ხსენება 45-თა მოწამეთა, სომხეთის ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა (+319) – 10 (23) ივლისი
ხსენება 45-თა მოწამეთა, სომხეთის ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა (+319) – 10 (23) ივლისი
საუკუნის დასაწყისში ლიცინიუსმა (307-324 წლები) მთელ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ქრისტიანებზე ჟინიანი ნადირობა იწყო.

ამ დროს, დაახლოებით 319 წელს, პრეფექტი ლისიუსი სომხეთს იმათ გამოსავლენად და დასასჯელად ჩავიდა, ვინც საიმპერატორო ბრძანების უგულებელყოფას გაბედავდა.

ქალაქის უწარჩინებულესი ადამიანები - ლეონტი, მავრიკიოსი და დანიელი სხვა ორმოც მორწმუნესთან ერთად ნებაყოფლობით წარდგნენ მის წინაშე და უშიშრად აღიარეს, რომ ქრისტეს ესავდნენ.
ლეონტიმ პრეფექტს განუცხადა, რომ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდნენ, რამაც ფრიად განარისხა ლისიუსი და მათთვის ყბების ქვებით დალეწვა ბრძანა.

ამ სასჯელის შემხედვარე სხვა ქრისტიანებმა უსჯულო ჯალათთა შეჩვენება იწყეს, რის პასუხადაც ლეონტი ეტყოდა:

- ძმანო, იმათ ნუკი საყვედურობთ, ვინაც საკუთარ თავზე მოიწვია საუკუნო წყევლა, არამედ ილოცვიდეთ მათთვის!

მათი სიმტკიცის გატეხვა ლიცინიუსმა ათასგვარი დაპირებით შეეცადა, რაზეც პასუხად ოდენ დაცინვა მიიღო.

მაშინ მტარვალმა მათი ჯურღმულში გამოკეტვა ბრძანა და საშინელი სიცხის მიუხედავად, მათთვის წყლისა და საკვების მიწოდება ყველას აუკრძალა, ლეონტი კი თანამოძმეთ განამტკიცებდა და წინამორბედ მოწამეთა ღვაწლს შეახსენებდა.

ერთმა ბანოვანმა, სახელად ბასილამ (ბასიანამ) დარაჯთა სიფხიზლის მოდუნება შეძლო და მარტვილთ წყალი შეუგზავნა.

მომდევნო დღეს მოწამენი კვლავ წარუდგნენ მსაჯულს, რომელმაც საშინელი ტანჯვა მიუსაჯა - ჯალათთ მათთვის ჯერ ტყავის გაძრობა უბრძანა, შემდეგ - იარების თიხის იარაღებით გახეხვა.

მარტვილნი უხმოდ დაითმენდნენ ენით უთქმელ ტკივილს, დღის ექვს საათამდე რომ გაგრძელდა, შემდეგ კი - კვლავ სატუსაღოს გამოამწყვდიეს, ბასილა კი მოწამეთ განამტკიცებდა.

ღამით ღვთის ანგელოზი გამოეცხადათ, რომელმაც აუწყა, რომ ტანჯვის დასასრული ახლოს იყო და მათი სახელები ზეცაში ეწერა.

ამ გამოცხადებას ციხის მცველნი, ბირილადე და მენევსი შეესწრნენ, მოწამეთა წინაშე დაემხნენ და ღმერთი ადიდეს.

ეს ამბავი მალევე ამცნეს ხელისუფალს, რომელიც ისე გაცოფდა, ღრიალით ზეცა თავზე დაიმხო, მერმე ორმოცდახუთი მოწამის მიგვრა ბრძანა, ხელნი და ფეხნი ნაჯახით დააჭრა, ბოლოს კი ყველა გავარვარებულ ღუმელში შეაყრევინა და მდინარეს მისცა.

კეთილმორწმუნე ქრისტიანებმა მათი წმინდა ნაწილნი მდინარიდან კრძალვით აღმოიყვანეს და ნიკოპოლს გადააბრძანეს.

ეს მარტვილნი ქალაქის მფარველებად ითვლებიან.

ტროპარი

მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლსა შინა თუისსა გუირგუინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ-მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი

სატანჯველთა მრავალთა მიეცენით ქრისტესთუის, მოწამენო, და სამსახურებელნი იგი კერპთანი დაამხუენით, და დაარღუიეთ ყოველივე უღმრთოებისა საცთური ძალითა ქრისტესითა, და დასთრგუნეთ, და ჩუენ ყოველთა სარწმუნოდ და ცხადად გუასწავეთ გალობად: ალილუია.

ბეჭდვა
1კ1