგარიანელებთან და ყურანის დაპირებებმა გაიტაცა: მან აგარიანელთა გულის მოსაგებად უარი თქვა ქრისტეს რწმენაზე და ბოლოს ისე დაეცა ზნეობრივად, რომ მიუხედავად ახლობლების ცრემლებისა და დარწმუნებისა, მან შვილებიც გაათურქა, ერთის გარდა, რომელიც ქრისტიანებმა ათონის მთაზე გააპარეს. თუმცა ნიკოდიმოსმა როგორღაც შეიტყო ეს ამბავი და ათონზე გაემგზავრა, რათა შვილი მოეძებნა და შური ეძია მთაწმინდელებზე.

მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელსაც ყველას მოქცევა სურს, ნიკოდიმოსის ბედი სხვანაირად განაგო. შვილის ისლამზე მოქცევის ნაცლად ნიკოდიმოსი დიდ სინანულში ჩავარდა და დაუბრუნდა ქრისტეს. ათონის მთაზე ნანახმა შეძრა ქრისტესგან განდგომილის სული. მყუდროებამ, წმინდა მამათა მარხვა-ლოცვამ განაცვიფრა იგი: გაიხსენა ის დრო, როცა ქრისტიანი იყო. მწარედ ატირდა თავის მდგომარეობაზე. სინანულით მიმართა ღმერთს და შენდობა სთხოვა. მან ათონი აღარ დატოვა. წმინდა ანას სკიტში დღესაც გაჩვენებენ წმინდა ღირსმოწამე ნიკოდიმოსის მღვიმეს. ამბობენ, რომ მასში მოსაგრეობდა ღირსმოწამე ნიკოდიმოსი. იგი ამაღლების კალივაში აღკვეცეს მონაზვნად და იქ სამი წლის მანძილზე, მკაცრი მარხვით და ჭეშმარიტი სინანულით ყოველდღიურად დაიტირებდა საკუთარი განდგომილების ცოდვას. იგი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ამ მღვიმეში, მარხვით, ლოცვით და ცრემლთა დენით მოაუძლურებდა თავის სხეულს. ბოლოს ზოგიერთი მამებისგან ასეთი რამ გაიგონა: ვინც ქრისტეზე უარი თქვა კაცთა წინაშე, მათთვის ძალზე სასარგებლოა, რომ ისევ მათ წინაშე აღიაროს თავისი რწმენა და მანაც გადაწყვიტა მოწამებრივი სიკვდილით გამოესყიდა თავისი ცოდვა. ერთხელ ღამით მას ყოვლადწმინდა ღვთოსმშობელი გამოეცხადა, მას ხელთ ბროლის ჭურჭელი ეპყრა. უფლის დედამ უთხრა, რომ ცოდვები შეენდო, ამასთან ახალი ბრძოლისკენ მოუწოდა, რათა მოწამის მადლის მიღების ღირსი შექნილიყო. და ვიდრე უჩინო შეიქნებოდა, ბროლის ჭურჭლიდან ნიკოდიმოსს მწარე სასმელი შეასვა.

სულიერმა მოძღვარმა დაუდასტურა ხილვის ჭეშმარიტება და აკურთხა მოწამებრივ ღვაწლზე. მაგრამ, ნიკოდიმოსს ათონის დატოვება ღირსი აკაკი კავსოკალიველის უნახავად არ უნდოდა. წმინდა აკაკის სიტყვას დიდად აფასებდნენ იმდროინდელ ათონზე. ნიკოდიმოსი დაემხო ღირსი მამის ფერხთით, დიდხანს ტიროდა და სთხოვდა მისთვის ელოცა და ასევე ღვთის ნება გაემჟღავნებინა - რა ექნა თავისი სულისთვის, რომელსაც მოწამებრივი სიკვდილი ეწადა. ღირსმა მამამ ნიკოდიმოსი წამოაყენა და სახელით მიმართა, თუმცა ადრე არასოდეს ენახა. შემდეგ კი ლოცვა დაიწყო. იქ მყოფმა მონაზვნებმა დაინახეს თუ როგორ გადმოვიდა ზეციური სინათლე წმინდა აკაკიზე და სახე ხელთუქმნელი ნათლით გაუბრწყინდა. შემდეგ შემობრუნდა და ნიკოდიმოსს ჩუმად ყურში რაღაც უჩურჩულა. მაგრამ ნიკოდიმოსი მაინც რომ არ დაცხრა და ტირილს განაგრძობდა, ღირსმა აკაკიმ მას ბერდიდის კვერთხი გადასცა და უთხრა:

- წარვედ მშვიდობით, ღმერთი შეგეწიოს: ღვაწლს აღასრულებ და შენთვის მოწამის გვირგვინი უკვე იწნება ზეცაში.

ამგვარად, ღირსი მამისგან კურთხევამიღებული ნიკოდიმოსი გზას გაუდგა, მარხვისგან დაუძლურებული ძლივს მიდიოდა. წასვლის წინ მღვიმეში უფალი გამოეცხადა, გააძლიერა და უჩვენა სატანჯველნი, რომელშიც აგარიანნი შთაიყრებიან. უჩვენა ის განსაცდელები, რომელიც ნიკოდიმოსს ქრისტესთვის უნდა დაეთმინა. უჩვენა ის ადგილიც, სადაც მას თავს მოჰკვეთდნენ. უფლისგან ნუგეშინისცემულმა ნიკოდიმოსმა ათონის მთა დატოვა და სამშობლოში, ალბანეთში ჩავიდა. და იქ თავისი ნაცნობი თურქების წინაშე ხმამაღლა აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, ხოლო მაჰმადს ცრუ და მატყუარა უწოდა. თურქებმა ის ფაშას წარუდგინეს. აქ წმინდა ნიკოდიმოსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სარწმუნოება და დაამცირა ისლამი. გამძვინვარებულმა ფაშამ ბრძანა გიაური თავის სახლის მაღალ ტერასებზე დაეგორებინათ. იმედი ჰქონდა, რომ ცოცხალი არ დარჩებოდა. პირიქით კი მოხდა,წმინდა ნიკოდიმოსს არაფერი ევნო და კვლავ ფაშას წინაშე წარდგა. ფაშა ათრთოლდა, არ მოელოდა ამას. მერე გამძვინვარებულ ბრბოს გადასცა, რომელსაც წმინდა ნიკოდიმოსის სიკვდილი სწყუროდა. მათ წმინდა ნიკოდიმოსი სამი დღე აშიმშილეს და სხვადასხვანაირად აწამეს, ბოლოს კი როცა მიხვდნენ, რომ ვერ მოდრეკდნენ, თავი მოჰკვეთეს. წმინდა ნიკოდიმოსის წმინდა სხეული დღემდე უხრწნელია, კეთილსურნელებას აფრქვევს და განკურნებს მასთან ლოცვით და რწმენით მისულთ. წმინ¬და ნიკოდიმოსი 1722 წლის 11 ივლისს ეწამა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1