მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV) - 09 (22) ივლისი
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV) - 09 (22) ივლისი
მღვდელმოწამე კირილე III საუკუნეში მოღვაწეობდა. მთელი მისი ცხოვრება ღვთივრჩეულობის ნიშნით იყო აღბეჭდილი.

ერთხელ, ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულს, ღამით ზეგარდმო ხმა ესმა, რომში წასვლას რომ უბრძანებდა, გამთენიისას კი იხილა, რომ სატუსაღოს კარი განხმულიყო და დამხობილი კერპების ნამსხვრევებიც იქვე ეყარა.

რომის გზაზე კირილეს ღირსი ფილოქსენე ეჩვენა, რომელმაც ამცნო, რომ ორ - სამღვდელმთავრო და მოწამებრივ გვირგვინს უმზადებდა უფალი.

იმპერიის დედაქალაქში ნეტარმა მამამ სახარების ქადაგებით დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას. შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წმინდანმა გადაწყვიტა, იერუსალიმს წასულიყო იქაური ქრისტიანების გასამხნევებლად.

წმინდა მიწისკენ მიმავალს, კვლავ ზეგარდმო ეუწყა, კუნძულ კრეტაზე წასულიყო. ისიც დაჰყვა ღვთაებრივ ნებას და კრეტის ქალაქ ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

ნეტარი მღვდელმთავარი დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მადლმოსილი სიტყვით ბევრი სული იხსნა. ამგვარი ღვაწლისთვის მხცოვანი მეუფე სამსჯავროზე წარადგინეს და ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს.

წმინდა მამამ მტკიცედ იუარა, რის გამოც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა აგიზგიზებულმა კოცონმა ღვთის რჩეულ ჭურს ვერაფერი ავნო, თავად მსაჯულმაც ადიდა უფალი და სიკვდილმისჯილი გაათავისუფლა.

კირილე ძველ ღვაწლს დაუბრუნდა: კვლავ დაუცხრომლად ქადაგებდა, მაგრამ გამუდმებით წუხდა იმის გამო, რომ ქრისტესთვის მარტვილობის ღირსი ვერ შეიქნა.

გარკვეული ხნის შემდეგ მმართველს მოახსენეს, - კირილეს ხელი არ აუღია თავის საქმიანობაზე, - ხალხს ისევ მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო.

უსჯულოებმა უფლის რჩეული დაატუსაღეს და ამჯერად თავის მოკვეთა მიუსაჯეს.

როცა განაჩენი მოისმინა, ფრიად განიხარა მღვდელმთავარმა, უფალს მადლობა შესწირა და თავი ნებით მოუდრიკა მახვილს.

ეს დეციუსის (249-251 წლები), სხვა ცნობით კი - მაქსი¬მიანეს (284-305; 307-310 წლები) ზეობისას მოხდა.

წმინდა კირილე ჰორტინელის ხსენება წელიწადში ორ¬ჯერ აღესრულება: 9 ივლისსა და 6 სექტემბერს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1