წმინდა მოწამე კინდევს ხუცესი (III-IV) - 11 (24) ივლისი
წმინდა მოწამე კინდევს ხუცესი (III-IV) - 11 (24) ივლისი
წმინდა კინდევსი მღვდელი იყო პამფილიაში (ქვეყანა მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე), სიდეს გვერდით მდებარე სოფელ ტილამენიაში. იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნა რომ წამოიწყო, მაშინ წმინდა კინდევსი შეიპყრეს და პრეფექტ სტრატონიკეს მიჰგვარეს. წმინდანმა მხნედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ის სასტიკად აწამეს: ჩააცვეს ჩექმა, რომელსაც ლურსმნები შიგნით ჰქონდა ამოჩრილი და აიძულეს წასულიყო, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. როცა დასასჯელად მიჰყავდათ, გზაში შეხვდნენ ტყისმჭრელს, რომელსაც საკმაოდ მძიმე შეშის შეკვრა ზურგით მიჰქონდა. მხედრებმა მისთვის შეშის წართმევა მოინდომეს. მაგრამ წმინდანი ჯიუტად სთხოვდა, გლეხისთვის საფასური მიეცათ. წმინდა მოწამემ ჯიბიდან 30 სპილენძის მონეტა ამოიღო და გაუწოდა დამაშვრალ მუშაკს, მერე ზურგზე მოიგდო გუდურა და დასჯის ადგილას წაიღო. როცა კოცონი გაჩაღდა, ქრისტეს მხედარი თვითონ შევიდა ცეცხლში და იქიდან უქადაგებდა წარმართებს სახარებას, და იმავ დროს არაფერი ევნებოდა. უეცრად ცა ღრუბლებით დაიფარა, მოიქუფრა და საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. წვიმა საცაა, კოცონს ჩააქრობდა. მაგრამ წმინდანმა შესთხოვა უფალს და მაშინვე ღრუბლები გადაყარა და წმინდა კინდევსიც წარვიდა უფალთან. ამ სასწაულს შეესწრო წარმართთა მღვდელი, მან ქრისტე იწამა და ცოლი დაარწმუნა მის მაგალითს მიჰყოლოდა. ამასობაში დიაკვანმა ორესტემ, რომელიც წარმოშობით ლიკაონიის (პამფილიის ჩრდილოეთით მდებარეობს) სოფელ უმანადიდან იყო. მან წმინდანი ხელში აიყვანა და უეცრად სასწაულებრივად სულიწმიდამ იგი აიტაცა, როგორც ერთ დროს წინასწარმეტყველი ამბაკუმი და ლიკაონიაში აღმოჩნდა, სადაც წმინდა მოწამე დიდი პატივით დაკრძალა.

ბეჭდვა
1კ1